რამდენი ხანია, ქართული ძიუდო და სიბინძურე ერთმანეთთან არ დაგვიკავშირებია. წლების განმავლობაში შიდა დაპირისპირებებით და შურით დაღლილმა გულშემატკივარმა ბოლო წლებში თითქოს ამოისუნთქა. ერთი შეხედვით, პრობლემა თითქოს ამოიძირკვა, მაგრამ სიწყნარე მოჩვენებითი აღმოჩნდა და ამ დღეებში პირველმა “ვულკანმაც” ამოხეთქა. ერთმანეთს ნაკრების წევრი, ბეთქილ შუკვანი და წლების წინანდელი სპორტსმენთა ბუნტის ერთ-ერთი ინიციატორი, ლაშა გუჯეჯიანი დაუპირისპირდნენ. ეს უკანასკნელი ამჯერად ნაკრების მწვრთნელია.
ინციდენტი ორიოდ დღის წინათ, დიღომში, ძიუდოს აკადემიაში მოხდა. შუკვანმა და გუჯეჯიანმა ნაკრების ვარჯიშის პარალელურად იჩხუბეს. შემდეგ კი, გუჯეჯიანი, ირაკლი ცირეკიძე და გიორგი ვაზაგაშვილი გაზეთ “ლელოს” ესტუმრნენ და შუკვანის აგრესიის მიზეზად შოთა ხაბარელი დაასახელეს. შეგახსენებთ, წლების წინათ, ხაბარელის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადაყენება სწორედ ცირეკიძემ და გუჯეჯიანმა მოითხოვეს, თანამოაზრეთა ერთ ჯგუფთან ერთად.
მომხდარის შესახებ, “მსოფლიო სპორტისთვის” კომენტარი ბეთქილ შუკვანმა გააკეთა.
“მთელი ნაკრები დამემოწმება, რომ კონფლიქტი მე არ წამომიწყია. დარბაზში ცოტა ხნით შევიარე. გუჯეჯიანისთვის აბსოლუტურად არაფერი მითქვამს. ყურადღებაც კი არ მიმიქცევია. შევატყვე, ამან გააღიზიანა, რადგან მასთან ისედაც ძალიან უსიამოვნო სიტუაცია მაკავშირებს. გადავწყვიტე, მდგომარეობა არ გამერთულებინა და სამიოდ წუთში გარეთ გამოვედი.
ტელეფონმა დამირეკა. ვლაპარაკობდი და ამ დროს დავინახე, როგორ გამოვარდა გარეთ - გამარჯობას რატომ არ ამბობო. ჩემმა მეგობარმა, რომელიც თან მახლდა, უთხრა, რომ იმ ამბის მერე, რაც მან ჩაიდინა, გამარჯობის ღირსი არ იყო, რაზეც კიდევ უფრო გაღიზიანდა და შელაპარაკებას ჩხუბი მოჰყვა.
ხატზე დავიფიცებ, რომ ეს დაპირისპირება თავად წამოიწყო. ნამდვილი მიზეზის თქმისგან კი, თავს შევიკავებ. არ მინდა, გუჯეჯიანივით დავეცე. მას კი ისღა დარჩენოდა, რაღაც უაზრო მიზეზები მოეძებნა და ცირეკიძესთან ერთად, შოთა ხაბარელის ვერსიაც გამოიგონა. ამით, ცდილობენ, ძველი გზის გაგრძელებას, როდესაც თავისი გაიტანეს და ხაბარელი ნაკრებს ჩამოაშორეს. ამჯერად, ფედერაციაში მამუკა ხაბარელის შესაძლო მოსვლით არიან გამწარებული და ყველანაირ სიბინძურეზე წავლენ. ვწუხვარ, რომ ჩემი პირადი უსიამოვნებაც ამ მიმართულებით გამოიყენეს.
აქვე, ერთ ბრალდებასაც ვუპასუხებ – მათ განაცხადეს, რომ დარბაზში კონფლიქტის წინა დღესაც მივედი, მაგრამ იქ არ დამხვდნენ. აკადემიაში მართლაც ვიყავი, ოღონდ არა საჩხუბრად, არამედ ლუხუმ ჩხვიმიანთან, კიმონოს გამოსართმევად. ოლიმპიადის შემდეგ ოპერაცია გავიკეთე და არ მივარჯიშია. დარბაზში სამშაბათიდან ვაპირებ შესვლას, ჩემი კიმონოები კი, ლონდონში დარჩა. იმედია, ძიუდოს გულშემატკივრები მომხდარიდან სწორ დასკვნას გამოიტანენ და ამ ბინძურ კამპანიაზე არ წამოეგებიან”, – განაცხადა ბეთქილ შუკვანმა.
ოთარ მაღლაკელიძე







