ორიოდ კვირის წინ ჩატარებული თბილისის მსოფლიოს თასის ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი დღეს ობერვარტის მსოფლიოს თასის ოქროს მედალს დაეუფლა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ავსტრიულ ტატამზე ერთმანეთზე უკეთესი სილამაზის ხუთი წმინდა გდება შეასრულა და ამისთვის სულ რაღაც 6 წუთი და 23 წამი იკმარა.
საჩემპიონო აღმართს ქართველი მსუბუქწონოსანი მაროკოელი იასინე მოუდატირის 42 წამში ძლევით შეუყვა. ლატვიელ ანდრეის მაგერსს წუთი და 33 წამი აკმარა, მონღოლ ბოლდბაატარ ჩიმებ-იონბონს – 2 წუთი და 16 წამი, სამხრეთკორეელ ჯინ-მინ იანგს – წუთი და 1 წამი, ხოლო ფინალში, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევი 51 წამში დასცა ბეჭებზე.
ქართველმა ძიუდოისტმა ახლადდაწყებული სეზონის მეორე საერთაშორისო ტიტული და 100 სარეიტინგო ქულა მრავალფეროვანი და აბსოლუტურად უნაკლო ჭიდაობით მოიპოვა. მისგან იპონ-იპონ ძლეულ მეტოქეთაგან მინიმალურშეფასებიანი ქულის მოპოვებაც კი ვერავინ შეძლო.
ავსტრიული წარმატებით ბეთქილ შუკვანი ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგში კიდევ უფრო განიმტკიცებს ადგილს და რა უნდა მოხდეს, რომ განაცხადს მიღმა დარჩეს. ამრიგად, ნაკრების მთავარ მწვრთნელ პიტერ ზაიზენბახერს ლონდონში წასაყვანი შემადგენლობის გამოცხადებისას მასსა და ამირან პაპინაშვილს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
სავსებით შესაძლებელი იყო, ავსტრიელ სპეციალისტს 60 კილოგრამში კიდევ უფრო ფართო არჩევანი ჰქონოდა, პაატა მერებაშვილს წინა საერთაშორისო ტურნირებზეც ისევე რომ ეჭიდავა, როგორც დღეს, ობერვარტში. მართალია საბოლოოდ მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა, მაგრამ ვინც მის ავსტრიულ გამოსვლას უყურა, შენიშნავდა, რომ წლების წინანდელი ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა ასეთ ფორმაში დიდი ხანია არ ყოფილა. სლოვენიელი მატიაჟ ტრბოვჩის, მონღოლი ბოლდბაატარ განბატისა და ფრანგი ისამ ნურის ადვილად ძლევის შემდეგ, ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, სამხრეთკორეელ ვონ-ჯინ კიმთან. მეორე სამხრეთკორეელთან – ჯინ-მინ იანგთან კი რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა, თუმცა იქამდე შვეიცარიელი მიხაელ იტენის ჩამოშორება მოასწრო.
მერებაშვილის მსგავსად, მეხუთე ადგილით და 20 სარეიტინგო ქულით დაასრულა ტურნირი ზებედა რეხვიაშვილმაც (73 კგ). ამასთან, მანაც აზიელ მეტოქეებთან დაასრულა ძირითად და დამამშვიდებელ ბადეებში გამოსვლა. მეოთხედფინალში იაპონელ იუკი ნიშიამასთან წაგებამდე რეხვიაშვილმა ყაზახი აზამატ კიპშაკბაევის, ფრანგი ჟორდან ამოროსა და ჰოლანდიელი ნილ ვან დე კამერის ჩამოცილება მოასწრო. რეპეშაჟშიც კარგად დაიწყო – ისრაელის სახელით მოჭიდავე იოზეფ პალეეელაშვილს აჯობა. სამხრეთკორეელ ვონ-იანგ კიმთან კი ვეღარას გახდა.
თბილისის მსოფლიოს თასის ჩემპონ ნუგზარ ტატალაშვილსაც სწორედ კიმთან “დაუცდა ფეხი”. დამამშვიდებელ ეტაპზე კი იმ მეტოქესთან (თურქ სეზარ ჰუისუზთან) დამარცხდა, ვისაც ზებედა რეხვიაშვილმა ორი კვირის წინ სპორტის სასახლეში დამაჯერებლად მოუგო.
73 კილოგრამში საქმეში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, თენგიზ პაპოშვილიც ჩაერთო, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდა.
დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 66 კილოგრამშიც გამოვლინდნენ, მაგრამ ამ წონაში ქართველებმა მხოლოდ თითოჯერ იჭიდავეს. შალვა ქარდავამ ყირგიზ ისლამ ბაიალინოვთან წააგო, ლაშა შავდათუაშვილმა – მონღოლ ტუმურხულეგ დავაადორჟთან. ამ შეხვედრაში ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი ბოლო წამებამდე წინ იყო და მაშინ, როცა ალბათ უკვე ყველაფერი დასრულებული ეგონა, მოულოდნელად წამგებიანი ვაზარი გამოეპარა.
12 თებერვალს მედლები დარჩენილ ოთხ წონაში გათამაშდება. საქართველოს სახელით ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე 81 კგ), ზურაბ ზვიადაური, ბეთქილ ნავერიანი (90 კგ), ნოდარ მეტრეველი (100 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ.
ძიუდო
მსოფლიოს თასი
ობერვარტი. ავსტრია
11 თებერვალი
60 კგ
1 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
2 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)
3 ჯინ-მინ იანგი (სამხრეთ კორეა)
3 ვენ-ჯიმ კიმი (სამხრეთ კორეა)
5 პაატა მერებაშვილი (საქართველო)
66 კგ
1 პიერ დუპრა (საფრანგეთი)
2 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)
3 ჯუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა)
3 ალტანსუხ დოვდონი (მონღოლეთი)
73 კგ
1 შოჰეი ონო (იაპონია)
2 იო-ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 ვონ-იუნგ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 იუკი ნიშიამა (იაპონია)
5 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)
7 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
ოთარ მაღლაკელიძე







