გუშინ საღამოს, ბაქოში ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა იმ 4 წონითი კატეგორიის აწონვა და კენჭისყრა გაიმართა, რომლებშიც მედლები დღეს უნდა გათამაშდეს. საინტერესოა, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი მხოლოდ 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავებს. რუსეთის სახელით მოჭიდავე ამბაკო ვაჩაძე კვლავ განაცხადშია და ცხადია ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტადაც მიიჩნევა, აზერბაიჯანელ მსოფლიოს ჩემპიონ ფარიდ მანსუროვთან ერთად. საქართველოს ნაკრების წევრთა მეტოქეებზე კი წონების მიხედვით ვთქვათ.
უმსუბუქეს წონაში, ლაშა გოგიტაძე ჩემპიონატს გერმანელი ოლივერ რუნგეთი გახსნის. ამ 19 წლის მოჭიდავეს უფროსებში ასეთი რანგის ტურნირში აქამდე არასოდეს მიუღია მონაწილეობა. ასაკობრივ ჩემპიონატებში კი მისი საუკეთესო შედეგი შარშანდელ ახალგაზრდულ ევროპირველობაზე დაკავებული მე-7 ადგილია. გამარჯვების შემთხვევაში გოგიტაძე სავარაუდოდ ფინელ ვილ ილმარ კაკის დაუპირისპირდება, რომელმაც თავის ნაკრებში ევროპის მოქმედი ჩემპიონი იანი ჰააპამაკი ჩაანაცვლა. ბადის იმავე მხარეს მოხვდა უმთავრეს ფავორიტად მიჩნეული რუსი, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ნაზირ მანკიევიც. მისი და ლაშას გზები მეოთხედფინალში იკვეთება.
60 კილოგრამში მოჭიდავე რევაზ ლაშხს შედარებით იღბლიანი კენჭისყრა ერგო. ამას ისიც ემატება, რომ ქართველი პირველ წრეში ისვენებს და პირდაპირ მერვედფინალით იწყებს. პირველ მეტოქედ საბერძნეთის სახელით მოჭიდავე არტურ ხაჩატუროვი ეყოლება. ქართველის ბადეში მოხვედრილ მოჭიდავეთაგან გამოსარჩევი რუსი ზაურ კურამაგომედოვია, რომელიც ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონია.
ანტონ მამაგეიშვილი (66 კგ) შეჯიბრს თავისი წონის ყველაზე ხანდაზმული მონაწილით, 32 წლის მოლდოველი ტუდორ გაივანით გახსნის. 2 გამარჯვების შემთხვევაში, მეოთხედფინალში მამაგეიშვილის მეტოქე ამბაკო ვაჩაძე იქნება, რომელმაც შარშანდელ ევროპირველობაზე, საჩემპიონო გზაზე მანუჩარ ცხადაია დაამარცხა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ფარიდ მანსუროვი კი კენჭისყრამ ბადის საპირისპირო მხარეს განთესა.
გენადი გოგიშვილი (74 კგ) ევროპირველობაში მერვედფინალიდან ჩაერთვება, ბელარუს ალექსანდრ კიკინიუსთან შეხვედრით. ამ წყვილში გამარჯვებული სავარაუდოდ უკრაინელ დმიტრო პიშკოვს შეხვდება. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი ბულგარელ იავორ იანაკიევსა და რუს რუსლან ბელხოროევს შორის საუკეთესოს. შარშანდელ ჩემპიონატზე 74 გილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი სომეხმა არსენ ჯულფალაკიანმა მოიპოვა, მაგრამ სომხეთის ნაკრები ბაქოში საერთოდ არ ჩასულა.
ოთარ მაღლაკელიძე







