საქართველოს ახალი ფალავანი ჰყავს. ტრადიციულ ქართულ ჭიდაობაში 2009 წლის სეზონის უმთავრესი ტურნირი მძიმეწონოსანი ძიუდოისტის, მცხეთელი ადამ ოქრუაშვილის გამარჯვებით დასრულდა. გუშინ შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის ტატამზე 24 მოჭიდავე გავიდა. მათ შორის რეკორდსმენი, 8 გზის ფალავანი, ახმეტელი ალექსი დავითაშვილი. ცხადია, უმთავრესი ფავორიტიც ის იყო, მაგრამ მიზნამდე ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა.
ოქროს მედლის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. დავითაშვილმა საფირმო ილეთის გაკეთება სცადა, მაგრამ ფეხი რიგიანად ვერ ამოუსვა, ოქრუაშვილი კი მიაწვა და ბეჭებზე დასცა. ფინალის ძირითადი 5 წუთი ისე გაილია, ვერც ერთმა მძიმეწონოსანმა ქულის აღება ვერ მოახერხა. ქართული ჭიდაობის წესების თანახმად, ამის შემდეგ 3-წუთიანი რაუნდი უნდა დანიშნულიყო, მისი ფრედ დასრულების შემთხვევაში კი გადაწყვეტილება მსაჯებს მიეღოთ, მაგრამ ორგანიზატორებმა წესები შეცვალეს, აქაოდა ფალავანმა ილეთი უნდა შეასრულოს, თუნდაც ამისთვის 1 საათი დასჭირდესო. ადამმა დამატებითი დროის მეორე წუთზე იმარჯვა და ტიტულთან ერთად საჩემპიონო თასსა და 5 ათას ლარს დაეუფლა. ექსფალავანს 2 ათასი ერგო.
საჩემპიონო გზა ადამ ოქრუაშვილმა ახალგაზრდა ვაჟა დაბრუნდაშვილით დაიწყო, რომელიც თბილისის სახელით ჭიდაობდა. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონ სამბისტს, ახმეტელ მირიან გონჯილაშვილს დამატებით დროში აჯობა, თელაველ ვალერი იმერლიშვილს წმინდად მოუგო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამარჯვება კი ნახევარფინალში იზეიმა - ფიზიკურად ერთი თავით მაღალი, თელაველი ზვიად ხანჯალიაშვილი ხელში ორჯერ აიტაცა. პირველად ქულიანი ილეთი იკმარა, მეორედ კი მეტოქე ბეჭებზე დასცა. ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, უშანგი ყურაშვილის თქმით, 2009 წლის ფალავანს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭება.
ალექსი დავითაშვილს გაცილებით მძიმე ბრძოლების გადატანა მოუხდა. საჩხერელი ონისე ბუღაძის დამაჯერებლად ძლევის შემდეგ გორელ გიორგი ბოლოთაშვილს ძირითად და დამატებით დროში ვერაფერი მოუხერხა და ჰანტეიში აჯობა, ახმეტელ თამაზ მუთოშვილს დამატებით დროში აუღო მომგებიანი ქულა. ხოლო ფინალის საგზური მარნეულის სახელით მოჭიდავე ლომერ ჟორჟოლიანისთვის შესრულებული ქულიანი ილეთით შეძლო.
მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ხანჯალიაშვილი და ჟორჟოლიანი უნდა დაჭიდებოდნენ, მაგრამ ბრძოლა არ ჩატარდა, რადგან ხანჯალიაშვილმა მეტოქეს ბრინჯაო და ათასი ლარი ტატამზე გაუსვლელად დაუთმო. არადა სულ რაღაც ერთი წუთით ადრე გამალებით ემზადებოდა. წითელი ფორმის ჩაცმას აპირებდა, როცა მოულოდნელად გადაიფიქრა და ჩოხა იქვე მიაგდო.
ორგანიზატორთა წინასწარი განცხადების მიუხედავად, “ფალავნობა 2009”-მ ბევრი ძლიერი მოჭიდავე მოისაკლისა. სხვადასხვა მიზეზთა გამო ტატამზე არ გასულან ზურაბ ზვიადაური, იოსებ მსხალაძე, ლაშა გუჯეჯიანი, მირიან პავლიაშვილი, მინდია ბოდაველი, ნოდარ მეტრეველი და დავით ლორიაშვილი.
რაც შეეხება ახალ, სახელოებიან საჭიდაო ჩოხას, მაყურებელთა და სპეციალისტთა აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ორად გაიყო. ერთნი თვლიან, რომ საუკუნის წინანდელი ტრადიციის აღდგენამ ქართულ ჭიდაობას თავისი ნამდვილი სახე დაუბრუნა. მეორეთა აზრით კი ამ ეროვნულ სახეობას სანახაობრივი მხარე მოაკლდა და პოზიტივი მხოლოდ ისაა, რომ ძიუდოსა და სამბოს შედარებით მეტ სარგებელს მოუტანს. ერთი ტურნირით დასკვნის გაკეთება ძნელია, თუმცა ფაქტია, გუშინ ჩატარებული შეხვედრების დაახლოებით მეოთხედი დამატებით დროში გადავიდა.
ოთარ მაღლაკელიძე







