ინტერვიუები

10:16 | 12.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: "ჰეთ თრიქი თავში არ ამივარდება"

საფრანგეთის “ოსერთან” მატჩი მეხსიერებაში დარჩება, როგორც კარიმ ბენზემას შერიგების დღე მადრიდელ გულშემატკივრებთან. მან 3 გოლი გაიტანა და მადრიდის “რეალში” ასპარეზობის პერიოდში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ფრანგმა სიხარული ვერ დამალა და ემოციების გაზიარება, ესპანური AS-ის ჟურნალისტთან გადაწყვიტა.

- ადრე თუ შეგისრულებიათ ასეთი იდეალური ჰეთ თრიქი (გოლები თავით, მარცხენა და მარჯვენა ფეხით გაიტანეთ).
- ეს ჩემს კარიერაში შესრულებული მე-3 ჰეთ თრიქი იყო, მაგრამ ოთხშაბათის ჰეთ თრიქის მსგავსად იდეალურები არ ყოფილან. პატარა რომ ვიყავი, მაშინ გამქონდა მსგავსი გოლები. პროფესიული კარიერის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა.
- ამ 3 გოლიდან, რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად?
- ჩემი აზრით, მე-3 გოლი ყველაზე ლამაზი იყო. ბურთმა თავზე გადაუფრინა “ოსერის” მეკარე სორინს. სამივე გოლმა ძალიან გამახარა, მაგრამ მაინც მესამეს გამოვარჩევდი.
- ერთი საღამოს განმავლობაში, თქვენ გააორმაგეთ სტატისტიკა ამ სეზონში (აქამდე, თქვენ გატანილი გქონდათ მხოლოდ 3 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, პრიმერასა და ესპანეთის თასზე). ეს კარგი საშუალებაა კრიტიკაზე საპასუხოდ.
- მე ვთამაშობ შესანიშნავ კლუბში, ამიტომ ყველა ჩემზე ლაპარაკობს. საერთოდ არ ვეცნობი პრესას, შემდეგ მიყვებიან, თუ რა დაიწერა. მე ეს ნამდვილად არ მაინტერესებს, რადგან ძირითადად, უბრალოდ სისულელეს წერენ. ძალიან კარგად ვიცი, სად მოვედი სათამაშოდ. ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ, რომელსაც გაუმართლა და “სამეფო გუნდში” მოხვდა. ვაგრძელებ მუშაობას და შეწყვეტას არ ვაპირებ.
- ეს ჰეთ თრიქი დაგეხმარებათ?
- რა თქმა უნდა. რაც მადრიდში გადმოვედი, ბევრი მძიმე მომენტი გადავიტანე. ოთხშაბათის შეხვედრის მსგავსი მატჩები მაძლევენ იმის უფლებას, თავი მაღლა ავწიო და თავადვე ვთქვა, როდის ვითამაშე ცუდად და როდის კარგად.
- ამ შეხვედრით მოახერხეთ მსოფლიოს დარწმუნება თქვენს შესაძლებლობებში?
- ახლა მხოლოდ “სარაგოსასთან” მატჩზე ვფიქრობ. იმედი მაქვს, სასტარტო შემადგენლობაში ვიქნები და გოლსაც გავიტან. ცივი გონებით ვაზროვნებ და ჰეთ თრიქი თავში არ ამივარდება.
- დაიღალეთ იმის მოსმენით, რომ კლუბი იანვარში ახალ ფორვარდს მოიყვანს?
- ისეთ დიდებულ კლუბში, როგორიც მადრიდის “რეალია”, ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს ახალი ფეხბურთელი! მე ეს არ მაწუხებს, როდესაც რამდენიმე შეხვედრას ვითამაშებ ძირითადში, ძველ ფორმას აუცილებლად აღვიდგენ.
- მთელმა საფრანგეთმა იხილა თქვენი შესანიშნავი თამაში. ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორც გზავნილი ნაკრების მწვრთნელ ლორან ბლანისთვის?
- არა, ეს არ ყოფილა გზავნილი. ვიცი, რომ ბლანი ყურადღებით ადევნებს თვალს ჩემს მადრიდულ კარიერას. უნდა ვაღიაროთ, “რეალის” ფორმით 3 გოლის გატანა - ეს დიდი მიღწევაა.
- რა გაიფიქრეთ მე-3 გოლის შემდეგ?
- მე შევასრულე ის დავალება, რომელიც დაკისრებული მქონდა. ეს ჩემი სამსახურია, რომელიც ბედნიერებას მანიჭებს. ერთი გოლიც გახარებს, 3 მითუმეტეს. “ოსერთან” ბრწყინვალე გრძნობა განვიცადე.
- “ვალენსიასთან” მატჩის სათადარიგოთა სკამიდან დაწყება ხომ არ განიცადეთ?
- მოურინიომ ამიხსნა, რომ ჩემი სკამზე დატოვება ტაქტიკური სვლა იყო. მან დაცვა გააძლიერა, რათა გუნდს გოლი არ გაეშვა. მოედანზე 0:0-ზე შევედი, საბოლოო ჯამში 2:0 გავიმარჯვეთ. ამ მოგებამ ძალიან გამახარა, მწვრთნელმა იცის, რასაც აკეთებს. ვალდებული ვარ, ის წუთები გამოვიყენო, რომელსაც სეუ ჟოზე სათამაშოდ მომცემს.
- იგუაინი ტრავმირებულია, მაგრამ მაინც აგრძელებთ ძირითადში ადგილისთვის ბრძოლას...
- ბენზემას და იგუაინს შორის დაპირისპირება არ არსებობს. ჩვენ მეგობრები ვართ და ორივე “რეალისთვის” ვთამაშობთ. იმედი მაქვს, “პიპიტა” მალე გაუმკლავდება ტრავმას და თავის საქმეს დაუბრუნდება.

 

მოამზადა გეგა რევაზაშვილმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.194019