გასულ სეზონში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მე-8 ადგილის დამკავებელმა ზუგდიდის “ბაიამ”, ახალი სეზონისთვის მზადება 21 ივნისს დაიწყო. 1 ივლისამდე, გუნდი საკუთარ ბაზაზე ვარჯიშობდა, ხოლო შემდეგ ერთკვირიანი შეკრება ბაკურიანში გაიარა. 15 ივლისიდან, ზუგდიდელებს შეკრებაზე გამგზავრება თურქეთში სურდათ, მაგრამ საბოლოოდ ეს ვარიანტი გამოირიცა და ელგუჯა ქომეთიანის შეგირდებმა ვარჯიში ზუგდიდში გააგრძელეს.
წინა სეზონთან შედარებით, ზუგდიდურ გუნდში საკმაოდ დიდი ცვლილებებია. გოგა ფიფია “ზესტაფონში” გადავიდა, ზაზა სახოკია, გიორგი ქირია, დათა რაფავა და ნიკა შონია პირველი ლიგის კლუბ წალენჯიხის “სქურში” გაანათხოვრეს. გუნდიდან წავიდნენ ზურა ექონია და მაკარ აქუბარდია. ამირან ყველაშვილს “ბაიასთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წელიწადი აკავშირებს, მაგრამ თანაგუნდელებთან ერთად არ ვარჯიშობს, რადგან კარიერის სხვაგან გაგრძელებას ფიქრობს. სეზონის დამთავრების მერე, რუსეთის პირველ დივიზიონელ ეკატერინბურგის “ურალს” მიაშურა ზამბიელმა ჩისამბა ლუნგუმ, რომელსაც საქართველოს მოქალაქობა აქვს. თუმცა, ქომეთიანის თქმით, აფრიკელს ზუგდიდელებთან კიდევ ერთწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს და მათი თანხმობის გარეშე, სხვაგან კარიერას ვერ გააგრძელებს. “ბაიას” თავკაცს იმედი აქვს, რომ ლუნგუ დაბრუნდება.
რაც შეეხება ნამატს, “ბაიამ” საქართველოს კვალობაზე სოლიდური შევსება მიიღო გამოცდილი ფეხბურთელების სახით, რომლებსაც ეროვნულ ჩემპიონატშიც უთამაშიათ და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ქომეთიანის განცხადებით, უკვე გადაწყვეტილია, რომ ზუგდიდში ითამაშებენ დავით ჭიჭვეიშვილი, ალექსანდრე გოგობერიშვილი, ამირან მუჯირი, კახა ჩხეტიანი და გიორგი მეგრელაძე. ცოტა ხნის წინ, რუსთავის “ოლიმპიდან” გუნდს დაემატნენ გიორგი ხიდეშელი და გრიგოლ დოლიძე. გარდა ამისა, “ბაიაში” გაირჯებიან მეკარე ვლადიმერ ზუხბაია, ნახევარმცველი ირაკლი მალიჩავა და 19 წლის მარჯვენა მცველი დათა რიგვავა, რომელიც აქამდე კვიპროსის “ანორთოსისში” ვარჯიშობდა და ამხანაგურ თამაშებს ატარებდა. ცხინვალის “სპარტაკიდან” ქომეთიანის გუნდს მიაშურა ივანე კანდელაკმა. ზუგდიდში ემზადებოდა რომან ახალკაცი, რომელიც გასულ სეზონში აზერბაიჯანულ ზაქათალის “სიმურგში” გამოდიოდა, მაგრამ მომავალ სეზონში, ის “ბაიას” არ დაეხმარება. მის მსგავსად, შეკრებაზე აღარაა 21 წლის ნახევარმცველი დავით ძნელაშვილი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრობდა და სალონიკის “არისში” ვარჯიშობდა. წინა სეზონის შემადგენლობიდან, გუნდში დარჩნენ გიორგი სომხიშვილი, თორნიკე ზარქუა, როინ ონიანი, ლევან აკობია, გიორგი კვესიეშვილი, ლევან წურწუმია, ირაკლი ეხვაია, ზვიად სიხარულია, ნიკა აფაქიძე, ლაშა კუკავა, ლევან გუგუჩია, გურამ სამუშია.
ქომეთიანმა აღნიშნა, რომ ამდენი შენაძენების შემდეგ, უახლოეს მომავალში ახალი ფეხბურთელის დამატებას აღარ გეგმავს. თუმცა, სასურველი მოთამაშის გამოჩენის შემთხვევაში, მასზე უარს არ იტყვის. შევსებაა “ბაიას” სამწვრთნელო შტაბშიც – საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია, ზუგდიდური გუნდის კონსულტანტი იქნება. ქომეთიანი ამით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ მისთვის ასეთ პიროვნებასთან მუშაობა სიამოვნებაა. მითუმეტეს, რომ გაბელიაც წარმოშობით ზუგდიდელია და ქომეთიანი მას ბავშვობიდან იცნობს.
მოსამზადებელ პერიოდში “ბაიამ” 5 ამხანაგური თამაში ჩაატარა – ორჯერ აჯობა ხობის “კოლხეთს” (6:0, 2:0), მოუგო ლანჩხუთის “გურიას” (1:0), დაუზავდა “სამტრედიას” (0:0), ხოლო ურეკში შეკრებაზე მყოფ აზერბაიჯანის “განჯასთან” (0:1) დამარცხდა.
“ბაიას” დამრიგებლის თქმით, ახალი სეზონის წინ, გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში კონკრეტული მიზანი არ დაუსახავს. მთავარია, გუნდი გასულ ჩემპიონატთან შედარებით უკეთ გამოვიდეს და მწვრთნელს სჯერა, რომ ზუგდიდელები სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში არ იქნებიან, ხოლო დანარჩენს, უკვე ჩემპიონატის მსვლელობა გამოაჩენს.
ქომეთიანმა ვერ დაგვიზუსტა, თუ ვინ იქნება “ბაიას” ოფიციალური სპონსორი. მწვრთნელის განმარტებით, ეს მის კომპეტენციაში არ შედის და მთავარია, რომ ჯერჯერობით, გუნდს არავითარი პრობლემა არ აქვს, როგორც ფინანსების, ასევე, მომზადების მხრივ. არადა, ცნობილია, რომ პროფლიგა და ფედერაცია ცდილობენ მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში საბიუჯეტო კლუბები აღარ იყვნენ და 10-ვე მათგანს, კერძო მეპატრონე ჰყავდეს.
ცნობისთვის, ზუგდიდელთა საპატიო პრეზიდენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზიაა, ხოლო კლუბში ყველა საკითხზე პასუხისმგებელი პირი, დირექტორი რევაზ პერტაიაა.
ლაშა თაბაგარი









