სტატიები

11:33 | 10.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბიძია ტედის ნაკვალევზე...

გასულ კვირას, დილით, ნიუ იორკის სტეიტენ აილენდში, ბრუკლინურ საზღვართან, ვერაზანოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სტარტი 47 000 მორბენალზე მეტმა აიღო და გაუდგა გზას, რომელიც „ჩვენებურად“ 42 კილომეტრსა და 195 მეტრს შეადგენს, „ამერიკულად“ კი 26 მილსა და 385 იარდს უდრის.
ნიუ იორკის მარათონი ტრადიციულია - ყოველწლიურად ნოემბრის პირველ კვირადღეს იმართება და ამჯერად ეს კვირადღე 6 ნოემბერს დაემთხვა. მთავარი პრიზისა და სხვა ფულადი ჯილდოებისთვის ასამდე პროფესიონალი მარათონელი იბრძოდა, ამათ კი ფონს 47 000-ზე მეტი მოყვარული მორბენალი უქმნიდა.
წლევანდელი ასპარეზობა სარეკორდო გამოდგა - მონაწილეთა რაოდენობის მხრივ. აქამდელი საუკეთესო, შარშანდელი რეკორდი ორი ათასზე მეტი ადამიანით გაუმჯობესდა. 2010 წელს ფინიშამდე სულ 45103-მა მორბენალმა მიაღწია და გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიონალი შარშანაც 100 იყო, მოყვარულებმა გასულ წელსაც სოლიდურ რაოდენობას, 45 000 გადააჭარბეს.
დრონი რომ მეფობენ და არა მარათონელები, ამ სახალხო ხუნტრუცს ისტორიაც ამტკიცებს - პირველ გარბენში ხომ სულ 127 ადამიანმა გადადო თავი და ფინიშამდე ნახევარზე ნაკლებმა, 55 მიაღწია. ეს ამბავი 1970 წელს მოხდა, სენტრალ-პარკის პარკ-დრაივი მოიცვა და სულ რაღაც 100-მდე მაყურებელი ადევნებდა თვალს - ძირითადად გარბენის მონაწილეთა პატრონ-მოყვარულები.
მას შემდეგ 41 წელიწადი გავიდა და მარათონის მიმართ ინტერესი იმ დონემდე გაიზარდა, წლეულს ორ მილიონამდე ადამიანი ადევნებდა თვალს. ბუნებრივია, ეს ამოდენა მასა გარბენის მთელ პერიმეტრზე გადანაწილდა და სტეიტენ აილენდიც, ბრუკლინის, ქვინსიც, ბრონქსიც და მანჰეტენიც ერთნაირად გადაივსო მოთვალსეირეებით.
მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება იმის გაგება, რომ დღემდე გარბენებში სულ 700 000 ადამიანს მიუღია მონაწილეობა და მის ძველ მონაწილეთა შორის ერთი ნაცნობიც კი მყავს, ნიუ ჯერსის ქალაქ ლინდენის მცხოვრები იტალიური წარმოშობის ამერიკელი რეი კარუზო, 80-ს გადაცილებული ბატონი, რომელიც წლეულს ვერ ეწვია ახალ ბაბილონს და რომლის საუკეთესო შედეგი სამ საათნახევარზე ცოტა მეტია - ეს გემრიელი მოხუცი ნიუ იორკის კომპიუტერული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ქართულის მცოდნე იტალიელმა მასწავლებელმა ალექს რონდელმა გამაცნო.
არაფერი იუცხოვოთ - ბატონმა რონდელმა მარტო ქართული როდი იცის, საქართველოში ნაცხოვრებია, უამრავ ჩვენებურს იცნობს, იცის ისიც, რომ ქართველი რონდელებიც ბლომად მოიძებნებიან, მაგრამ ეგენი ყველა იტალიური წარმოშობისანი არიანო, კატეგორიულად ამტკიცებს.
1976 წელი გამოდგა პირველი, როცა მარათონი დაუყვა იმ მარშრუტს, რომლითაც სპორტსმენები დღემდე დარბიან. დღესდღეობით იგი „კორბიტის ტრასად“ მოიხსენიება და უკავშირდება სამხრეთ კაროლინის ბამბის პლანტაციებში მომუშავე მონების შვილიშვილის, ტედ კორბიტის სახელს. იგი 1919 წელს, სწორედ ბამბის პლანტაციების მიმდებარე ქოხმახებში დაბადებულა, სირბილზე პატარაობიდანვე შეჰვარდნია გული და ცინცინატურ უნივერსიტეტში სწავლისას, დიდ დისტანციებზე სერიოზული წარმატებებიც მოუხვეჭია.
