გერმანულმა „ბილდ ამ ცონტაგმა“ გაავრცელა „მერსედეს GP“-ის ახალი ბოლიდის, W02-ის ფოტო, რომლის გამოქვეყნების უფლებაც გამოცემამ გერმანული გუნდისგან მიიღო. ფოტო იმის საშუალებას არ იძლევა, რომ ახალი სარბოლი ბოლიდის დეტალების განხილვა შესაძლებელი იყოს. ფოტოზე მხოლოდ ის ნაწილებია დანომრილი, რომლებმაც ყველაზე მეტი ცვლილება განიცადა.
რა თქმა უნდა, ესაა „პირელის“ საბურავები და მკვეთრად ზევით აწეული ცხვირი, ასევე, რეგულირებადი უკანა ანტიფრთა და კერს-ის სისტემა. ეს უკანასკნელი, გარედან შეუძლებელია ჩანდეს, თუმცა, სიმბოლურად, ეს სიახლე ფოტოზე, რადიატორზეა დატანილი. შეიცვალა ძრავის ჰაერის ამღებიც, რომელსაც კვლავ ჩვეულებრივი ფორმა აქვს.
„ჩვენი მიზანი, პირველივე რბოლებიდან კონკურენტუნარიანობის მიღწევა და ლიდერთა შორის ყოფნაა. შარშან, ტექნიკური რეგლამენტის გამო, ჩვენი ინჟინრების მიერ შემოთავაზებული რამდენიმე საინტერესო იდეის გამოყენებისგან თავის შეკავება მოგვიხდა, მაგრამ ისინი ახალ მანქანაზე დავნერგეთ. სისტემა კერს-ი ძალიან კომპაქტური და მსუბუქი გამოგვივიდა და საერთოდ, მთლიანობაში, ეს მანქანა წინ გადადგმული ნაბიჯია“ - ამბობს „მერსედეს GP“-ის შეფი, როს ბრაუნი და დასძენს, რომ ახალი მანქანა პირველ ტესტებს ვალენსიასა და ხერესში გაივლის. ინჟინრები „პირელის“ საბურავების მახასიათებლებს გაეცნობიან და შემდეგი ტესტებისთვის, მანქანას მოდერნიზაცია სწორედ მათ საფუძველზე ჩაუტარდება.
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







