ბაქოს “ოქროს გრან-პრიზე” თავისუფალ ჭიდაობასა და ქალთა სტილში უკვე გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. სამდღიანი ტურნირის დასკვნით დღეს – 18 ივლისს კი, მედლებს ბერძენ-რომაელები გაითამაშებენ და ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების 20 წევრიც გავა. კლასიკოსთა მთავარ მწვრთნელს, ბეგი დარჩიას აზერბაიჯანში გამგზავრების წინ ბევრად მეტი საკადრო ცვლილების გაკეთება მოუხდა, ვიდრე თავისუფალთა დამრიგებელ ზაზა თურმანიძეს. ამის ძირითადი მიზეზი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატია, სადაც მინდია წულუკიძე (55), გოგა გოგიბერაშვილი (60), საჩინო დავითაია (66), ვასილ იმერლიშვილი და სერგო გოგისვანიძე (120) ჭიდაობენ. მათ “ოქროს გრან-პრის” სერიის ფინალური ტურნირის ლიცენზიები ახლახან, თბილისის “ოქროს გრან-პრიზე” მოიპოვეს და რახან ასაკობრივ ჩემპიონატამდე ცოტა დრო რჩება, ბაქოს განაცხადიდან ამოეწერნენ. წულუკიძის ადგილი გიორგი გვენეტაძემ დაიკავა, გოგიბერაშვილი ირაკლი ჭოჭუამ ჩაანაცვლა, დავითაია – მანუჩარ ცხადაიამ შეცვალა, იმერლიშვილი რამაზ ნოზაძემ, ხოლო, სერგო გოგისვანიძე საკუთარმა ძმამ - შოთამ.
ცოტა ხნის წინათ, “ოქროს გრან-პრის” მიმომხილველ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბერძენ-რომაელთა კენჭისყრის შედეგები დაიდო და ქართველებს შემდეგი მეტოქეები ერგოთ:
55 კილოგრამში ლაშა გოგიტაძე აზერბაიჯანელ არხან აჰმადოვს დაუპირისპირდება, გიორგი გვენეტაძე – იაპონელ კოჰეი ჰასეგავას, ზურაბ კეკელიძე – კუმარ რაჯენდერს. 60 კილოგრამი ერთადერთი წონითი კატეგორიაა, სადაც საქართველოს ნაკრები სტუმართათვის დაწესებულ ქვოტას (3 მონაწილე) ბოლომდე ვერ გამოიყენებს. ხალიჩაზე ირაკლი ჭოჭუა და რევაზ ლაშხი გავლენ, ჭოჭუას პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი გადირ სულეიმანოვი იქნება, ლაშხი კი, ტურნირს რუს გამზატ იბრაგიმოვთან შეხვედრით გახსნის.
66-ში მანუჩარ ცხადაია, მუხრან მაჭუტაძე და ანტონ მამაგეიშვილი იჭიდავებენ. ცხადაია და მაჭუტაძე ტურნირში პირველივე წრიდან ჩაერთვებიან, უკრაინულ დენის დემიანკოვთან და პოლონელ მატეუშ ვანკესთან შეხვედრებით. მამაგეიშვილი კი პირდაპირ მერვედფინალით დაიწყებს და მისი მოწინააღმდეგე ყაზახი ნურბაკიტ ტენგიზბაევი იქნება.
74 კგ – მანუჩარ კვირკველია და გიორგი ცირეკიძე კენჭისყრამ პირდაპირ მერვედფინალში განთესა. კვირკველია ირანელ ჰამიდ აბდოლრაჰმან რეიჰანის შეხვდება. ცირეკიძე – აზერბაიჯანელ სამურაი მუსტაფაევს. გენადი გოგიშვილი კი, პირველ წრეში ბელარუს ალექსანდრ კიკინიუს დაეჭიდება.
84 კგ – თბილისის “ოქროს გრან-პრის” ტრიუმფატორ ვლადიმერ გეგეშიძეს პირველივე მეტოქედ ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, რუსი ოლიმპიური ჩემპიონი ალექსეი მიშინი ერგო. თუ დაამარცხებს, მაშინ დავით ხეთაგურისა და ირანელი დავოოდ ალიაშრაფ აკბარის წყვილიდან გასულს დაუპირისპირდება. დავით ქარჩავასაც ირანელი მოწინააღმდეგე ეყოლება, დავოოდ მოჰამედ აბედინზადე ჩადორჩის სახით.
96 კგ – რამაზ ნოზაძისა და იოსებ ჯაბიძის გზებიც მე-2 წრეში იკვეთება. იქამდე მათ უნგრელი ივან ნემეტისა და აზერბაიჯანელი საბუჰი ჰუმბატოვის ძლევა მართებთ. სერგო ნინუა კი წილისყრამ პირდაპირ მერვედფინალში განთესა, სადაც უზბეკეთის სახელით მოჭიდავე ქართველს, “თბილისის ოქროს გრან-პრის” ჩემპიონ დავით სალდაძეს შეხვდება.
120 კგ – დიმიტრი ჯავახიშვილი, ოთარ ბოლქვაძე და შოთა გოგისვანიძე ბადეში პირველ-სამ ნომრად გადანაწილდნენ და საუკეთესო შემთხვევაში ფინალის საგზურს ერთ ერთი მათგანი მოიპოვებს. მძიმე წონაში სულ 11 მონაწილე მოგროვდა და ბოლქვაძე და ჯავახიშვილი პირდაპირ მეოთხედფინალში დაეჭიდებიან ერთმანეთს. მათ შორის მოგებული კი გოგისვანიძისა და ირანელი მოჰამად გორბანი გოლდასტეჰის შორის საუკეთესოს შეხვდება.
ოთარ მაღლაკელიძე







