ახალი ზელანდიის არსებობის შესახებ, ალბათ, სხვა მილიონობით ბავშვთან ერთად, მეც ჟიულ ვერნის ”კაპიტან გრანტის შვილებიდან” გავიგე. ალბათ, გახსოვთ ლორდი გლენარვანის, მაიორ ჯონ მანგლსის, პროფესორ პაგანელის და მათი მეგობრების არცთუ მშვიდობიანი, მაგრამ უზომოდ საინტერესო თავგადასავლები ახალი ზელანდიის კუნძულებზე, მთელი თავისი კაციჭამიებითა და ათასი საშიში რამე-რუმეებით. დღეს, ახალი ზელანდია ბრიტანეთის დომინიონთაგან ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მშვიდად მცხოვრები ლამაზი ქვეყანაა, სადაც როგორც იცით, რაგბი სპორტის უპირველესი სახეობაა და ამჟამად მიმდინარე მსოფლიოს თასზე, ჩვენი ”ბორჯღალოსნებიც”, სხვებთან ერთად, ბურთს რა თქმა უნდა სწორედ ზელანდიის მიწაზე დასდევენ. რაგბის მოყვარულებმა ზელანდიაში რაგბის პოპულარობისა და “ჰაკად” წოდებული მათი საბრძოლო თუ სხვა ტიპის სიმღერების შესახებ, ალბათ, საკმაოდ ბევრი რამ იციან, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ეს ყველაფერი ქართველ კაცს ზელანდიაშივე აქვს ნანახი და განცდილი. ცოტა ხნის წინ, მქონდა ბედნიერება, რამდენიმე საათის მანძილზე მესაუბრა ერთ თბილისელ 30 წლის ახალგაზრდა კაცთან, რომელიც სამაგისტრო პროგრამით ზელანდიაში სამი წლის მანძილზე იმყოფებოდა და ისეთი საინტერესო ისტორიები ჩამოიტანა, ”ამბების გუდას” თავი რომ მოხსნა, აქეთ ვეხვეწებოდით, სხვა ისტორიებიც გაიხსენე-მეთქი...
მოკლედ, ეს ჩვენი ქართველი ბიჭი ჩავიდა ახალ ზელანდიაში და ჯერ სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ითახში ბარგიც კი არ აქვს დაწყობილი, რომ თავზე ორი მეტრის სიმაღლის ახმახი წითური ტიპი დაადგა, რომელიც ვინმე ვერნონი აღმოჩნდა და ახალმისულ “გეორგიელს” რაგბის თამაში შესთავაზა. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიო რაგბის ავან-ჩავანში ჩახედულმა ზელანდიელებმა, საქართველოს, როგორც სარაგბო ქვეყნის არსებობის შესახებ საკმაოდ ბევრი რამ იცოდნენ და რაკი გაიგეს, რომ მათ სასწავლებელში ქართველი ჩადიოდა, ჩვენთან სუფრაზე რომ სცდიან ხოლმე სტუმრებს, ზელანდიელებმა ისე მოინდომეს ამ ქართველის რაგბიში გამოცდა. რას იზამდა ეს თბილისელი ბიჭიც. ადგა და გაჰყვა ახმახ ზელანდიელს. მით უმეტეს, რომ ერთი პერიოდი თბილისში მოყვარულის დონეზე თამაშობდა რაგბის და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ჩაუქი არასოდეს ყოფილა, იმედი ჰქონდა, რომ ახალ მეგობრებთან მთლად არ შეირცხვენდა თავს. მაგრამ თამაშის დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთში გაირკვა, რომ ზელანდიელ სტუდენტებთან თამაშისას, სხვებს შანსი უბრალოდ არ აქვთ. ზელანდიელი ბიჭები მოედანზე ისეთი სისწრაფით დაქროდნენ და ისეთ რამეებს აკეთებდნენ, ამ ყველაფერს შეჩვეული ტურისტებიც კი ჩერდებოდნენ მათ სანახავად. ერთი სიტყვით, ქართველი სტუდენტი მათთან ვერაფერს