ინტერვიუები

12:50 | 14.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ახტაჯანა რიჩლენდიდან

ამერიკის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ლონდონში ზედიზედ მესამედ მოიპოვა ოლიმპიური ოქრო. ეს მართლაც უნიკალური შედეგია. მაგრამ არის ამ გუნდში ერთი ყველასგან გამორჩეული ადამიანი – 31 წლის მეკარე ჰოუპ სოლო, ცისფერთვალება და ველური სილამაზის ათლეტი, რომლის დამაჯერებელმა თამაშმა დიდწილად განაპირობა მთლიანი გუნდის ფანტასტიკური წარმატება. ცოტა ხნის წინათ მან ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა, რომელსაც “იმედის ბიოგრაფია” ჰქვია და გაყიდვაში დღეიდან გავა. მანამდე კი, ამერიკულ პრესაში წიგნის ნაწყვეტები გამოქვეყნდა. სოლო წერს: “როცა სპორტსმენებს ტელევიზიით ან სტადიონზე უყურებთ, ნამდვილად არ ფიქრობთ იმაზე, თუ ვინ არიან ისინი ცხოვრებაში, საიდან მოვიდნენ, რა გადაიტანეს, როგორ გახდნენ ასეთები. თქვენ ცივი გონებით სჯით მათ და არ გაინტერესებთ მათი შინაგანი სამყარო. ჩემი წიგნით შევეცდები, ცოტა სხვა თვალით დაგანახოთ რეალობა”.
მეკარე აღნიშნავს, რომ ერთობ მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მამამისი ჯეფრი, ვიეტნამის ვეტერანი, მუზმუზელა და ჯიბგირი კაცი ყოფილა, რამდენიმე ქალთან ჰყოლია შვილები და ბევრ უკეთურ საქმეებშიც გარეულა. მისი დახასიათებისას სოლო ამბობს, რომ უკეთეს შემთხვევაში, ის არასაიმედო, უარესში კი ბოროტმოქმედი იყოო. მეკარეს დღემდე უკვირს, როგორ მოახერხა ამ კაცმა სოციალური დაზღვევის (Social security number) მეორე ნომრის შოვნა, რაც ამერიკაში პრაქტიკულად შეუძლებელია. დედა ჯუდი კარგა ხანს ითმენდა, მაგრამ ბოლოს ცხოვრების მონოტონურობა მოსწყინდა და ქმარს გაეყარა. სოლო მაშინ 7 წლის იყო. ერთხელაც, ჯეფრი კვლავ გამოჩნდა რიჩლენდში, ბეისბოლის მატჩი მოიმიზეზა და ჰოუპი და მისი უფროსი ძმა მარკუსი ვითომ სტადიონზე წაიყვანა. წაიყვანა და მოიტაცა. რამდენიმე დღეში ის დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, ჰოუპი კი კარგა ხანს ვერ პატიობდა დედას მამის დაპატიმრებას.
ერთმანეთს ათიოდე წლის შემდეგ შეხვდნენ, როცა სოლო სიეტლში გადავიდა საცხოვრებლად, რათა ვაშინგტონის უნივერსიტეტის გუნდში ეთამაშა. ერთხელ სიეტლის პარკში სოლომ კოჭლობით მიმავალი ნაცნობი გარეგნობის კაცი შენიშნა: შორტებში, ტატუებით მოხატული. მერე მას ხშირად მიჰქონდა ხოლმე მამისთვის ბურგერი და ყველი, ტყეპარკში გაშლილ მწვანე კარავში. ცდილობდა, არ შეზიზღებოდა მისი აყროლებული ქურთუკი და ჯიბეებში ჩაწყობილი ნაჭამები. მამა კი შვილის ყველა თამაშს ესწრებოდა. მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, ვერავინ წარმოიდგენდა: უძრავი ქონების აგენტი, ვინმე ემერტი აბაზანაში 19 ნაჭრილობევით გარდაცვლილი იპოვნეს. პოლიციამ ეჭვი ჯეფრი სოლოზე აიღო და განყოფილებაში დაიბარა. სოლომ დაიჩივლა მკვლელი არ ვარო, თუმცა აღიარა, რომ ხუთი წლის განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა, უამრავ ბინძურ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა და ციხეშიც იჯდა თაღლითობის, ყაჩაღობისა და ქურდობის, საბუთების გაყალბებისა და აფეთქებების ორგანიზების ბრალდებით. ის დააკავეს, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო, რამდენიმე თვეში გამოუშვეს. ამასობაში ჰოუპის კარიერაც მწვერვალისკენ მიდიოდა, 2004 წელს ის ეროვნულ გუნდში აიყვანეს, თუმცა დიდ წარმატებებს ცოტა მოგვიანებით მიაღწია. ორჯერ მოიგო ოლიმპიური ოქრო და მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა რიგში ჩადგა. მამა 2007-ში გარდაეცვალა და ეს ამბავი ჰოუპმა ძალიან განიცადა. “მინდოდა ამეხსნა, სინამდვილეში როგორი ადამიანი იყო, - წერს ჰოუპი, - რა უხაროდა, რა სწყინდა და ბავშვობაში რატომ მიგვატოვა, მაგრამ ვერ მოვასწარი.” ჯეელობიდან ცელქი გოგო ყოფილა. მაშინ ქალთა ფეხბურთი ასეთი პოპულარული არ იყო და ჰოუპი ერთთავად ბიჭებთან ერთობოდა და ჩხუბობდა, ამის გამო თანატოლ გოგონებს არ უყვარდათ. მაგრამ ხასიათი და ნებისყოფა ისეთი ჰქონდა, თავს არავის დააჩაგვრინებდა. იგივე მოხდა რამდენიმე წლის წინაც, როცა “იცეკვე ვარსკვლავთან” პროექტში მაქსიმ ჩმერკოვსკისთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მასზე ბევრი ქილიკობდა – ამას აქ რა უნდაო, მაგრამ თავდაუზოგავად იმუშავა და საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.
ჰოუპი ამბობს, რომ წიგნის დაწერა მისთვის თერაპიასავით იყო, მან ყყველა თავისი საიდუმლო გაანდო მკითხველს და ამით თითქოს განიწმინდა. “ძალიან ძნელია საკუთარ გულისნადებზე საჯაროდ წერა, - უთხრა სოლომ NBC-ს ჟურნალისტს, - დიდი ბრძოლა დამჭირდა საკუთარ თავთან, მაგრამ მე ეს შევძელი და ახლა უზომოდ ბედნიერი ვარ. რაზეა წიგნი? მინდა, რომ ადამიანები ერთნმანეთს გულით აფასებდნენ და არა თვალით, უფრო ღრმად ჩაუკვირდნენ საკუთარ თავს და მაშინ სხვების ამოცნობაც გაუადვილდებათ. ვფიქრობ, წიგნი საუცხოო გამოვიდა და ბევრს მოეწონება”.


სოლომონ გულისაშვილი
:
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168873