ცოტა ხნის წინათ, ერთ-ერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ცოტა უცნაური ადამიანი გავიცანი, რომელიც მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას ისეთი დიდი მოლოდინით მოელის, რომ საკუთარ სამუშაო კომპიუტერში მსოფლიოს ჩემპიონატამდე დარჩენილი დღეებისა და წამების უკუღმა მთვლელი დიდი ციფერბლატი აქვს დაყენებული და როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მატჩის დაწყების ჟამი ჩამოჰკრავს, მისი კომპიუტერის დინამიკებში გერმანიის ეროვნული ჰიმნი გაისმება (ადვილი მისახვედრია, ვისი ქომაგიც ყოფილა).
მოკლედ, რაც უფრო ნაკლები დრო რჩება, სამსოფლიოსჩემპიონატო მოლოდინი უფრო და უფრო მწვავდება. ბარ-რესტორან-ლუდხანების მეპატრონეები უკვე წინასწარ იჭერენ თადარიგს. იძენენ დიდ მონიტორებს, ლუდის ჩამოსასხმელ აპარატებს, შეამხანაგებული ქომაგები აქედანვე მსჯელობენ რომელ მატჩს სად და რა გარემოში უცქირონ. თურმე, ერთმა თბილისელმა ტაქსისტმა ცნობათა ბიუროში თითქმის 10-ჯერ მაინც დარეკა, რათა გაეგო, მსოფლიოს ჩემპიონატიდან რეპორტაჟები რადიოში თუ გადაიცემოდა, რადგან თუკი მატჩების დროს სამუშაო ექნებოდა, რადიოთი მაინც გაიქარვებდა თამაშის ვერნახვის კაეშანს. თუმცა, საინფორმაციო ცენტრის ოპერატორმა გოგონამ ტაქსისტს ბევრი ვერაფერი გაურკვია და როდესაც ეს უკანასკნელი არ გაჩერდა და რეკვა ჯიუტად განაგრძო, ტაქსის მთვრალი კლიენტივით დასჭყივლა: “სულსწრაფთან ერთად, გიჟიც ყოფილხარო...”
სპორტული ინვენტარის მაღაზიებში, სხვადასხვა ნაკრების მაისურებსა და დროშებს ბევრი ქომაგი ახლავე ყიდულობს, აქაოდა, მერე როდესაც თასს ჩვენი გუნდი აიღებს, ამუნიცია უფრო გაძვირდებაო. ერთ თბილისურ სპორტულ მაღაზიაში ასეთი წარწერაც კი გაჩნდა: “მხოლოდ ბრაზილიის გულშემტკივრებისთვის, მაისურები ნახევარ ფასად”. თითქოსდა, სხვა გუნდის ქომაგმა რომ მოინდომოს სასუვენიროდ მაისურის ყიდვა, გამყიდველები სახეზე შეატყობენ სელესაო რომ არ ეპიტნავება და ფასს არ დაუკლებენ. თუმცა, რაღა მედვედევი დაგინახავთ სამოთხის კარიბჭესთან და რაღა იტალიის ან არგენტინის ნაკრების ქომაგი ბრაზილიის გუნდის მაისურის შესაძენად რიგში ჩამდგარი...
ავტობაზრობებზე შაბათობით, როგორც წესი, ბევრი მოცლილი ავტომოყვარულია. რა ქნან ამ ბიჭებმა, ფული რაკი არა აქვთ, მათთვის სასურველი მანქანების თვალიერებით მაინც შეიქციონ თავი... ამ ხალხისათვის ავტომანქანა, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრებაა და ყველაფერს მანქანებთან აკავშირებენ. ამ “ყველაფერში” გაგიკვირდებათ და ფეხბურთი და მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატიც იგულისხმება. ერთხელაც, “დამთვალიერებელი” ახალგაზრდების პატარა ჯგუფის წევრები, როდესაც მანქანების თვალიერებით გვარიანად დაიღალნენ, იქვე ბორდიურზე ჩამოსხდნენ, კაპიკ-კაპიკ აგროვებული ხურდებით ლუდი იყიდეს და დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ რომელი საფეხბურთო ნაკრები რომელ ავტომობილს ჰგავს.
ყველა შეთანხმდა, რომ ბრაზილიის ნაკრები “ფოლკსვაგენია”, რადგან ყველაზე მეტი გულშემატკივარი პენტაკამპეონებს ჰყავთ, ყველაზე სახალხო გუნდია და თან “დაბალი ლიტრაჟითაც” ინარჩუნებს პოპულარობას.
ინგლისის ეროვნული გუნდი “ბუგატი” ყოფილა, რომელიც მუდამ სოლიდურია, ყოველთვის დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ იმდენადაა ტრადიციებზე გამოკიდებული, რომ ბევრ რამეზე უწევს უარის თქმა.
არგენტინის ნაკრები თურმე “ფერარია”. სწრაფად მოძრაობს, საკმაოდ ლამაზიცაა, მაგრამ აღმართებსა და მთაგორიან ადგილებს ვერ იტანს და ბოლივიის მთიანეთში ვერასოდეს ამართლებს.
გერმანიის გუნდი სხვა ვინ შეიძლება ყოფილიყო თუ არა “მერსედესი”... მძლავრია, მუდამ კარგად მექანიზებული, ჭანჭიკ-ჭანჭიკ გათვლილი, თუმცა, სისწრაფეში ბევრ მანქანას ჩამოუვარდება.
საფრანგეთი “პეჟო” ყოფილა, რომელსაც წარმოების მხრივ, მუდამ ბევრი პრობლემა ახვევია, მაგრამ ხანდახან ისეთ მაგარ მოდელს გამოუშვებენ, მტერსა და მოყვარესაც თვალებს დააჭყეტინებენ.
ყველაზე უცნაური და საინტერესო იტალიის ნაკრებისა და ავტომანქანის შედარებაა – თურმე, “სკუადრა აძურა” შეიძლება ნებისმიერი მანქანა იყოს და საერთოდ არა აქვს მანქანას მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს ვინ ზის საჭესთან, ანუ ვინ არის კონკრეტულ მომენტში იტალიელთა მწვრთნელი. კარგი მძღოლის (მწვრთნელის) შემთხვევაში, ამ მანქანას ბევრი შეუძლია, მაგრამ საკმარისია მძღოლი არ გამოდგეს და წასულია მისი საქმე.
ერთი სიტყვით, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატის მოლოდინით სუნთქავს და ცხოვრობს. ალბათ, ყველა დაიღალეთ მუდმივი წუწუნისა და ოხვრის მოსმენისაგან, რომ საქართველოს ნაკრებისათვის მუნდიალზე თამაში დიდი და აუხდენელი ოცნებაა. ჰოდა, რად გვინდა წუწუნი, როდესაც ამით მაინც ვერაფერს შევცვლით... მაგრამ მთავარი ჯერ მაინც არ მითქვამს - იმ ავტომოყვარულმა ბიჭებმა საქართველოს ნაკრები სახელოსნოს შეადარეს, სადაც ძველი, ჟანგიანი ნაწილებისაგან ხან ერთი, ხან მეორე ხელოსანი (ალბათ, ხვდებით ვინც) ნორმალური მანქანის აწყობას ცდილობს. ღმერთმა ქნას, გამოსვლოდეს...
ლევან სეფისკვერაძე









