გულშემატკივრის სვეტი

13:52 | 16.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” ბუნდოვანი მომავალი

სანამ მთავარ სათქმელს ვიტყოდე, კატალონიის “ბარსელონას” ქართველი ქომაგები უნდა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ მათ საყვარელ კლუბს მინიმუმ 4 წლის განმავლობაში, ესპანეთის პირველობაზე ბურთაობასთან დაკავშირებით არაფერი ემუქრება. თუმცა, რა მოხდება 4 წლის შემდეგ, ეს ჯერ არავინ იცის და ესპანეთის პოლიტიკაში არსებული სიტუაცია უფრო და უფრო იხლართება...
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ნოემბრის ბოლოს, ესპანეთის რეგონალურ არჩევნებში, კატალონიის რეგიონში, ესპანეთისგან კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა გაიმარჯვეს. ხმების დათვლის, საკონტროლო გადათვლისა და შემდეგ უკვე გადმოთვლის შემდეგ გაირკვა, რომ ეროვნულმა კოალიცია ”კონვერგენციამ და კავშირმა” გაიმარჯვა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 30% მიიღო. პარტია პარლამენტის 135 ადგილიდან 50-ს დაეუფლა, 21 მანდატი კი მათმა მოკავშირე ”რესპუბლიკური მემარცხენე კატალონიამ” მიიღო. ორივე პარტია კატალონიის ესპანეთისგან გამოსაყოფად რეფერენდუმს ითხოვს. ესპანეთის ცენტრალური მთავრობა კი ირწმუნება, რომ კატალონიელი ნაციონალისტები ამ საკითხზე აქცენტს ფინანსური მდგომარეობის გადასაფარად აკეთებენო, მაგრამ მათი საუბარი “ხმელ ხავსზე” უსუსურად ჩაბღაუჭებას ჰგავს, რადგან კატალონიელთა ამბავი რომ ვიცი, ასე ადვილად ეს ხალხი ალბათ არ გაჩერდება.
ახლახანს, კატალონიის პრეზიდენტმა არტურ მასმა განაცხადა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ისინი კონსულტაციებს გაივლიან კატალონიის 5-მილიონიან მოსახლეობასთან - სჭირდებათ თუ არა მათ დამოუკიდებლობა. მოკლედ, როგორც დასაწყისში ვთქვით, მომდევნო 4 წელიწადი “ბარსელონას” მრავალრიცხოვანი ქომაგები პრიმერაში საყვარელი გუნდის გულშემატკივრობას ძველებურად განაგრძობენ, მაგრამ რა იქნება მერე?
უკვე გამოიკვეთა “ბარსელონას” სავარაუდო მომავლის რამდენიმე კონტური.
პირველი და ალბათ ფეხბურთის ქომაგებისთვის ყველაზე ნაკლებად მისაღები ვარიანტია, თუკი კატალონია დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება და კატალონიის საფეხბურთო ჩემპიონატი დაარსდება, რაც ამ კლუბის დონის ვარდნას აუცილებლად გამოიწვევს.
მეორე ვარიანტია, ესპანეთის ჩემპიონატმა ერთგვარი ღია პირველობის სახე მიიღოს და “ბარსელონამ” და “ესპანიოლმა” მიწვეული კლუბების სახით მიღონ ჩემპიონატში მონაწილეობა.
კატალონიაში აქტიურად განიხილავენ, მესამე ვარიანტსაც, რაც “ბარსელონას” საფრანგეთის ჩემპიონატში გადაბარგებას გულისხმობს.
საფრანგეთის პირველ ლიგაში უკვე თამაშობს ერთი კლუბი – “მონაკო”, რომელიც ოფიციალურად მონაკოს სამეფოს კლუბია და რაკი ციცქნა მონაკოში ნორმალური ჩემპიონატის გამართვა უბრალოდ ვერ მოხერხდება, “მონაკოს” “გაფრანგულებაც” ამიტომ გადაწყდა. მაგრამ, აწყობთ კი ფრანგულ კლუბებს და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს, ჩემპიონატში “ბარსელონას” დარი ძლიერი კონკურენტი? თან, კატალონიური კლუბის ეგრევე პირველ (იქაურ უმაღლეს) ლიგაში შეყვანა, ელემენატრულად უსამართლობა იქნება, რადგან გამოვა, რომ “ბარსელონას” უმთავრეს ფრანგულ ლიგაში გადაყვანით, მეორე ლიგიდან გადამსვლელი ერთ-ერთი ფრანგული კლუბი უნდა დაიჩაგროს. ამავადროულად, ვინმეს წარმოგიდგენიათ ამბიციური “ბარსელონა” საფრანგეთის დაბალ დივიზიონში? არადა, ლოგიკურად, ჩემპიონატის რეგლამენტის დარღვევა თუ არ სურთ, “ლურჯ-ბროწეულისფერები” სწორედ დაბალი დივიზიონიდან უნდა შეეცადონ პირველ ლიგაში აღზევებას.
მომდევნო 4 წელიწადი ბევრ საკითხს ახდის ფარდას და მომავალში ალბათ უფრო დაზუსტებით გვეცოდინება “ბარსელონას” და ”ესპანიოლის” ბედი. ერთი კია - კატალონიის დამოუკიდებლობა ფეხბურთის ხარისხის სავარაუდო დაცემასთან ერთად (თუკი დამოუკიდებლობა რეალურად შედგა) ამ რეგიონის სოციალ-ეკონომიკურ ცხოვრებაზეც ვერ აისახება კარგად. ახლადშექმნილ ქვეყანას იმდენი პრობლემები დააწვება მხრებზე, რომ შეიძლება თავად კატალონიელმა ხალხმა თქვას უარი დამოუკიდებლობაზე. არადა ახლა დიდ ამბავში არიან...
 

 

ლევან სეფისკვერაძე   
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093329