საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ბეთქილ შუკვანმა, ბუქარესტის მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა, ფინალამდე ოთხი მეტოქე: იტალიელი ვინჩენცო კამერლინგო, ჩინელი ლიშუან იანგი, ბულგარელი იანისლავ გერჩევი და ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერი ოპონ-იპონ ჩამოიცილა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი მორიგი წმინდა გამარჯვება გერმანელ ტობიას ენგლმაიერთან იზეიმა და ოქროსთან ერთად, სარეიტინგო 100 ქულაც გაინაღდა.
უმსუბუქეს წონაში ტატამზე პაატა მერებაშვილიც გავიდა, მაგრამ მერვედფინალში ენგლმაიერთან წააგო. ამ შეხვედრამდე, მერებაშვილმა სლოვენიელ მატიაშ ტრბოვჩს მოუგო.
დღესვე მედლები 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა. კიმონოები შალვა ქარდავამ (66 კგ), ამბაკო ავალიანმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (ორივე 73 კგ) მოირგეს მაგრამ კვარცხლბეკამდე ვერც ერთი ვერ მივიდა. სამეულის ყველაზე რეალური შანსი ავალიანს ჰქონდა. თბილისის მსოფლიოს თასის მომგებმა ძიუდოისტმა პორტუგალიელი ტომაშ კოშტას, გერმანელი კრისტოფერ ფიოლკისა და თურქი ჰასან ვანლიოღლუს ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში ისრაელის ნაკრების წევრ იოზეფ პალელაშვილთან გაფრთხილებით წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ფრანგ ჯონათან ალარდონთან დამარცხდა.
ქარდავას ოქრო-ვერცხლის გზა მეოთხედფინალში ჩაეკეტა, ფრანგ დავიდ ლაროშთან მარცხით. იქამდე, ქართველმა ძიუდოისტმა მოლდოველი ნიკოლაე კრაციუნი, თურქი იავუზ იარალი და ბულგარელი მარტინ ივანოვი დაჩაგრა, ხოლო რეპეშაჟის ნახევარფინალში პოლონელ პაველ ზაგროდნიკთან ვეღარას გახდა და საბოლოოდ, მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ავალიანს მეხუთე ადგილი ერგო. ტატალაშვილმა კი, მოულოდნელად, პირველსავე წრეში წააგო, ფრანგ ჯონათან ალარდონთან.
დარჩენილ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში ჩემპიონ-პრიზიორები ხვალ გამოვლინდებიან. პირველი დღის საერთო გუნდური შედეგებით კი, საქართველოს ნაკრები გალიდერდა. ორდღიანი ტურნირის მეორე დღეს ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ზვიად გოგოჭური (90 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ.
ოთარ მაღლაკელიძე
ძიუდო. მსოფლიოს თასი
ბუქარესტი
4 ივნისი
60 კგ
1 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
2 ტობიას ენგლმაიერი (გერმანია)
3 ისამ ნური (საფრანგეთი)
3 ლუდვიგ პაიშერი (ავსტრია)
66 კგ
1 დან გეორგე ფასიე (რუმინეთი)
2 დავიდ ლაროში (საფრანგეთი)
3 კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი)
3 პაველ ზაგროდნიკი (პოლონეთი)
7 შალვა ქარდავა (საქართველო)
73 კგ
1 რასულ ბოქიევი (ტაჯიკეთი)
2 იოზეფ პალელაშვილი (ისრაელი)
3 ჯონათან ალარდონი (საფრანგეთი)
3 ჰასან ვანლიოღლუ (თურქეთი)
5 ამბაკო ავალიანი (საქართველო)







