19-20 თებერვალს, ბათუმმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრში მონაწილეობა 207-მა სპორტსმენმა მიიღო. შაბათს მედლები პირველ ოთხ წონით კატეგორიაში – 50, 55, 60 და 66 კილოგრამებში გათამაშდა, კვირას კი ხალიჩაზე 74, 84, 96 და 120 კილოგრამში მოჭიდავეები გავიდნენ.
საქართველოს პირველობას ახალგაზრდული ნაკრების შარშანდელი შემადგენლობის ოთხი ტიტულოვანი წევრი დააკლდა. დავით ხუციშვილსა (74 კგ) და გიორგი საკანდელიძეს (120 კგ) ახალგაზრდებში ჭიდაობის უფლებას ასაკი აღარ აძლევთ, ხოლო ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ) და დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ნაკრების მწვრთნელთა საბჭომ დაასვენა, რადგან ორივე ძირითადი ნაკრების უმთავრესი კანდიდატია.
ახალგაზრდულის მთავარმა მწვრთნელმა, ნუგზარ სხირელმა რამდენიმე დღის წინ, “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში აღნიშნა, ხინჩეგაშვილს და მარსაგიშვილს ახალგაზრდულ ევროპირველობაზე ჭიდაობა მაინც გარანტირებული აქვთ. დანარჩენ ექვს წონაში კი ევროშემადგენლობა ბათუმში გაჩემპიონებული მოჭიდავეებით დაკომპლექტდებაო. ამრიგად, ივნისის ბოლოს, სერბეთში ჩასატარებელ ჩემპიონატზე წამსვლელ განაცხადს ლევან როჭიკაშვილი (50 კგ), თენგიზ ჩოჩიშვილი (60 კგ), დავით ტლაშაძე (66 კგ), ბექა პეტრიაშვილი (74 კგ), თედორე ებანოიძე (96 კგ) და გიორგი ასლანიშვილი (120 კგ) შეავსებენ. 55 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონი ლაშა ლომთაძე გახდა, ხოლო 84-ში – სანდრო ამინაშვილი. ცნობისთვის, ლომთაძემ საჩემპიონო გზაზე ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი პრიზიორი ლაშა ტალახაძე ჩამოიცილა, თუმც აქვე შეგახსენებთ, ტალახაძე აქამდე ერთი წონითი კატეგორიით დაბლა - 50 კილოგრამში ჭიდაობდა.
საქართველოს ჩემპიონატში ორმა გოგონამაც მიიღო მონაწილეობა. 63 კილოგრამში ერთმანეთს აჭარის სახელით მოჭიდავე შორენა შარაძე და გორელი ანი აკოფოვი დაუპირისპირდნენ. შარაძე აქამდე ძიუდოისტი იყო, მაგრამ ბოლოხანს ჭიდაობაში გადაინაცვლა და პირველ წარმატებას ბათუმში მიაღწია.
ოთარ მაღლაკელიძე
თავისუფალი ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
ახალგაზრდები
ბათუმი. 19-20 თებერვალი
50 კგ
1 ლევან როჭიკაშვილი (საგარეჯო)
2 ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
3 რამაზ დარჩიძე (აჭარა)
3 ხვთისო იორამაშვილი (გორი)
55 კგ
1 ლაშა ლომთაძე (ქუთაისი)
2 ბექა ქობალია (წალენჯიხა)
3 აკაკი მოწონელიძე (ხაშური)
3 ლაშა ტალახაძე (ხაშური)
60 კგ
1 თენგიზ ჩოჩიშვილი (გორი)
2 ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
3 რამინ ნუთიძე (აჭარა)
3 ზურაბ იაკობაშვილი (ყვარელი)
66 კგ
1 დავით ტლაშაძე (გორი)
2 დავით გალეგაშვილი (გორი)
3 დავით ბუზიაშვილი (ხაშური)
3 კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)
74 კგ
1 ბექა პეტრიაშვილი (ხარაგაული)
2 რევაზ ივანიშვილი (თბილისი)
3 კახა თავაძე (სამტრედია)
3 ალექსი ჯაჭვაძე (გარდაბანი)
84 კგ
1 სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
2 ლევან გოგრიჭიანი (თბილისი)
3 ბექა ჩომახიძე (ხონი)
3 ვეფხვია ჯაჭვაძე (აჭარა)
96 კგ
1 თედორე ებანოიძე (ხარაგაული)
2 მამუკა კორძაია (აჭარა)
3 გიორგი მეშვილდიშვილი (ონი)
3 ომარ გუსოშვილი (გორი)
120 კგ
1 გიორგი ასლანიშვილი (ბოლნისი)
2 ვალერი გზირიშვილი (კასპი)
3 დავით გობეჯიშვილი (ონი)
3 გენო პეტრიაშვილი (გორი)







