რუბრიკა “ერთგულები”-ს მორიგი სტუმარი, ესპანური “ბარსელონას” 30 წლის ჰავბეკი ხავი ერნანდესია. იგი იმ ბედნიერ “ვარსკვლავთა” შორისაა, ვინც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს საკლუბო დონეზეც (2009) ფლობს და სანაკრებოზეც (2010). ასეთივე მიღწევა აქვს მას ევროდონეზეც - ჩემპიონთა ლიგის მოგებათა შორის, იგი ეროვნული ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონიც (2008) გახდა. კატალონიური კლუბის მაისურით, ხავიმ ახლახანს მე-600 მატჩი ითამაშა, ხოლო სანაკრებო მონაგარს რაც შეეხება, უახლოეს მომავალში, საიუბილეო მე-100 შეხვედრის ჩატარებასაც იზეიმებს.
ხავი ერნანდესი
ამპლუა: ნახევარმცველი
ეროვნება: ესპანელი
სეზონი კლუბში: 13
მატჩი კლუბში: 600
ტიტული: 14. მათ შორის:
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი - 5 (1999, 2005, 2006, 2009, 2010);
ესპანეთის თასი - 1 (2009);
ესპანეთის სუპერთასი - 4 (2005, 2006, 2009, 2010);
უეფას ჩემპიონთა ლიგა - 2 (2006, 2009);
უეფას სუპერთასი - 1 (2009);
კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი - 1 (2009).
ცნობილთა ციტატები
დანი ალვეში (“ბარსელონას” მცველი): “ჩვენ ყველა აწმყოში ვცხოვრობთ, ხავი კი - მომავალში. ეს, მის მიერ მინდორზე დემონსტრირებულის ერთადერთი ახსნაა. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ფეხბურთი - ჯანიანი ბიჭების კი არა, ხავის, პედროსა და ინიესტას მსგავსი ჭკვიანი “პატარების” თამაშია”.
იკერ კასილიასი (“რეალის” კიპერი): “ხავი “ბარსელონას” მთავარი ფიგურაა. იგი უნარიანად მართავს გუნდის თამაშს, მინდორს სხვებზე უკეთ ხედავს, მყისიერად იღებს გადაწყვეტილებას და ჩანაფიქრსაც ჩინებულად ახორციელებს. როცა ხავი მოწინააღმდეგეთა შორისაა, წამითაც ვერ მოდუნდები. იგი შესანიშნავი ადამიანია და ბედნიერი ვარ, რომ უკვე 13 წელია ვმეგობრობთ”.
ჟოან ლაპორტა (“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი): “ერთადერთი გუნდი, რომელიც ხავის აინტერესებს - “ბარსელონაა”. კონტრაქტის განახლებამდე, არ არსებობს მიზეზი ინერვიულო, რას შესთავაზებენ მას სხვა კლუბები. ჩვენ ვიცით, რომ ხავის მხოლოდ “ბარსელონაში” თამაში სურს. თუმცა, ხავიმაც იცის, რომ კლუბი მასზე ეკონომიის გაკეთებას არ შეეცდება - ჩვენ კარგად ვიცით, რომ იგი გუნდის წამყვანი მოთამაშე და სამაგალითო პიროვნებაა ნებისმიერი ნორჩი ფეხბურთელისთვის. საკუთარი კარიერით, ხავი იმის შესანიშნავ მაგალითს იძლევა, თუ როგორ შეიძლება გახდე გუნდის ლიდერი დაუღალავი შრომითა და მიზანმიმართულობით”.
“ნოუ კამპზე” გასამართ ბოლო კლასიკომდე (2009 წლის 29 ნოემბერი) ორი დღით ადრე, ხავი ერნანდესი, სან ჟოან დესპში მდებარე “ბარსელონას” ბაზაზე, ერთ-ერთი ინგლისური ჟურნალისთვის ინტერვიუს იძლეოდა. კორესპონდენტს აინტერესებდა, რას გრძნობდა ფეხბურთელი გუნდის მიერ წლის განმავლობაში ექვსივე ტიტულის მოპოვების შემდეგ. ხავი პასუხობდა, რომ მთავარია, “ბარსას” მოთამაშეებს თავში “არ აუვარდეთ” და ისეთივე თავდამბლები დარჩნენ, როგორებიც მანამდე იყვნენ. ჟურნალისტს ისიც აინტერესებდა, მზად იყო თუ არა ესპანეთის ნაკრები დამდეგი მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტის სტატუსი გაემართლებინა. “ესპანეთი ფავორიტი სულაც არაა, ყველაფერი მინდორზე გვაქვს დასამტკიცებელი. მუნდიალის მოგება ჩემი ცხოვრების ოცნებაა და ამისთვის არაფერს დავიშურებ”, - იყო ხავის პასუხი.
