მოჭიდავეთა შორის საქართველოს ჩემპიონატს დასავლეთ საქართველო უმასპინძლებს. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბერძნულ-რომაული სტილის ჩემპიონ-პრიზიორები ქუთაისში გამოვლინდებიან. თავისუფალი სტილის მიმდევრები კი ბათუმში იჭიდავებენ.
“ბერძნულ-რომაულში აწონვას 22 იანვარს ჩავატარებთ. 23-24-ში კი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიშლება საჭიდაო ხალიჩები. იმერეთიდან აჭარაში გავემგზავრებით და 26-ში უკვე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები აიწონებიან. ხოლო მედლები 27-28-ში გათამაშდება. საქართველოს პირველობის შედეგებით ტრადიციულად, ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი ნაკრების შემადგენლობა დაკომპლექტდება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა ნაკრების ტიტულოვანი ლიდერებისთვისაც სავალდებულო იქნება. გამონაკლისს კი მხოლოდ ტრავმირებული მოჭიდავეებისთვის დაუშვებენ.
ოთარ მაღლაკელიძე







