როგორც უკვე ვიუწყებოდით, ქართველმა მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილმა (2505) ქალთა შორის 2013-14 წლის გრან პრის გათამაშების პირველ ეტაპზე სენსაცია მოახდინა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ ტურნირზე ხოტენაშვილს 12 მონაწილეს შორის მე-8 რეიტინგი ჰეონდა, თუმცა, 11 ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნული გამარჯვება მოიპოვა.
ბელამ დასკვნითი პარტია შავი ფიგურებით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ უკრაინელ ანა უშენინასთან (2491) ჩაატარა და მისთვის სრულიად მისაღები ყაიმი დააფიქსირა, შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე კი შემდეგი კომენტარი გააკეთა.
“ამ გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ. აღნიშნული შედეგი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, მის პრეზიდენტ გია გიორგაძეს და ჩემს მწვრთნელ დავით ჯოჯუას დახმარებისთვის”.
შეგახსენებთ, რომ გრან პრი სულ ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპისთვის 60 000 ევროა გამოყოფილი, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობით ნაწილდება: I ადგილი – 10 000 ევრო (+160 ქულა), II – 8 250 (+130), III – 6 750 (+120), IV – 5 750 (+90), V – 5 000 (+80), VI – 4 500 (+70), VII – 4 250 (+60), VIII – 4 000 (+50), IX – 3 250 (+40), X – 3 000 (+30), XI – 2 750 (+20), XII – 2 500 (+10).
ამგვარად, პირველი ეტაპის შედეგებით, 160 ქულით ხოტენაშვილი გალიდერდა, ნანა ძაგნიძის (2545) აქტივში კი, რომელმაც 6.5 ქულით მე-4 შედეგი აჩვენა, 90 ქულაა. რეგლამენტის თანახმად, თითოეულმა მოჭადრაკემ ოთხ-ოთხ ტურნირში უნდა მიიღოს მონაწილეობა. საერთო ჩათვლაში კი, მათ მიერ ნაჩვენები სამი საუკეთესო შედეგი შევა.
მომდევნო ეტაპს 15-29 ივნისს სომხეთის ქალაქი დილიჟანი უმასპინძლებს და ქართველი მოჭადრაკეები იქაც ითამაშებენ. უკვე ცნობილია, რომ ხოტენაშვილის და ძაგნიძის გარდა, დილიჟანის ტურნირში კონერუ (ინდოეთი), მუზიჩუკი (სლოვენია), ნ.კოსინცევა (რუსეთი), სტეფანოვა (ბულგარეთი), ჩმილიტე (ლიტვა), ჰარიკა (ინდოეთი), უშენინა (უკრაინა), დანიელიანი (სომხეთი), გირია (რუსეთი) და ბატჩიმეგი (მონღოლეთი) ჩაერთვებიან.
ისიც ვთქვათ, რომ ფიდეს გადაწყვეტილებით, გრან პრის გათამაშების ერთ-ერთ, კონკრეტულად კი V ეტაპს თბილისიც უმასპინძლებს, მომავალი ტურნისი 2014 წელს, 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
როგორც ცნობილია, გრან პრის გამარჯვებული, 2015







