ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ბოლო საშინაო შეხვედრა გორში ჩაატარა და როგორც წინა მატჩში სლოვაკებთან ვერც ამჯერად მოიგო. ის კი არა, საგრძნობლად სახეცვლილი ალექასანდრე ჩივაძის კრებული შეხვედრის მსვლელობისას მარცხდებოდა და საბოლოოდ, მხოლო ქულას დასჯერდა.
მე-5 წუთზე, საქართველოს ნაკრებმა მარჯვენა ფლაგიდან შეუტია და ლაშა პაპუნაშვილის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში კართან ახლოს მყოფმა ბუდუ ზივძივაძემ უხეიროდ დაარტყა.
Mმე-14 წუთზე, სტუმართა თავდამსხმელმა ჯეფ ლესცაკმა მასპინძელთა ცენტრალური მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა და კარიდან გამოსულ გიორგი ნადირაძეს ბურთი თავს ზემოთ მშვიდად გადაუგდო -0:1.
21-ე წუთზე, მარჯვნიდან არჩილ ტვილდიანის ჩამოწოდების შემდეგ, შორეულ ძელთან მყოფმა თედორე გრიგალაშვილმა თავით სახიფათოდ დაარტყა და ლუქსემბურგელთა მეკარემ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. 24-ე წუთზე, ნიკა კვეკვესკირმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და მეტოქის კარის წინ ბურთი გიორგი პაპავას დარჩა, რომელმაც შემოტრიალებით დაარტყა და ჯოე ფრიზინგმა ისევ იყოჩაღა.
საპასუხო შეტევაში დეივიდ სინანი მარცხენა ფლანგზე ორ მოწინააღმდეგეს გასცდა და საჯარიმნოში შესულმა პასი გომესს გაუკეთა, რომელმაც ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ დაარტყა, თუმცა, სტუმართა შეტევა გაგრძელდა და ქართველმა მცველებმა სიტუაცია დიდი გაჭირვებით განმუხტეს.
39-ე წუთზე, კვეკვესკირის პასის შემდეგ, ჯაბა ჯიღაურმა ბურთი მკერდით მიიღო, ორ მეტოქეს გასცდა და მეტოქის საჯარიმოში შესულმა მეკარისგან მარჯვენა კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:1.
43-ე წუთზე, ჯიღაურმა საჯარიმოს ფარგლებს გარედან ძლიერად დაარტყა და ფრიზინგმა ბურთი უხერხულად მოიგერია. მალევე, გიორგი ფანცულაიამ მარცხენა ფლანგიდან შეუტია და მეტოქის საჯარიმოში ზივზივაძე მოძებნა, რომელმაც მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა და ლუქსემბურგელთა მეკარემ ამჯერად დამაჯერებლად ითამაშა.
56-ე წუთზე, ფანცულაია სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა, გზად გვერდი ერთ მცველს აუარა და მახვილი კუთხიდან მის მიერ დარტყმული ბურთი ფრიზინგმა მოიგერია.
66-ე წუთზე, მარჯვნიდან ლუქსემბურგელების საჯარიმოში პაპავამ ჩამოაწოდა და ბურთი რომელსაც ფანცულაია ვერ მიწვდა, საბა ლობჟანიძეს მიუვიდა, რომელმაც ერთი შეხებით მარცხენა კუთხიდან უზუსტოდ დაარტყა,
70-ე წუთზე, სინანმა საჯარიმო შეასრულა მარჯვენა ფრთიდან და შეყრილაძემ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, ხოლო დამატებაზე კრისტოფერ მარტინსმა გაიტანა, თუმცა, მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, რადგან სტუმარი ფეხბურთელის მხრიდან მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა.
78-ე წუთზე, კვეკვესკირმა საჯარიმო შეასრულა და ფრიზინგმა ბურთი ხელებში მეორე ცდაზე დააფიქსირა. 85-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში ჯიღაური მარჯვნიდან შეიჭრა და დაარტყა, კარში წასული ბურთი ბენ ფოგელმა კუთხურზე მოიგერია. ამ ეპიზოდში ჯიღაური მსაჯს ანიშნებდა, რომ ლუქსემბურგელმა ფეხბურთელმა ხელით ითამაშა. 90-ე წუთზე, სტუმართა ცენტრალური მცველები საჯარიმოში შეცდნენ, რითაც ჯიღაურმა ვერ ისარგებლა და გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
მატჩის შემდეგ:
ალექსანდრე ჩივაძე: ერთადერთი პლიუსი შეიძლება ის იყოს, რომ საქმეში ახალგაზრდა ფეხბურთელები ვნახეთ. შედეგით უკმაყოფილო ვარ.
- ძალიან ბევრ რგოლში თამაშის ხარისხი არადამაკმაყოფილებელი იყო...
- თქვენ იცით, რომ ეროვნულ ახალგაზრდულ ნაკრებებს სულ ორი დღე აქვთ, რომ შეიკრიბონ. გუშინ შემოგვიერთდნენ ძალამიძე და არაბული. ფეხბურთელები შეუთამაშებლები არიან. ისინი ორი დღით ადრე ჩამოდიან და ფიზიკურ კონდიციებსაც ვერ შევუმოწმებთ. დამოკიდებული ვართ ფეხბურთელების პროფესიონალიზმზე. თამაშის წინ მათ ვუთხარი, რომ ლუქსემბურგი მეორე ნომრად ითამაშებდა. როდესაც ფეხბურთელი ფიზიკურად მზად არაა, რომელ ტაქტიკაზეა საუბარი.
- ესე იგი მთავარი მიზეზი შეუთამაშებლობა და ფიზიკური მომზადებაა?
- ზოგიერთი ფეხბურთელი არ იყო იმ კონდიციაში, რაც საჭიროა. დიდი იმედი გვქონდა ბაჩანა არაბულის, რომელსაც გუშინ ღამე ტემპერატურამ აუწია და ვერ ვათამაშეთ. ფეხბურთელებთან საუბარი მქონდა და მათ ვუთხარი, რომ მომავალში თუ მზად არ იქნებიან, სჯობს არ ჩამოვიდნენ.
რეინჰოლდ ბრეუ: “ძალიან დაძაბული თამაში იყო. ცხადია, შემატყობდით, რომ ბედნიერი ვარ. წინა მატჩი ძველი გუნდით ჩავატარეთ, ხოლო ამ თამაშზე ახალი მოთამაშეები მოვიწვიეთ, რომლებიც აქამდე ლუქსემბურგის 18 და 19-წლამდე ნაკრებებში გამოდიოდნენ. კარგი თამაში გამოვიდა. ჩემი გუნდის სათამაშო დისციპლინით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, სადაც გოლი გავიტანეთ და კიდევ გვქონდა გატანის შანსი. მეორე ტაიმში ვხედავდით, რომ უკვე ემოციურად ვიქცეოდი, ეს ფეხბურთელების მხრიდან სათამაშო დისციპლინის დარღვევის გამო იყო. საქართველო კარგი გუნდია. ჩვენ უფრო კომპაქტურად ვთამაშობთ და აქცენტს გუნდურ თამაშზე ვაკეთებთ. საბოლოო ჯამში ჩემი გუნდით კმაყოფილივარ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მოედანზე მსაჯი უფროსია და ამჯერადაც ამას გავიმეორებ”.
საქართველო – ლუქსემბურგი 1:1 (1:1)
საქართველო: ნადირაძე, ტვილდიანი, თედორე გრიგალაშვილი, უბილავა, კვეკვესკირი (კ), პაპავა (ენდელაძე, 81), პაპუნაშვილი, ჯიღაური (ტარყაშვილი, 90+2), ძალამიძე, ზივზივაძე (საბა ლობჟანიძე, 55), ფანცულაია.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.
ლუქსემბურგი: ფრიზინგი (კ), სანტოსი, სპელერი, ფოგელი, დრაგოვიჩი, დენის აგოვიჩი, მარტინსი, ლესცაკი (დეიდა, 61), სინანი (მერშჩი, 79), ედის აგოვიჩი (ტოდოროვიჩი, 46), გომესი.
მთავარი მწვრთნელი: რეინჰოლდ ბრეუ.
გოლები: 0:1 ლესცაკი (14), 1:1 ჯიღაური (39)
გაფრთხილება: მარტინსი (71), დენის აგოვიჩი (73), დრაგოვიჩი (89)
მთავარი მსაჯი: ანატოლი ვიშნიჩენკო (ყაზახეთი)
| 1 | სლოვაკეთი | 6 | 4 | 1 | 1 | 17:6 | 13 |
| 2 | ჰოლანდია | 4 | 3 | 1 | 0 | 13:2 | 10 |
| 3 | საქართველო | 7 | 2 | 2 | 3 | 8:13 | 8 |
| 4 | შოტლანდია | 5 | 2 | 1 | 2 | 7:8 | 7 |
| 5 | ლუქსემბურგი | 6 | 0 | 1 | 5 | 2:18 | 1 |







