ფეხბურთი

12:53 | 1.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიაში მცხოვრები სოხუმელი ბერძენი საქართველოს ნაკრებს ქომაგობდა

ბრიუსელში ყოფნის დროს შემთხვევით აღმოვჩნდი ბერძენი ბიზნესმენების მიერ ათვისებულ ქუჩაზე - "Marche aux Fromages", სადაც მდებარეობს რამდენიმე ბერძნული კაფე-რესტორანი და მაღაზია. აქ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ეს პატარა საბერძნეთი იყოს. თითქმის ყველა კაფე-მაღაზიიდან ჩემს ტანსაცმელზე წარწერის დანახვაზე მეძახდნენ - ჯორჯია, კომ ... მე არ ვაქცევდი დიდ ყურადღებას, რადგან ვიცოდი, რომ ეს არის ცნობილი ხერხი მოიზიდო კლიენტი კაფეში ან მაღაზიაში. მაგრამ როცა ერთ-ერთი კაფედან დამიძახეს ქართულად,ოღონდ უცნაური აქცენტით - მე სოხუმელი ვარ... ამის შემდეგ კი გავჩერდი და დავინახე დაახლოებით 40 წლის კაცი, რომელმაც მითხრა: „მამაჩემი სოხუმელი იყო, მე ბერძენი ვარ, ადონის პაპადოპულოსი. მამაჩემი სულ მიყვებოდა სოხუმზე, ის სოხუმიდან საბერძნეთში 60 წლის წინ გადასახლდა მშობლებთან ერთად. მე საბერძნეთში დავიბადე-გავიზარდე, მაგრამ ბევრი ვიცი სოხუმზე. ბოლო წლებია ბელგიაში ვცხოვრობ", - მითხრა ადონისმა.

მე მოვუყევი მას, რომ ჩემი სოხუმელი თანაკლასელები (სოხუმის #17 სკოლა) - ტყუპი ძმები პაპადოპულოსები, სავა კეხიოპულო, მარინა ანასტასიადი და აწ გარდაცვლილი ფილიპე ჯომიადი ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს-1990-იანი წლების დასაწყისში გადასახლდნენ საბერძნეთში. ადონისს გაუხარდა და მიპასუხა: "ვიცი , ბევრი გადასახლდა იმ დროს სოხუმიდან, მამაჩემი კი უფრო ადრე, 1950 წელს მშობლებთან ერთად გადმოვიდა საბერძნეთში, მამა იმ დროს ბავშვი იყო. მე სოხუმში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ რადგანაც მამა და ბაბუა სოხუმელები იყვნენ, ჩემს თავს სოხუმელად ვთვლი". ადონისის ამ ფრაზებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე...

მან გვითხრა, რომ საბერძნეთში ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს იცნობს პირველ რიგში ლეგენდარული ძალოსანით - კახი კახიაშვილით, რომელმაც საბერძნეთს მოუტანა ორი ოლიმპიური ოქროს მედალი. "კახი არის საბერძნეთის გმირი, ვიცი, რომ მას მთელ მსოფლიოში სცემენ პატივს, ის საქართველოში დაბრუნდა და მას ჩვენი მოკითხვა გადაეცით", - დაგვაბარა ადონისმა.

მან გვიამბო, რომ ბელგიაში მყოფმა მისმა ბერძენმა მეგობრებმა დიდი სიხარულით გაიგეს, რომ საქართველოს 19 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი მოიგო და ევრო-13-ის ფინალურ ეტაპზე გავიდა. "გილოცავთ, ვიცი, რომ ქართველებს დიდი საფეხბურთო ტრადიციები გაქვთ. ეს ხომ უფრო წარსულში იყო, ამიტომ, ჭაბუკების წარმატება არის დიდი მოვლენა და საწინდარი მომავალი წარმატებებისა", - გვითრა პაპადოპულოსმა.

იმედია, რომ ამ ბერძენი კაცის სიტყვები გამართლდება - ამას ელოდება მთელი საქართველო.

 

თენგიზ პაჭკორია, ბრიუსელი, სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091171