მერე ტედმა მეორე მსოფლიო ომი მოიარა, სახლიდან სამუშაოზე (იონკერსი - მანჰეტენური ოფისი) სირბილით მიმოსვლა ცხოვრების წესად გაიხადა (ეს მთელი 40 წელი გაგრძელებულა), 1952 წელს მარათონში ჰელსინკური ოლიმპიადის მონაწილეც გახდა და 1954-ში კი ფილადელფიური გარბენიც მოიგო.
სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, 2006 წელს ტედ კორბიტს სულ მისხალ-მისხალ გადაუზომია მანჰეტენის ქუჩები და შეუმუშავებია მარათონული დისტანციის გაზომვის მეთოდი, რომელსაც დღემდე იყენებს მთელი მსოფლიო.
ნიუ იორკის მარათონმა ახალი ბაბილონის ხუთივე ბოროში სირბილი 1976 წლიდან დაიწყო, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი მხოლოდ 1978 წელს გახდა, როცა ნორვეგიელმა გრეტა ვაიტცმა ნიუიორკულ სტრიტებსა და ავენიუებზე 42 კილომეტრზე მეტის გარბენას 2 საათი 32 წუთი და 30 წამი მოანდომა. ეს ქალთა შორის მსოფლიო რეკორდი აღმოჩნდა, რის შესახებაც მასმედიამ მთლ მსოფლიოს აცნობა და ლეგენდაც იქ დაიწყო...
მომდევნო, 1979 წლიდან დიდი ვაშლის მეგაპოლისს მარათონის გრანდები შემოეჩვივნენ.
პროფესიონალების საზომი მკაცრად განსაზღვრულია - მათ ორ საათსა და 15 წუთზე ნაკლებ დროში თუ ვერ დაფარეს მანძილი, რეპუტაცია შეერყევათ და რაც შეეხება მოყვარულებს, ყველაზე კოლორიტულად, 2006 წელს მოკუნტრუშე არკანზასელი გუბერნატორი მაიკ ჰაკკაბი ითვლება - იგი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი მონაწილეობდა და ამჟამად ფოქს ნიუსზე ერთსაათიანი გადაცემა მიჰყავს (უქმეებზე).
მას 110 ნომრით ურბენია და ამას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდაო - სწორედ ამდენი გირვანქა (ანუ სულ 50 კილოგრამამდე) დაუკლია ღრმად პატივცემულს, მანამ კილომეტრების კეცვას შეუდგებოდა და დისტანცია კი ხუთ საათში, 33 წუთსა და 43 წამში დაფარა, რითაც გამარჯვებულს სამი საათითა და 20 წუთით ჩამორჩა...
სურათზე ყოფილი პოლიტიკოსისიცაა და მკითხველი თავად დარწმუნდება, რამდენი მოიმატა ხელახლა 2006 წლის გარბენის კოლორიტმა.
წლევანდელი მარათონი არნახული პოპულარობის გარდა, მარკ მესიეთიც გამოირჩა - დიახ, დიახ, მსოფლიო ჰოკეის ლეგენდამ მთელი დისტანცია ოთხ საათში, 14 წუთსა და 27 წამში დაფარა და ორ საათზე ცოტა მეტით ჩამორჩა კენიელ გამარჯვებულ ჯეფრი მუტაის.
დოღის ცხენივით ნარბენალ მესიეს არ დაუმალავს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე გრძელი დისტანცია დასაძლევად უძნელესი გამოდგა: „ეს იყო ჩემი სხეულისა და ფსიქიკის არნახული გამოცდა.“
დავამატებ იმას, რომ მარკ მესიეს გარბენს მხოლოდ ჰობისა და ხალისისა არაფერი ეცხო - მან თავი ქველმოქმედებისათვის გადადო და მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ორ საქველმოქმედო ფონდით - Tomorrows Children's Fund da The New York Police & Fire Widows' & Children's Benefit Fund -ით მიიპყრო...
ზემოთ ნორვეგიელი გრეტა ვაიტცი ვახსენეთ და წლევანდელი გარბენი სწორედ ნიუ იორკის ამ მარათონის ცხრაგზის გამარჯვებული ქალბატონის ხსოვნას მიეძღვნა.
ქალებს შორის პირველობას ნახევარმარათონში მსოფლიო რეკორდსმენს, კენიელ მერი კეიტანის უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ფავორიტმა ქალბატონმა მხოლოდ მე-4-დან 39-ე კილომეტრებზე ირბინა მარტოსულად, რის შემდეგაც გამძლეობამ უღალატა, სწრაფი ფინიში ვერ უზრუნველყო და მხოლოდ მესამე ადგილი დაინარჩუნა.
