ჭადრაკი

16:32 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმიც წარვადგინეთ!

 

გუშინ სასტუმრო „რიკაში“ ქართულმა დელეგაციამ სტუმრებს კვლავ უხმო და ამჯერად ქალაქ ბათუმის წარდგენა მოახდინა. ბათუმი რომ ჩვენმა ქვეყანამ 2018 წლის მსოფლიო ოლიმპიადის მასპინძლობისთვის შეიგულა, კარგად მოგეხსენებათ. ჩვენი სურვილი ერთია და მეორეა, როგორ დაუჭერს მხარს საჭადრაკო სამყარო ამ  ინიციატივას. საარჩევნო პერიპეტიებზე მხოლოდ იმას თქმა შემიძლია, რომ ასეთ ორგანიზებულ და დახვეწილ კამპანიას, როგორსაც ქართული მხარე აწარმოებს, იშვიათად შევხვედრივარ. ცხადია, ეს კარგია და კიდევ უკეთესი ის არის, რომ მტერ-მოყვარეც თვალნათლივ ხედავს ყველა სიკეთეს, რაც, იმედია, საბოლოოდ არჩევნების შედეგებში აისახება.

ადრეც დავწერე და ახლაც გავიმეორებ, რომ გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება; შესაძლოა, ასე ფიქრობენ ქართული დელეგაციის სხვა წევრებიც, მაგრამ პირად საუბრებში მაინც თავშეკავებულნი არიან... ჩემი ოპტიმიზმის საფუძველი ფიდეს და ევროპის საჭადრაკო კავშირის არჩევნების შედეგებია, სადაც კირსან ილუმჟინოვმა  და ზურაბ აზმაიფარაშვილმა დიდი უპირეატესობით აჯობეს კონკურენტებს. დაახლოებით იგივე ფედერაციები იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები; შესაძოლა, უკეთესი შედეგებიც კი ვიხილოთ, რადგანაც, ჯერ ერთი, გარდა სწორი და გამართული მენეჯმენტისა, აჭარა ბევრი ქვეყნისთვის უფრო მისაღებია გეოგრაფიული თვალსაზრისით, ვიდრე  შავი  კონტინენტის უკიდურესი ქვეყანა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, და მეორე: აფრიკელებს გარდა ბუკლეტების დარიგებისა, სხვა რამ ფორმით საარჩევნო კამპანია არ უწარმოებიათ; აღარას ვამბობ იმ ქალაქის და მთლიანად ქვეყნის წარდგენაზე, სადაც სურთ ოლიმპიადის ჩატარება. ზუსტ ინფორმაციას ალბათ არავინ მოგვაწვდის, მაგრამ აფრიკული ქვეყნის ხელმძღვანელობა დიდ ენთუზიაზმს რომ არ ავლენს, ფაქტია;  მაინცდამაინც არც აფრიკის ჭადრაკის ხელმძღვანელობა  იკლავს  თავს, რასაც კვლვ იმ აზრამდე მივყავართ, რომ ბათუმი უპირობო ფავორიტია და კეიპტაუნს, რომელიც ოფიციალურადაა წარდგენილი  აფრიკელთა მიერ, მხოლოდ ეფემერული შანსები შერჩენია.

ახლა უფრო  კონკრეტულად ქართულ საღამოზე.

სტუმრად უამრავი ადამიანი მოვიდა - ზუსტი ციფრის თქმა ძნელია, მაგრამ სამასზე მეტი ნამდვილად დაითვლებოდა. ევროპულად გაწყობილ სუფრაზე, ანუ ალაფურშეტზე მრავალი კერძის თუ დელიკატესის, სხვადასხვა ტკბილეულობის  დაგემოვნება იყო შესაძლებელი. ყველაზე მეტი პოპულარობით კი, რა თქმა უნდა, ქართული ღვინო სარგებლობდა. სოლიდური მარაგის მიუხედავად, საღამოს ბოლომდე ჩვენი „მარანი“ მთლიანად დაცარიელდა და დიდი გულისწყვეტაც გამოიწვია ამ ფაქტმა.

დიდ ეკრანზე სპეციალურად დამზადებული კლიპების ჩვენება მიმდინარეობდა; რამდენიმე კი უკვე საკმაოდ პოპულარული ქართული კლიპიც ვიხილეთ. უნდა აღინიშნოს, რომ დამსწრეებზე ამ ყველაფერმა დიდი შტაბეჭდილება მოახდინა, რამაც ორგანიზატორებს კლიპების რამდენჯერმე გამეორებისაკენ უბიძგეს.

საღამო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გახსნა. მისი ინგლისური საკმაოდ დახვეწილად და, რაც მთავარია, მახვილგონივრულად ისმოდა დარბაზში, რამაც სტუმართა დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. ვინ, ვინ და ჩვენში ხომ შესანიშნავად იციან კარგი წამყვანის, ანუ - თამადის ფასი და  მინისტრმა საუკეთესო ქართული ტრადიციების ნიშნით წარმართა საღამო. ბატონ ლევანს გვერდს უმაგრებდა აჭარის ავტონომირი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე  არჩილ ხაბაძე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ჩემობრძანდა  ტრომსოში. მას თან ახლავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი  ზაურ ფუტკარაძე, პროტოკოლის უფროსი ირაკლი ბერიძე და აჭარელი ბიზნესმენი ლევან ხიმშიაშვილი. აქვეა საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნორვეგიის სამეფოში  მამუკა ციხელაშვილი.

მისალმებისა და რამდენიმე აუცილებელი ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ  თავიანთი მხარდაჭერა გამოთქვა მრავალმა მაღალჩინოსანმა.მათ შორის ფიდეს პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა, აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მაირ მამედოვმა; აზერბაიჯანის სპორტის მინისტრმა აზად რაგიმოვმა და სხვებმა. სხვათა შორის, აზერბაიჯანის დელეგაციამ, რომელიც ასევე საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, თხოვა ქართველებს, რომ  ამ საღამოზე სტუმრებისთვის საჩუქრების დარიგების უფლება მიეცათ. ცხადია, ასეთ წინადადებაზე უარს არავინ იტყოდა, მითუფრო მაშინ, როცა ქართულ მხარესაც ჰქონდა საჩუქრები გამზადებული - სპეციალური ჩანთა ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ლოგოთი, რომელშიც ერთი ბოთლი ქართული ღვინო - საფერავი, მცირე ზომის ქვევრი და ჩურჩხელა იდო; ცალკე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელთა მიერ დამზადებული  ჩანთა მიიღეს სტუმრებმა სადაც ბათუმზე და სრულიად აჭარაზე, მის ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე თუ პერსპექტივაზე სპეციალურად დამზადებული ბუკლეტების  მეშვეობით  სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.  ჩანთაში შეგეძლოთ გენახათ ასევე დისკი, უკვე ზემოთ ნახსენები კლიპებით და  ბათუმი-2018 -ის ლოგოთი დამშვენებული მაისურა.

მიღება დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა და, შეგვიძლია ვთქვათ, რომ  კიდევ ერთი ქართული გამარჯვებისთვის დიდი და მძლავრი ნაბიჯი გადაიდგა.

დავიდგამთ თუ არა გამარჯვების გვირგვინს, სულ მალე, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, რის შესახებაც ოპერატიულად გაცნობებთ.

ზვიად შათირიშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099765