ჟურნალისტი ნახევარმცველს კლუბის შესაძლო გამოცვლაზეც დაეკითხა, რაზეც ხავიმ განსაკუთრებულად უპასუხა:
“რადგან ინგლისიდან ხართ, აი, რას გეტყვით. მე ყოველთვის მხიბლავდა მეტ ლე ტისიეს თამაშის ცქერა. იგი მთელი ცხოვრება “საუთჰემპტონში”, პატარა სტადიონის მქონე პატარა კლუბში თამაშობდა. ლე ტისიე ძალიან ჭკვიანი მოთამაშე იყო, რომელიც ლა ლიგაშიც შეძლებდა წარმატების მიღწევას. მას მუდმივად იწვევდნენ ყველა ტოპ-ჩემპიონატების სხვადასხვა კლუბებში, მაგრამ ყოველთვის იქ რჩებოდა, სადაც მისი გული იყო. მე სწორედ ასეთი ვარ - არასოდეს მინდოდა სხვა კლუბში თამაში. ჩემი სურვილი ყოველთვის იყო და არის, ვითამაშო “ბარსელონაში” იმდენ ხანს, რამდენიც შესაძლებელი იქნება. სერიოზული შემოთავაზებები მქონდა “მილანისგან”, “მანჩესტერ იუნაიტედისგან”, მაგრამ ფული ჩემთვის მთავარი არაა. მე ხომ ბავშვობიდან “ბარსას” ქომაგი ვარ. მახსოვს, როგორი მოხიბლული ვიყავი ბერნდ შუსტერის თამაშით. იგი ძალიან უჩვეულოდ გამოიყურებოდა - მაღალი, გრძელი ღია ფერის თმებით. ჩემს მშობლიურ ტერასაში არასოდეს შევხვედრივარ ასეთი აღნაგობის ადამიანებს. მეორე კერპი მარადონა მყავდა, მესამე კი გვარდიოლა იყო. თავიდან, როგორც მაყურებელი ვიყავი პეპის თამაშით აღფრთოვანებული, შემდეგ კი, იგი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილის მქონე ადამიანი გახდა”.
ხავი გვარდიოლას მემკვიდრე გახდა. სწორედ ტერასას მკვიდრმა შეცვალა ხოსეპი “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში 1999/2000 წლების სეზონში, როცა ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო. ეს იყო, არა მხოლოდ ძირითადის 11 ფეხბურთელიდან ერთ-ერთის შეცვლა, არამედ ყველაფერი, გუნდისთვის გულის გადანერგვის ოპერაციას დაემსგავსა. ბევრს ეეჭვებოდა, მაგრამ ხავიმ პირნათლად გაართვა თავი ამ უმძიმეს “ქირურგიულ ჩარევას”.
ხავი ერნანდესმა პრაქტიკულად ყველა კომპონენტში შეცვალა გვარდიოლა. მან მასზე მეტი ჯამური ტიტული მოიგო, ჩაატარა უფრო მეტი შეხვედრა (იგი “ბარსას” ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა მიგელის შემდეგ, რომელმაც კლუბში 500-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. მეტიც, 2011 წლის დასაწყისში, ჩვენი გმირი რეკორდსმენის ზღვარს (620) გადააჭარბებს) და ქომაგებისთვის პეპივით საყვარელი და პატივცემული ადამიანი გახდა. ამასთან, მოედნის სიღრმიდან გაკეთებულ გამჭოლ პასებს, რითაც ასე ცნობილი იყო გვარდიოლა, აღარ სჭირდება ეწოდოს “ფორვარდის მეკარესთან პირისპირ გამყვანი, მინდვრის ცენტრიდან გაკეთებული მწვავე გამჭოლი პასი”. ასეთი გრძელი ფორმულირების ნაცვლად უბრალოდ შეიძლება თქვათ - “ხავის პასი” და მსოფლიოს ყველა კუთხეში გაიგებენ, რაზეცაა საუბარი.
