გაბრიელ ბატისტუტა ის ფეხბურთელია, რომელმაც არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით, დღემდე, ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. ის იტალიური “ფიორენტინას” უმთავრესი ვარსკვლავი იყო და ფლორენციაში ძეგლიც დაუდგეს, მაგრამ მოგვიანებით, “რომაში” გადასვლა ვერ აპატიეს და ძეგლი აიღეს. 41 წლის გაბრიელს ახლაც აქვს თავის ყოფილ თანაგუნდელებთან ურთიერთობა, მაგრამ არა დიეგო მარადონასთან.
ბატისტუტა თავის განვლილ კარიერაზე World Soccer-ს ესაუბრა.
- თქვენ, არგენტინის ეროვნული ნაკრების არსებობის ისტორიაში, მისი ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი ხართ. ეს, თქვენი მთავარი მიღწევაა?
- არა, მთავარია, რომ მე პატივს მცემენ მთელს მსოფლიოში, სადაც არ უნდა წავიდე. თავისუფლად შემიძლია არგენტინის ნებისმიერ სტადიონზე მისვლა და არცერთი გუნდის ქომაგი, რომელთა წინააღმდეგაც თავის დროზე მითამაშია, არ მაწყენინებს და შეურაცხყოფას არ მომაყენებს. ანალოგიური სიტუაციაა მთელს ლათინურ ამერიკაში და იტალიაში.
- რას გრძნობთ, როდესაც ხუან რომან რიკელმეს დარი ფეხბურთელები სანაკრებო კარიერას ასრულებენ?
- არ მესმის, ამას რატომ აკეთებენ, მაგრამ მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.
- თქვენ გასული საუკუნის მეორე ნახევრის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში მოხვდით...
- ეს ჩემთვის დიდი პატივია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ტოპ-კლუბში არასდროს მითამაშია. რაღა თქმა უნდა, ასეთი გუნდია არგენტინის ეროვნული ნაკრები, მაგრამ კარიერის უმეტესი ნაწილი ისეთ გუნდებში გავატარე, როგორებიც “ფიორენტინა” და “რომაა”, და არა ისეთ კლუბებში, როგორებიც “რეალი” და “მანჩესტერი”, ან “ბარსელონა” და “ჩელსი” არიან.
- თქვენ გთავაზობდნენ ამ გუნდებში გადასვლას?
- მე უარი ვთქვი, რადგანაც “ფიორენტინა” ძლიერ შემიყვარდა. იდეა, რომ ერთი ჩვეულებრივი, პატარა გუნდი გრანდად მექცია, მხიბლავდა და ამ იდეას მთელი ენერგია შევალიე.
- და სწორედ ამისთვის, ფლორენციაში ძეგლი დაგიდგეს...
- დიახ, მაგრამ ის უკვე აღარ არის. როდესაც “რომაში” გადავედი, გულშემატკივართა უმრავლესობა ჩემზე განაწყენდა და ის აიღეს.
- “რომასაც” კარგად შეესისხლხორცეთ?
- დიახ, თუ შეიძლება ასე ითქვას, იქ პირად წარმატებას მივაღწიე. ვცდილობდი “ფიორენტინას” მენეჯერები დამერწმუნებინა, რომ თუ რამდენიმე ძლიერ ფეხბურთელს შევიძენდით, ჩემპიონები გავხდებოდით, მაგრამ მერე მივხვდი, მათი და ჩემი აზრები ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული იყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე “რომაში” გადასვლა. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ კარგ გუნდთან ერთად, ტიტულის მოგება შემეძლო.
- არ ნანობთ, საფეხბურთო კარიერა არგენტინულ კლუბში რომ არ დაასრულეთ?
- არ ვიცი, თუმცა, მახარებს ის, რომ ევროპაში გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე. კარიერის ბოლოს არგენტინაში რომ დავბრუნებულიყავი, ჩემგან ყველა ისეთი თამაშის ჩვენებას მოითხოვდა, როგორსაც საზღვარგარეთ ვაჩვენებდი. მაგრამ ფიზიკური კონდინციები წინანდელისგან აშკარად განსხვავდებოდა. ძალიან ბევრ ადამიანს გულს დავწყვეტდი, ეს კი არ მინდოდა.
- ყოფილ თანაგუნდელებთან ურთიერთობა თუ გაქვთ?
- ზოგიერთთან. პერიოდულად ვნახულობ დიეგო სიმონეს, მაგრამ არა მარადონას!
გაბრიელ ომარ ბატისტუტა
დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს აველიანედეში (არგენტინა)
მეტსახელი: ბატიგოლი
პოზიცია: ცენტრალური თავდამსხმელი
საკლუბო კარიერა: “ნიუელს ოლდ ბოიზი”, არგენტინა (1988-1989), “რივერ პლეიტი”, არგენტინა (1989-1990), “ბოკა ხუნიორსი”, არგენტინა (1990-1991), “ფიორენტინა”, იტალია (1991-2000), რომა, იტალია (2000-2003), “ინტერი”, იტალია (2003), “ალ-არაბი”, ყატარი (2003-2005);
საერთაშორისო კარიერა: არგენტინის ეროვნულ ნაკრებში, 1991-2002 წლებში ჩაატარა 78 მატჩი, გაიტანა 56 გოლი;
მიღწევები: იტალიის ჩემპიონი (2000-2001 წლების სეზონში), იტალიის სუპერთასის მფლობელი (1996, 2001), იტალიის თასის მფლობელი (1995-1996 წლების სეზონი), იტალიის სერია B-ს გამარჯვებული (1993-1994), იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი (1994-1995 წლების სეზონი), სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი (1991, 1993), სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1991 წელს, 6 გოლი), არგენტინის წლის ფეხბურთელი (1998)
მოამზადა ზურა ქსოვრელმა







