ბევრი მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, ის, რასაც ბელარუსული საფეხბურთო კლუბი “ბატე” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში აკეთებს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ ჩამორჩა ქართული საკლუბო ფეხბურთო მსოფლიოს და როგორ გვაჯობა ყველამ, ვინც კი ოდნავ მაინც გაანძრია ხელი და ტვინი. არ მგონია ბელარუსულ ფეხბურთს ჩვენ ქვეყანაში ბევრი გულშემატკივარი ჰყავდეს. ამიტომ, გავბედავ და ვიტყვი, რომ ბელარუსული ფეხბურთი არასოდეს ყოფილა იმ დონის, რომ გერმანულ გრანდთან გამარჯვება “გაებედათ”. არ ყოფილა და ალბათ კარგა ხნის მანძილზეც არ იქნება, მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ ერთად ვნახეთ ბორისოვოში მიუნჰენის “ბაიერნთან” დიდი გამარჯვების ამსახველი კადრები და ბელარუსი ქომაგების სახეებიც დავინახეთ, რომელების დიდი ნაწილი სიხარულის ცრემლებს აღვარღვარებდა... ახლა რამდენიც არ უნდა იძახონ ქართული ფეხბურთის მესვეურებმა, პრობლემები გვაქვს და წინსვლა იმიტომ გვიძნელდებაო – ვინ დაუჯერებთ? ბელორუსს არა აქვს პრობლემები? ჩამოვთვალოთ პრობლემები რაც ამ ქვეყანას თუნდაც ბოლო 15 წლის მანძილზე სჭირს?!
“ბატე” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წელს პირველად არ გასულა. როდესაც პატარა სლავური ქალაქის ეს უსახელო გუნდი ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე პირველად გავიდა მაშინაც დავწერე სვეტი და მგონი ისიც ვთქვი, რომ “ბატე” დღეიდან ჩვენთვის მაგალითია და ამ კლუბის მაგალითზე ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ – მეთქი. იმის შემდეგ, რამდენიმე წელიწადი გავიდა. “ბატე” ისევ მოხვდა ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე. ჩვენ კი, ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრაც დიდ ოცნებად გვაქვს ქცეული და მხოლოდ იმით ვსაზრდოობთ, რომ იყო დრო, როდესაც მინსკის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მოთამაშე სხვა კლუბებს ჩვენი “დინამო” და ”ტორპედო” ამარცხებდნენ. ეს მხოლოდ “წარსულთან ლაციცი” არაა. ესაა ადამიანების პოზიცია, რომელთაც სხვა აღარაფერი დარჩათ სათქმელი და საამაყო... სიამაყე კი, ადამიანის ერთ-ერთი ცნობილი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლია.
დღეს მთელი საქართველო პოლიტიკური ამბებითაა გარემოცული და სპორტზე სასაუბროდ ცოტა ვინმეს თუ სცხელა. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც ძველებურად ადარდებთ ის, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება და ძველებურად უხარიათ ჩვენი გუნდების იოტისოდენა წარმატებაც კი. ბელორუსის ეროვნულ გუნდთან ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა ყველა დაფარულმა თუ დაუფარავმა სიხარულმა შეგვიპყრო. მერე რა რომ ეს გამარჯვება ერთი ფეხბურთელის მონდომებისა და მოწადინების შედეგი იყო?! მთავარია ჩვენ გავიმარჯვეთ! რას ვიზამთ, ასეთია ზოგადად ქომაგის ბუნება. იმ თამაშის შემდეგ, ერთი თბილისელი ახალგაზრდა კაცი გავიცანი, რომელიც ამბობდა, რომ ნაკრების გამარჯვების მიუხედავად, ბელარუსული ფეხბურთის დღევანდელ დონემდე მაინც ძალიან ბევრი გვაკლია და ეს სულ მალე გამოჩნდებოდა საკლუბო ფეხბურთში. ისე თქვენ აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც იმ კაცის ეს სიტყვები ახლა. ახლა, როდესაც ბელარუსულმა “ბატემ” თანამედროვე ფეხბურთში ისტორიის ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი უკვე დაწერა, ქართველებს კიდევ ერთხელ მოგვიწევს დაფიქრება იმაზე, ვადგავართ თუ არა სწორ გზას და ქართული ფეხბურთის განვითარების ამ ტემპებით ოდესმე თუ მაინც გვეღირსება ჩვენთვის ესოდენ ნანატრ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. ეჰ, ოღონდ გავიდეთ და “ბაიერნთან” დამარცხებას ვინ ჩივის...
ლევან სეფისკვერაძე









