საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მომგებ “გაგრას” პრეზიდენტმა ბესო ჩიხრაძემ, “მსოფლიო სპორტთან” საუბარში აღნიშნა, რომ ასეთ წარმატებას ელოდა.
ბესო ჩიხრაძე: “პრინციპში, წარმატებას ველოდი. კარგი გუნდი გვყავს, კლუბში კარგი ატმოსფეროა შექმნილი. გარდა ამისა, წარმატების საფუძველს 7 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ გაწეული სამუშაო იძლეოდა”.
- თასის ფინალის მოგების შემდეგ, როგორი ემოცია დაგეუფლათ?
- როგორც ყველა, ძალიან გახარებული ვარ. ისეთი ემოცია მაქვს, რომ ამის გადმოცემა ძნელია. თუმცა ხვალიდანვე, მზადებას ევროპის ლიგის ტურნირისთვის ვიწყებთ.
- “გაგრას” ფინალში გასვლას ხელი დიდად შეუწყო ნიგერიელმა ოვონიკოკომ, რომელმაც ფინალი გამოტოვა...
- ღმერთს როგორც უნდოდა, ყველაფერი ისე მოხდა. მართალია, ოვონიკოკოს დიდი დამსახურებაა ფინალში რომ გავედით, მაგრამ არც იმ ფეხბურთელებს უნდა დავუკარგოთ შრომა, რომლებმაც ეს მატჩი მოიგეს.
- ფინალში გამარჯვებისთვის ფეხბურთელები განსაკუთრებულ პრემიალურებს თუ მიიღებენ?
- განსაკუთრებული არაფერი იქნება. რა თქმა უნდა, იმაზე მეტს მიიღებენ, ვიდრე ჩვეულიებრივი თამაშის მოგებისთვის. თუმცა, ჩვენი გუნდი ცოტა სხვაგვრად არის მოწყობილი – ფეხბურთელები იდეისთვის თამაშობენ და არა ფულისთვის.
ლაშა თაბაგარი









