17 დეკემბერს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის დარბაზი ქართულ ჭიდაობაში 2009 წლის სეზონის დასკვნით ტურნირს – “ფალავნობას” უმასპინძლებს.
საქართველოს ფალავნის ტიტულის მოსაპოვებლად ჩოხებს უძლიერესი ქართველი მოჭიდავეები მოირგებენ. მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური, სამბოში მსოფლიოს ჩემპიონები - მინდია ბოდაველი და მირიან პავლიაშვილი, საქართველოს ჩემპიონატისა და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული ძიუდოისტები - ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი, დავით ლორიაშვილი და 8-გზის ფალავანი ალექსი დავითაშვილი. წინასაშეჯიბრო პრესკონფერენცია დღეს, სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზში გაიმართა. იქვე, დამსწრეთ ახალი საჭიდაო ფორმები წარუდგინეს. პრესკონფერენციის მიწურულს კი 2009 წლის სიმბოლური ნაკრებიც დაასახელეს.
“ეს სეზონი ქართული ჭიდაობისთვის საკმაოდ წარმატებული იყო. ბევრი ტურნირი ჩავატარეთ და პროგრესიც სახეზეა. უმთავრესი ტურნირი კი წინ გვაქვს და იმედია, წლის დამაგვირგვინებელი სანახაობა ყველაზე შთამბეჭდავი გამოვა. “ფალავნობის” მონაწილეები ახალ, მკლავებიანი ჩოხებს მოირგებენ. სწორედ ასეთი ფორმით ჭიდაობდნენ ჩვენი წინაპრები, ჯერ კიდევ საუკუნის წინ. უმკლავებო ჩოხას კი 75-წლიანი ისტორია აქვს. ტრადიციის აღდგენით ძიუდოსა და სამბოსაც მეტად მივეხმარებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მკლავებიანი ჩოხა ისევ უმკლავებოთი აღარ შეიძლება შეიცვალოს. თუ დავინახავთ, რომ ამ ცვლილებამ არ გაამართლა, ახალ გადაწყვეტილებასაც უმალ მივიღებთ. ცვლილებები ტურნირის ჩატარების სისტემაშიც განვახორციელეთ. მომავალ შეჯიბრში რეპეშაჟის წესს ავამოქმედებთ, რათა საწყის ეტაპზე დამარცხებულმა ძლიერმა მოჭიდავეებმა მედლის მოპოვების შანსი შეინარჩუნონ. ტატამზე ორმოცამდე მოჭიდავე გავა. თავისუფლად შეგვეძლო, მონაწილეთა რაოდენობა კიდევ ბევრით გაგვეზარდა, მაგრამ აქცენტი ხარისხობრივ მხარეზე გავაკეთეთ. წინასწარი გეგმით, ეს შეჯიბრი 9 დეკემბერს უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ საბოლოოდ, იმ ძიუდოისტების თხოვნა გავითვალისწინეთ, რომელთაც საქართველოს ნაკრების სახელით ტოკიოს დიდ სლემზე იჭიდავეს” – განაცხადა ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა უშანგი ყურაშვილმა.
ტურნირის მთავარი მსაჯი თემურ ხუბულური იქნება. გადამწყვეტი შეხვედრების ტატამის მსაჯების ვინაობა კი, იმ ბრძოლების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდება ცნობილი.
“ფალავნობა 2009”-ის ორგანიზატორები პირდაპირი ტელერეპორტაჟის მოწყობის თაობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან აწარმოებენ მოლაპარაკებას და თუ შეთანხმდნენ, ტელემაყურებლები სულ ცოტა, ნახევარფინალებსა და ფინალს მაინც იხილავენ.
დაბოლოს, საქართველოს 2009 წლის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა:
60 კგ – მიხეილ ოსაძე
70 კგ – მიხეილ ხომიზური
80 კგ – უჩა ხუციშვილი
90 კგ – პაატა ღვინიაშვილი
100 კგ – ზურაბ ზვიადაური
+100 კგ – ალექსი დავითაშვილი
მწვრთნელი: ანზორ თენაძე
ოთარ მაღლაკელიძე







