საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები, სეზონს მუშვან ისაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირით გახსნის. შეჯიბრი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, 15 იანვარს გაიმართება.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ, “მსოფლიო სპორტისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანულ ხალიჩაზე 20-ზე მეტი ქართველი ჭაბუკი გავა, მაგრამ სრული განაცხადი არ არსებობს, რადგან ზოგიერთი სპორტსმენი ბაქოში საკუთარი ხარჯით აპირებს გამგზავრებას. ფედერაციაში ამ დროისთვის არსებულ ოფიციალური სიაში კი, შემდეგი 15 ჭაბუკია შეყვანილი:
ტაიფუნ აბდულაევი (42 კგ), რამაზ დარჩიძე (46 კგ), გიორგი ბრეგაძე, ივანე გაბოძე (ორივე - 50 კგ), გიორგი რევაზიშვილი (54 კგ), რაუფ შაკულოღლი (58 კგ), ომარ გურჯიძე, დემეტრე ჯანაშია (ორივე - 63 კგ), შალვა ჭადაშვილი, ნიკა მელიქიშვილი (69 კგ), გიორგი ჩხარტიშვილი, ლაშა გოგრიჭიანი, გიორგი გოგორიშვილი (სამივე - 76 კგ), ბექა როჭიკაშვილი (85 კგ), გენო პეტრიაშვილი (100 კგ).
თამაზ ბენდიანიშვილთან ერთად, ნაკრებს აზერბაიჯანში კიდევ ერთი მწვრთნელი, ამირან მაისურაძე გაჰყვება. გია კოტიშაძე კი, ტურნირზე მსაჯადაა მიწვეული.
შარშან, მუშვან ისაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები, 14-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა და 4 მედალი მოიპოვა. ბექა ბუჯიაშვილი (46 კგ) ჩემპიონი გახდა, ირაკლი მოსიძემ (63 კგ), ლაშა გიგაშვილმა (69 კგ) და გიორგი კაკაურიძემ (100 კგ) კი, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ოთარ მაღლაკელიძე







