ავტოსპორტი

2:27 | 4.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბერნი ბაჰრეინის რბოლის სეზონის ბოლოს გადატანას აპირებს

 

ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა ბატონ-პატრონი - ბერნი ეკლსტოუნი მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში ბაჰრეინის დიდი პრიზის დაბრუნებას აპირებს და იმედოვნებს, რომ მას ბოლოსწინა ადგილზე, აბუ დაბის და ბრაზილიის ეტაპებს შორის ჩასვამს. მან აღიარა, რომ აგვისტოში, გაუსაძლისი სიცხის გამო, ბაჰრეინული რბოლის ჩატარება შეუძლებელი იქნება. და იმედოვნებს, რომ მისი ბოლოსწინა ეტაპად ჩასმას სეზონის დაწყებამდე მოახერხებს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ბაჰრეინში სიტუაცია დასტაბილურდება და ჩვენ იქ რბოლის ჩატარებას შევძლებთ, ამისათვის საუკეთესო ვარიანტი სეზონის ბოლო იქნება. მოკლედ, თუ ბაჰრეინში კვლავ მშვიდობა დაისადგურებს, ჩვენ იქ დავბრუნდებით“ - განაცხადა ეკლსტოუნმა ბიბისისთან საუბრისას.

8 მარტს, პარიზში საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ავტოსპორტის საბჭო შეიკრიბება და ერთ-ერთ საკითხად, სწორედ ბაჰრეინული რბოლის ბედს განიხილავს. ეკლსტოუნი იმედოვნებს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება. კითხვაზე, რამდენად რეალურია ბაჰრეინის რბოლის კალენდარში დაბრუნება, მან უპასუხა: „სრულიად რეალურია - ტელევიზორით ხომ ბაჰრეინში არეულობების შესახებ აღარაფერს ამბობენ“.

მოკლედ, თუ ბერნის იმედები გამართლდა, მაშინ ბაჰრეინის დიდი პრიზი 20 ნოემბერს ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 4 დეკემბერს,  სეზონის ბოლო ეტაპი - ბრაზილიის დიდი პრიზი დაინიშნება. ბერნი ფიქრობს, რომ სიტუაციის ამგვარად შეცვლას, ბრაზილიის რბოლის ორგანიზატორები არ შეეწინააღმდეგებიან.

გარდა ამისა, ბერნის ძალიან მოსწონს რბოლებისას ხელოვნური წვიმის იდეა. ამასთან, ის თვლის, რომ წყლის გამშხეფ მოწყობილობებს კომპიუტერი უნდა მართავდეს და არა ადამიანი. „ჩვენი სპორტი გართობის ინდუსტრიის ნაწილია და მისი მთავარი მიზანი, მაყურებლისთვის, რაც შეიძლება, საინტერესო სანახაობის შეთავაზებაა“ - ამბობს ბერნი.

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089251