“ხავი იმსახურებს უფლებას “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველად იწოდებოდეს”, - თქვა გვარდიოლამ ვილიარეალში 2010 წლის 1 მაისს, სადაც ჩემპიონის ტიტულისაკენ მიმავალი “ბარსას” გამარჯვებაში (4:1), ხავის გოლმაც მისი წვლილი შეიტანა. სხვათა შორის, ხავიმ ის მატჩი მოუშუშებელი ტრავმით ითამაშა და რეციდივის მიღებით რისკავდა, რაც საეჭვოს გახდიდა მის მუნდიალზე გამგზვარებას. “კლუბის ინტერესების გამო, ხავი ასეთ რისკზე წავიდა - იგი საუკეთესოა”, - ასე შეაფასა მწვრთნელმა მისი მემკვიდრის საქციელი.
მნიშვნელოვანი სტატისტიკური მაჩვენებლებიდან დარჩა ერთადერთი, რომელშიც ხავი ჯერ კიდევ ვერ დაეწია პეპის: ლა ლიგას მოგებული ტიტულები. ხავის ანგარიშზე, ნაციონალური ჩემპიონატის მოგებისთვის მიღებული 5 ოქროა. წინ მხოლოდ ორნი არიან - ანტონი რამალეტსი და ხოსეპ გვარდიოლა. სწორედ ამ უკანასკნელის თავკაცობით, ხავი ცდას არ აკლებს, რომ კარიერაში მეექვსედ მოიგოს ჩემპიონის ტიტული.
“წინ ძალიან ბევრი ზღვარი მაქვს გადასალახავი. ესენი, უმეტესწილად, საკლუბო რეკორდებია, მათ შორის “ბარსელონას” რიგებში ჩატარებული მატჩების მხრივ. წარმოგიდგენიათ, როგორია - ჩაატარო “ბარსას” ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი. ეს ჩემთვის, ყველაზე დიდი მიღწევა იქნებოდა. მაგრამ მთავარი, მაინც გუნდური და არა პირადი წარმატებებია. სულაც არ მაქვს მოყირჭებული ეს გამარჯვებები. კი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები, ყველა საკლუბო ტიტული მოვიგე, მაგრამ კვლავ მოგების სურვილი არსად გამქრალა. გამარჯვება ნარკოტიკივითაა - როცა ერთ ტიტულს იგებ, ამის შემდეგ კიდევ უფრო გიმძაფრდება ახალი ტიტულის მოგების სურვილი”, - ასე მსჯელობს ხავი ერნანდესი.
“ბარსელონაში”, რომლის ძირითადი შემადგენლობის ნახევარი, ადგილობრივი აღსაზრდელებითაა წარმოდგენილი, ძნელია ვინმე მშობლიური კლუბის ერთგულებით გააკვირვო. თუმცა, ხავი ამ ფონზე გამორჩევასაც ახერხებს. როცა ამ წლის გაზაფხულზე “ნოუ კამპის” ერთ-ერთ დარბაზში, UNIშEF-ის ელჩად ლიონელ მესის “ზიარების” ცერემონია იმართებოდა, ხავი “ბარსას” ფეხბურთელებიდან ერთადერთი იყო, ვინც მისასალმებელი სიტყვების მოსასმენად მივიდა. დარბაზში ყველა სავარძელი დაკავებული იყო - ხავი კი მორიდებით, კედელთან იდგა და არგენტინელ თანაგუნდელს ტაშს უკრავდა.
კიდევ ერთი რამ გამოარჩევს ხავის მისი ბევრი თანაგუნდელისაგან. იგი “ბარსელონას” ლიდერებიდან ერთადერთია, რომელიც კატალონიის მთავარი ქალაქის პრესტიჟული რაიონებიდან მოშორებით ცხოვრობს. მაშინ როცა თანაგუნდელების უმეტესობა ბარსელონას ელიტური ზონის ვილებში, ან ზღვისპირა დასახლებაში ცხოვრობენ, ხავი ჩრდილო-დასავლეთით, 30 კილომეტრით მოშორებულ პატარა ქალაქ ტერასაში ცხოვრებას ამჯობინებს და შესაბამის ახსნას ამასაც უძებნის: “ძალიან მიყვარს ბარსელონა, მაგრამ ტერასაში ცხოვრება უფრო მიიოლდება. ჩემ სახლთან ახლოს მშობლები, და, ძმები, და ბავშვობის ყველა მეგობრები ცხოვრობენ. მე აქ ბედნიერი ვარ და სხვაგან არაფერს ვეძებ”.
მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა









