სტატიები

21:26 | 16.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” უეფას ორ თანამშრომელს უჩივის


მიუნხენის “ბაიერნმა” მიუნხენის პროკურატურაში უეფას ორ თანამშრომელზე –სადისციპლინო განყოფილების უფროს პეტერ ლიმახერსა და ჩაწყობილი მატჩების გამომძიებელ რობინ ბოკშიჩზე – საჩივარი შეიტანა.
გერმანული კლუბი ხსენებულ პირებს 2008 წელს უეფას თასზე “ბაიერნსა” და სანკტ პეტერბურგის “ზენიტს” შორის გამართული განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრის ჩაწყობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მათ სათანადოდ დასჯას მოითხოვს.
შეგახსენებთ, მიუნხენელები აღნიშნულ შეხვედრაში სტუმრად 0:4 დამარცხდნენ და, ვინაიდან პირველი მატჩი 1:1 დასრულებულიყო, გათამაშებას გამოეთიშნენ.
მოგვიანებით, იმავე წლის შემოდგომაზე, ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “ზენიტის” გამარჯვება თითქოს რუსმა მაფიოზებმა უზრუნველყვეს, რომელთაც “ბაიერნს” – სხვადასხვა ცნობით – 20, 40 თუ 50 მილიონი ევრო გადაუხადეს. გაზეთები “El Pais” და “ABC” იქაური პოლიციის მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერებს ეყრდნობოდნენ, რომლებშიც რუსი კრიმინალები მომავალი მატჩის კონკრეტულ ანგარიშსა და “ბაიერნისთვის” მათ მიერ გადახდილი თანხის ოდენობას ასახელებდნენ. მიუნხენის პროკურატურამ ხსენებულ გაზეთებში წარმოდგენილი ფაქტების შემოწმებაზე მაშინ უარი განაცხადა, ვინაიდან ეს მონაცემები “საქმის პირველადი განხილვის დასაწყებადაც კი არასაკმარისად” მიიჩნია და, შესაბამისად, “ბაიერნის” წინააღმდეგ საქმე არ აღძრა.
რაც შეეხებათ ლიმახერსა და ბოკშიჩს, როგორც გერმანული “შტერნი” თავის 16 სექტემბრის გამოცემაში იუწყება, ისინი _ თავად “შტერნის” ჟურნალისტებთან და ასევე ესპანელ პროკურორ ხოსე გრინდასთან საუბრებში – “ბაიერნს” ხსენებული მატჩის გაყიდვაში სდებდნენ ბრალს, თუმცა საბოლოოდ მათ ამის დამამტკიცებელი ვერც ერთი საბუთის წარმოდგენა ვერ შეძლეს.
“შტერნმა” საკუთარი გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ამ საქმეში “ლიმახერის ერთადერთი წყარო რობინ ბოკშიჩი იყო – 32 წლის წვრილი კრიმინალი ტოტალიზატორების სამყაროდან, რომლის წინააღმდეგაც გერმანიასა და ხორვატიაში თაღლითობის ბრალდებით რამდენიმე სარჩელია შეტანილი.”
თავად ლიმახერმა კი – “შტერნისავე” ცნობით – უმთავრესი როლი ითამაშა იმაშიც, რომ “ბაიერნის” ფრანგ ნახევარმცველ ფრანკ რიბერის წითელი ბარათის გამო მაისში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამოეტოვებინა...
“ბაიერნის” აღშფოთება და პროკურატურაში უეფას ამ ორი თანამშრომლის წინააღმდეგ საჩივრის შეტანაც სწორედ “შტერნის” ამ პუბლიკაციას მოჰყვა.
“შტერნში” გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ამ ორმა პიროვნებამ, აშკარა ტყუილისა და ცილისწამების საშუალებით, პროფესიულ ფეხბურთში მოღვაწე პიროვნებების, ასოციაციებისა და კლუბების – მიუნხენის “ბაიერნის” ჩათვლით – დისკრედიტაცია მოახდინა” – წერია “ბაიერნის” ვებგვერდზე კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრების – კარლ-ჰაინც რუმენიგესა და კარლ ჰოპფნერის – სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“ბაიერნი” ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა ხსენებულმა პიროვნებებმა პასუხი აგონ სასამართლოს წინაშე – ვკითხულობთ იქვე – “ბაიერნი” მოუწოდებს უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის, რათა მან ამ ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დაუყოვნებლივ გამოხატოს.”
p.s. www.uefa.com-მა ხუთშაბათ საღამოს შემდეგი ცნობა გამოაქვეყნა:
“დღეს შუადღეზე უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ, უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ, მიუნხენის “ბაიერნის” გამგეობის თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ და მიუნხენის “ბაიერნის” გამგეობის ვიცე-თავმჯდომარემ კარლ ჰოპფნერმა იმსჯელეს პრესის მიერ ახლახანს გაშუქებული მოვლენების შესახებ და შეთანხმდნენ ამ საკითხში აბსოლუტური სიცხადის მიღწევის საჭიროებაზე.
ღია და კონსტრუქციულ საუბარში აღინიშნა, რომ ბოლოდროინდელი პუბლიკაციების შუქზე უეფას ესმის მიუნხენის “ბაიერნის” ამგვარი რეაქციის მიზეზები.
მიუნხენის “ბაიერნს” ეუწყა, რომ საქმეში სიცხადის მისაღწევად, უეფამ უკვე დაიწყო შიდა გამოძიება.”


 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093403