ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2014 წლის შეჯიბრების კალენდარი გამოაქვეყნა. მასში წინა წლის კალენდართან შედარებით ერთადერთი ცვლილებაა – თბილისის გრან-პრი, რომელსაც სპორტის სასახლე 21-23 მარტს უმასპინძლებს.
საერთაშორისო ტურნირების სეზონი 1-2 თებერვალს, ევროპის ღია პირველობით გაიხსნება, მაგრამ ჯერ უცნობია, სად ჩატარდება შეჯიბრება, რომელიც აქამდე საქართველოსი იყო, ვიდრე საერთაშორისო ფედერაციამ გაცილებით მაღალი სტატუსი არ მოგვანიჭა. სეზონის პირველ ევროტურნირს 8-9 თებერვალს ტრადიციული პარიზის გრან-სლემი მოჰყვება.
რაც შეეხება სეზონის უმთავრეს პირველობებს: ევროპის ჩემპიონატი 24-27 აპრილს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ჩატარდება, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატი – 25-31 აგვისტოს, რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში.







