ფეხბურთი

0:25 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდული მუნდიალი ევროპელთა მოგებებით გაიხსნა

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელი თურქეთში მიმდინარეობს, ევროპული გუნდების მოგებებით დაიწყო. ჩატარებული 4 თამაშიდან სამში ევროპელებმა იმარჯვეს, ხოლო მეოთხეში, რომელშიც ბებერი კონტინენტის წარმომადგენელი არ მონაწილეობდა, სამხრეთ კორეამ  კუბას სძლია.

არგენტინისა დამოქმედი ჩემპიონის, ბრაზილიის ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩენის გამო, ტურნირის მთავარი ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია, რომელიც ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მომგები გუნდის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. „ფურია როხას“ მთავარ მოწინააღმდეგედ ფრანგი ახალგაზრდენი ითვლებიან. ეს გუნდები A ჯგუფში ერთად მოხვდნენ და ტურნირი ორივე მათგანმა იოლი გამარჯვებით დაიწყო.

ესპანეთი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დაუპირისპირდა და „ბარსელონასა“ და „რეალის“ შემტევების კარგი თამაშის წყალობით იმარჯვა. მე-5 წუთზე, კატალონიური კლუბის ფეხბურთელის, ჟერარ დეულოფეუს მიერ მარჯვენა ფლანგიდან ძალიან კარგად ჩაწოდებას „რეალის“ თავდამსხმელის, ხესეს ზუსტი დარტყმა მოჰყვა. 42-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით, ლამაზი გოლი დეულოფეუმ გაიტანა. ორ წუთში, „ატლეტიკოს“ მარჯვენა მცველის, ხავი მანკილიოს კარგი თამაშის შემდეგ, ხესემ დუბლი გაიფორმა, ხოლო 61-ე წუთზე, კარგი გადაცემა უკვე  „სევილიას“ 20 წლის მარცხენა მცველმა, ხოსე ანხელ კამპანიამ გააკეთა, რომელმაც დეულოფეუს გაატანინა. ამერიკელებმა პრესტიჟის გოლი 77-ე წუთზე, მას შემდეგ გაიტანეს, რაც საჯარიმოს წინა ხაზიდან გილმა ბურთი მეკარისგან შორეულ ზედა კუთხეში გაგზავნა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, განასთან 3:0 დაწინაურება მოახერხა საფრანგეთმა. 66-ე წუთზე, დინემ აუტიდან ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა და უმეთვალყურეო კონდოგბიამ თავით ზუსტად დაარტყა. ორ წუთში, კონდოგბიას გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა სანოგომ მეკარეს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა, ხოლო 79-ე წუთზე, ნგადოს გარჯა ბაებეკმა დაუფასა, რომელმაც აფრიკელთა კარი ძალიან ზუსტი დარტმყით აიღო. ესპანელთა მსგავსად, კარის მშრალად შენახვა ვერც ფრანგებმა მოახერხეს. 85-ე წუთზე, ბაბას მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, გოლი ბოაკიემ გაიტანა.

პირველ ტაიმში მოპოვებული სოლიდური უპირატესობის მიუხედავად, 3 ქულის აღება გაუჭირდა პორტუგალიას, რომელმაც ნიგერიას 3:2 სძლია. 30-ე და 34-ე წუთებზე, მეტოქე გუნდის დაცვის ჩავარდნის შედეგად, ევროპელთა მხრიდან თავი ბრუმამ და გომესმა გამოიჩინეს. 57-ე და 67-ე წუთებზე, ნიგერიელთა ნახევარმცველმა, აბდულ აჟაგუნმა 2 ეფექტური გოლი გაიტანა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-2 მათგანი, როდესაც 20 წლის ფეხბურთელმა ბურთი საჯარიმოს მარცხენა კუთხეს სიახლოვეს მიიღო და მოჭრილი დარტყმით, მას ადგილი მეკარისგან შორეულ კუთხეში მიუჩინა. პორტუგალიელებმა კვლავ წინ გასვლა 2 წუთში მოახერხეს, როდესაც რიკარდო ეჟგაიოს კარგი გადაცემა გოლად ბრუმამ აქცია.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც ანგარიშის გახსნის მიუხედავად წააგო, კუბაა. რაულ გონსალესის შეგირდებმა გოლი მე-7 წუთზე გაიტანეს, მაგრამ მე-2 ტაიმში ორჯერ გაშვების შედეგად, 3 ქულა სამხრეთ კორეელებს დაუთმეს.

 

A ჯგუფი

საფრანგეთი-განა 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 კონდოგბია (66), 2:0 სანოგო (68), 3:0 ბოაკიე (79).

 

აშშ-ესპანეთი 1:4 (0:3)

გოლები: 0:1 ხესე (5), 0:2 დეულოფეუ (42), 0:3 ხესე (44), 0:4 დეულოფეუ (61), 1:4 გილი (77).

 

B ჯგუფი

კუბა-სამხრეთ კორეა 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 რეიესი (7), 1:1 ჩან-ჰონ კვონი (51, პენ), 1:2 შეიუნ-ვო რიუ (84).

 

ნიგერია-პორტუგალია 2:3 (0:2)

გოლები: 0:1 ბრუმა (30), 0:2 გომესი (34), 1:2 აჟაგუნი (57), 2:2 აჟაგუნი (67), 2:3 ბრუმა (69).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170535