გახდა და გადაწყვიტა, რომ ზელანდიელებისთვის ქართველის უპირატესობა სულ სხვა რამეში დაემტკიცებინა. ეს ”სხვა რამე” კი, რა თქმა უნდა, იყო სუფრა და ჩხუბი. ზელანდიაში ადგილობრივ ღვინოსთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია არაყი, რომელსაც ხის ქერქისგან ხდიან. ამ სასმელს ისეთი ალკოჰოლური ძალა და ზემოქმედება აქვს, რომ 2-3 გადახუხვის შემდეგ, ამ არაყზე გაზრდილ ზელანდიელებსაც კი თვალები უელამდებოდათ. ამ ქართველმა კაცმა კი (რომელიც, სხვათა შორის, გურული წარმოშობის გახლავთ, რაც ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია), ჯერ ხომ “სამი სახარება“ შეიწია, მერე მოკეთე-ახლობელ-მოყვრების სათითაოდ დალოცვაზე გადავიდა და წასულების შესანდობარი რომ უნდა ეთქვა, გაიხედ-გამოიხედა და აღმოაჩინა, რომ გარშემო ყველა ზელანდიელი შემოსცლოდა. მის წინ მხოლოდ არამსმელი ამერიკელი ლექტორი იჯდა, რომელიც ”უცნაურ ქართველს” გაოგნებული თვალებით შესცქეროდა და მერე გეორგიელის მისამართით ისეთი ტაში დასცხო, კინაღამ ხელები გადაიტყავა.
რაც შეეხება ჩხუბს... ჩხუბი ქართველ სტუდენტს ჩოგბურთის კორტზე მოუწია. უნივერსიტეტს ჩოგბურთის მხოლოდ ერთი კორტი ჰქონდა და რაკი თამაში ბევრს უნდოდა, ერთგვარი მორიგეობა იყო დაწესებული. ანუ, თუკი ერთი საათი ერთი წყვილი ითამაშებდა, მერე მეორე წყვილი შედიოდა და ასე... ჰოდა, ერთ დღესაც, როდესაც ქართველი ბიჭისა და მისი ერთ-ერთი ზელანდიელი მეგობრის ჯერი მოვიდა, ორმა ფერადკანიანმა ახმახმა, რომელთაც თამაშის დრო უკვე გასული ჰქონდათ, კორტიდან გასვლაზე უარი თქვეს და ვითომც აქ არაფერიაო - კვლავ გააგრძელეს თამაში. ქართველს და ზელანდიელს ეს თავხედობა დაახლოებით 20 წუთი მოუთმენიათ და იმედი ჰქონდათ, რომ, როცა იქნებოდა მათაც მისცემდნენ თამაშის საშუალებას, მაგრამ მათ თხოვნას ფერადკანიანი ჯეელები არაფრად აგდებდნენ. ჰოდა, ნერვების მოშლა ეგრე არ უნდაო და ქართველის მეგობარი ზელანდიელი (რომელიც ტანდაბალი, მაგრამ კარგად ჩასხმული ყმაწვილკაცი იყო) შევარდნილა კორტზე. ჯერ ხომ ერთს მოსდო პირდაპირ ცხვირში და იქვე გაშხლართა. მერე მეორეს დაუშინა მუშტები და როდესაც ქართველმა მეგობრისათვის მიშველება მოისაზრა, ზელანდიელს ორივე მომხვდური ისე გვარიანად დაეჟეჟა, რომ წელსაც კი ვერ ითრევდნენ. შემდეგ გაირკვა, რომ ქართველის მეგობარი ზელანდიელი, მსოფლიოსთვის ნაკლებად ცნობილი ახალზელანდიური საბრძოლო ხელოვნებით იყო დაინტერესებული, რომელსაც ახალზელანდიელი აბორიგენი მაორები საუკუნეების მანძილზე მისდევდნენ. იმედია, ქართველ მორაგბეებს ახალ ზელანდიაში არც ჩხუბი მოუწევთ და არც სხვა გუნდების კარგი თამაშის ცქერით შემოიფარგლებიან. როგორც ჩემმა ნაცნობმა ზელანდიამოვლილმა ქართველმა საუბრის ბოლოს მითხრა: ”როცა ზელანდიაში ხარ და სპორტით არ ცხოვრობ, ე.ი. საერთოდ არ ცხოვრობ!”.
ლევან სეფისკვერაძე







