ინტერვიუები

18:40 | 5.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ახრიკ ცვეიბა: “სოხუმის “ნართის” რუსეთის ჩემპიონატში თამაში არარეალურია”

ცნობილმა აფხაზმა ფეხბურთელმა ახრიკ ცვეიბამ, რომელსაც თბილისის “დინამოს” გარდა, საბჭოთა კავშირის, დსთ-ს, უკრაიანისა და რუსეთის ნაკრებებში უთამაშია, ინტერნეტ-გამოცემა sportbox-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის ჩემპიონატში აფხაზური გუნდის თამაში არარეალურია.
- რა ხდება აფხაზეთის ფეხბურთში? არსებობს აფხაზეთის ჩემპიონატი?
- რა თქმა უნდა, არსებობს. მასში 12 გუნდი გამოდის, რომლებიც ოთხ წრედ თამაშობენ. ხალხიც დადის თამაშებზე, გუნდებს თავიანთი ლიდერებიც ჰყავთ.
- შეიქმნება თუ არა მომავალში აფხაზეთის ნაკრები?
- ცხადია, დროთა განმავლობაში უნდა შეიქმნას. რადგან რუსეთმა ცნო აფხაზეთი და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ სხვა ქვეყნებიც ცნობენ. ამის საფუძველზე, უკვე შესაძლებელი იქნება, ჩამოყალიბდეს აფხაზეთის ნაკრები, ისევე, როგორც არსებობს ანდორისა და ფარერების კუნძულების ნაკრებები.  
- აფხაზეთის ნაკრებს სათავეში ჩაუდგებოდით?
- მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელობა საინტერესოა, მე სხვა პროფესია ავირჩიე. არის იქ ხალხი, ვინც მწვრთნელად მუშაობს და საკმაოდ კარგადაც.
- 2009 წელს პრესაში აქტიურად განიხილებოდა რუსეთის მეორე ლიგაში სოხუმის “ნართის” მონაწილეობა. ეს რამდენად რეალურია?
- ჩემი აზრით, არარეალურია, რადგან თუ რუსეთმა აფხაზეთი სახელმწიფოდ ცნო, მაშინ, “ნართი” რუსეთის ჩემპიონატში რის საფუძველზე ითამაშებს. არ მესმის იურიდიულად ეს როგორაა შესაძლებელი. თუ რუსეთმა ცნო და სხვა ქვეყნებიც ცნობენ აფხაზეთს, მაშინ ნაკრების შექმნაც შეიძლება და სანაკრებო დონეზე მატჩების გამართვაც. დარწმუნებული ვარ, რომ საწყის ეტაპზე ნაკრებმა შესაძლოა 0:5 და 0:10 წააგოს, მაგრამ დროთა განმავლობაში კარგი გუნდი ჩამოყალიბდება, რადგან საბჭოთა კავშირის დროს აფხაზეთში კარგი დონის მოთამაშეები ყოველთვის იყვნენ და თუ ბავშვთა ფეხბურთს სწორედ წარვმართავთ, ნიჭიერი მოთამაშეები გამოჩნდებიან.  
- თქვენ დაბადების დღეზე აფხაზეთში ტურნირი ტარდება, რომელსაც “ახრიკ ცვეიბას თასი” ჰქვია. ვისი იდეა იყო ამ ტურნირის ჩატარება?
-  იდეა ჩემს მეგობარს, ლეონიდ ძიაპშიპას ეკუთვნის, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია და ტურნირს საფუძველი მან ჩაუყარა. ეს საბავშვო ტურნირია, რომელშიც ადგილობრივი გუნდების გარდა, მონაწილეობა კრასნოდარის, როსტოვისა და რუსეთის სხვა ქალაქების გუნდებმაც მიიღეს.
- რა გეგმები გაქვთ აფხაზეთში ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით? თქვენ ხომ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ხართ.
- რუსეთის დუმაში არის დეპუტატი ოთარ არშბა, რომელიც აფხაზეთში პატივსაცემი ადამიანია. მან  აფხაზეთში საფეხბურთო მოედნების ასაშენებლად ფული გადარიცხა. იმ მოვლენების შემდეგ, რაც ყველამ ვიცით, სპორტისა და კერძოდ, ფეხბურთის განვითარება ძნელია, რადგან საფეხბურთო მოედნები არაა. ოთარ არშბასა და აფხაზეთის  პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის დახმარებით, 12 მოედანი აშენდა. ეს არასტანდარტული ხელოვნურსაფარიანი მოედნებია და ბავშვებს შეუძლიათ, ზამთარ-ზაფხულ ითამაშონ. მათ კარგი პირობები აქვთ – ბოლო თაობის ხელოვნურსაფარიანი მოედნები განათებით, გასახდელებით, საშხაპეებით. მომავალში თუ ფინანსები იქნება, კიდევ ავაშენებთ მოედნებს, რადგან ამის გარეშე ფეხბურთის განვითარება შეუძლებელია. დღესდღეობით, აფხაზეთში ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია.
- ევროპაში რომელ კლუბს გულშემატკივრობთ?
- მე “ბარსელონას” ვგულშემატკივრობ. მისი თამაში მომწონს. როდესაც კიევის “დინამო” “ბარსელონას” შევხვდით, მაშინ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას წინააღმდეგ თამაში მომიწია. “ბარსელონას” შემადგენლობა ძალიან მომწონს და მისი თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ. ამ გუნდს ყველა რგოლში თავისი ლიდერი ჰყავს.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092039