ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისს აზერბაიჯანული “დიდი სლემით” იწყებს. ერთ-ერთ უპრესტიჟულეს ტურნირს ხვალ და ზეგ ბაქო უმასპინძლებს და მასზე ქართული გუნდი გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ნაკრების გამოცდილ წევრთაგან განაცხადში მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) და ლევან წიკლაური (81 კგ) შეიყვანა. დანარჩენებს კი ევროპირველობის შემდეგ დასვენების საშუალება მისცა. რეხვიაშვილი მსოფლიოს რეიტინგსიაში მე-16 ადგილზეა, ხოლო წიკლაური 22-ე პოზიციას იკავებს და “დიდ სლემზე” ჭიდაობის სურვილი სწორედ პირადი რეიტინგის გასაუმჯობესებლად თავადვე გამოთქვეს. შეგახსენებთ, აზერბაიჯანული ტურნირის ჩემპიონ-პრიზიორობა სარეიტინგო თვალსაზრისით ევროპის ჩემპიონატის მედალზე ძვირად ფასობს. ჩემპიონები 500 ქულას გამოიმუშავებენ, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები კი 300 და 200 ქულას მიიწერენ.
სულ აზერბაიჯანულ ტატამზე 15 ქართველი გავა. ხვალ მედლები მამაკაცებში 60 66 და 73 კილოგრამ წონით გატეგორიებში გათამაშდება, ხოლო ზეგ დანარჩენ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში. საქართველოს სახელით საქმეში ჩაერთვებიან: ვაჟა მარგველაშვილი, პაატა მერებაშვილი (ორივე 60 კგ), შალვა ქარდავა, ტრისტან ფეიქრიშვილი (ორივე 66 კგ), ზებედა რეხვიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე 73 კგ), ლევან წიკლაური, ზვიად გოგოჭური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), გიორგი ნოზაძე, გურამ თუშიშვილი (ორივე 100 კგ), ლევან მატიაშვილი და ონისე ბუღაძე (ორივე +100 კგ). აზერბაიჯანულ ტატამზე საქართველოს ქალთა ნაკრების ორი წევრიც გავა: შორენა შარაძე (63 კგ) და ირინე ლეონიძე (+78 კგ).
მარგველაშვილი ტურნირში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთვება, ჩეხ პაველ პეტრიკოვთან შეხვედრით. გამარჯვების შემთხვევაში კი სავარაუდოდ ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაას დაეჭიდება. მერებაშვილს პირველ მეტოქედ აზერბაიჯანელი ორუჟ ვალიზადა ერგო. ამ წყვილიდან გასულს მერვედფინალში ფრანგი სოფიან მილუ ელის.
ფეიქრიშვილი თავისი წონის 18 მოჭიდავეს შორის წილისყრამ მაინც და მაინც იმ ერთადერთ წყვილში მოახვედრა, რომელსაც პირველ წრეში დასვენება არ უწევს. ქართველი ძიუდოისტი თურქ მურატ დოგანს შეხვდება და თუ აჯობებს, ბრაზილიელი ლეანდრო კუნიას პირისპირ დადგება.
პაპუნაშვილი “დიდ სლემს” რუსეთის ნაკრების წევრ ბეთრაზ კაიტმაზოვთან ჭიდაობით გახსნის. ამ წყვიიდან გასული მერვედფინალში არაბეთის გაერთიანებული ემირატების სახელით მოჭიდავე ვიქტორ სკვორცოვს შეხვდება. რეხვიაშვილი კიმონოს პირდაპირ მერვედფინალიდან მოირგებს, სადაც მისი მოწინააღმდეგე ასევე არაბეთის გაერთიანებული ემირატების ნაკრების წევრი ვადიმ ბოკანი იქნება.
ლევან წიკლაური სატურნირო ბადეში ხორვატ ტომისლავ მარიანოვიჩის სიახლოვეს მოხვდა. მათი გზები ერთმანეთს მეოთხედფინალში კვეთს და თუ იქამდე ჩასატარებელ თითო ბრძოლაში იმარჯვებენ, ქართველ ძიუდოისტს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში განცდილი მარცხის გამო რევანშის აღების შანსი მიეცემა.მერვედფინალში წიკლაური არაბეთის გაერთიანებული ნაკრების წევრ ვალერიუ ჩისკასა და ჩეხ იარომირ მუსილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ზვიად გოგოჭური “დიდ სლემზე” პირველ ნომრადაა განთესილი და მეორე წრეში შვედ იოაკიმ დვარბისა და გერმანელ იანიკ გუტშეს წყვილიდან გასულს შეხვდება. ბექა ღვინიაშვილს კენჭისყრამ პირველ მოწინააღმდეგედ არაბეთის გაერთიანებული საემიროების კიდევ ერთი ნატურალიზებული წევრი ივან რემარენკო არგუნა. თუ აჯობებს, მერვედფინალში უკრაინელ ვალენტინ გრეკოვთან ჭიდაობის უფლებას მოიპოვებს.
100 კილოგრამში 16 მონაწილე აიწონა და შესაბამისად, შეჯიბრებას ყველა მერვედფინალით გახსნის. გიორგი ნოზაძე მონღოლ ენხბატ ერდენებილეგს დაეჭიდება. გურამ თუშიშვილი კი უკრაინელი ვიაჩესლავ დენისოვით დაიწყებს.
ლევან მატიაშვილი და ონისე ბუღაძეც მერვედფინალიდან მოირგებენ კიმონოებს – მატიაშვილი მონღოლ დუურენბაიარ ულზიბაიართან, ხოლო ბუღაძე აზერბაიჯანის ნაკრების წევრ ვახტანგ ბიტიევთან შეხვედრით.
შორენა შარაძე ხვალ მერვედფინალში სლოვენიელ ტინა ტრსტენიაკს დაუპირისპირდება. ირინე ლეონიძე კი ზეგ, პირდაპირ მეოთხედფინალით დაიწყებს, სადაც მეტოქედ ბრაზილიელი კლაუდირენ სეზარი ეყოლება.