ოქრო და ვერცხლი ეთიოპიაში გაემგზავრა - ფირეჰივოტ დადომ და ბიზუნეშ დებამ მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ ფეხმარდი ირმები კენიაში კი არა, სხვა აფრიკულ ქვეყანაში დარბიან.
 გამარჯვებული ეთიოპელების დრო მხოლოდ ოთხი წამით განსხვავდა ერთმანეთისაგან - 2.23.15 და 2.23.19, რაც შეეხება მერი კეიტანის, მან ოცდასამი წამი წააგო - გარბენი 2.23.38-ით დაამთავრა.
სამაგიეროდ, კენიელებმა ივაჟკაცეს ვაჟ მორბენლებს შორის - მსოფლიოს ფაქტობრივი რეკორდსმენი ჯეფრი მუტანი ცოტათი ნელი იყო, ვიდრე ბოსტონური მარათონისას (მაშინ 2.03.02 და ახლა 2.05.06), მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ბოსტონურ მარშრუტს iaaf-ი არ აღიარებს (ტრასა მსოფლიო რეკორდის რატიფიკაციას არ შეესაბამებაო), მაგრამ ეს შედეგი ნიუ იორკის მარათონის ყველა დროის რეკორდს მაინც ეყო. მეორე ადგილზე მისი თანამემამულე და მოგვარე (სახლიკაცი არა) ემანუელ მუტაი გავიდა, მესამე კი ეთიოპელმა ტსეგაი კებედე გახდა - მათი დროები, შესაბამისად, 2.06.28 და 2.07.14 მაჩვენებლებში აისახა.
ნიუ იორკული მეორე ადგილი ემანუელ მუტაის ეყო იმისთვის, რათა მსოფლიო მარათონული სერიის - World Marathon Majors-ის გამარჯვებულად ქცეულიყო და საპრიზო ჯეკ-პოტი, 500 000 დოლარი მოეხსნა. ამდენივე შეხვდა ქალთა შორის მსოფლიო სერიის დედოფალს რუს ლილია შობუხოვას, რომელმაც ნიუ იორკი ჩაბრძანებით კი დააფასა, მაგრამ არ ურბენია, ათეულში ძლივსძლივობით შერბენილ თანამემამულეს, გალინა ბოგომოლოვას ქომაგობდა.
რუსული იდეოლოგია, აბა, საჭირო ახსნა-განმარტების გარეშე როგორ იქნება და ბოგომოლოვას მეათე ადგილი სხვა, უფრო მნიშვნელოვან და გადაუდებელ საკითხს დაბრალდა - ახალნამშობიარები იყო და მეტი არც მოეთხოვებოდაო...
ინვალიდებს შორის იტალიელმა ალექს ძანარდიმ იპირველა - იგი 2009 წლის ავტოავარიის მერე უფეხოა, შესაბამისად, ხელით სამართავი ველოსიპედით გამოვიდა და დისტანცია გამარჯვებულ კენიელზე გაცილებით მოკლე დროში, 1.13.58-ში დაფარა.
და საჭირბოროტო ინფორმაციაც: რაკიღა მორბენლები ჩვეულებრივი არსებები არიან და არაფერი ადამიანური მათთვის უცხო არაა, მთელი მარშრუტის ჩაყოლებაზე, დროშებისა და მაყურებლების გარდა ჩარიწკინებულია მაგიდები წყლით სავსე ბოთლებით და პლასტიკატის ჭიქებით, პროზაული პისუარები და პორტატული კაბინები - როგორც ფრანგები იტყვიან, სე ლა ვი...
სადაც წყალზე ჩამოვარდა სიტყვა, იქ პურზეც უნდა ითქვას და ზედიზედ მეათე განავარდებაა, მთავარი ნიუ იორკული გარბენის მასპინძელი სწრაფი კვების ქსელი „საბვეია“, რომელიც ბუნებრივია, სპონსორობის გამო გვარიანად ამსუბუქებს ქისას, მაგრამ მენეჯმენტია და მისი ჯანი - ქსელის მამები არ მალავენ, რომ გადახდილი ფული ალალია: მარათონამდე, მისი მიმდინარეობისას და მას მერე ფირმის ორასამდე ნიუ იორკულ დაწესებულებას იმდენი მშიერი ადამიანი ესევა, რომელ სპონსორულ დანახარჯზეა საუბარი.
აი, ასეთი ამბები იყო ნოემბრის პირველ უქმეებზე წლეულს - ბიძია თედის ნაკვალევზე ამერიკამ ისევ აფრიკა - კენია და ეთიოპია აღმოაჩინა.

კონსტანტინე გოგიშვილი
ნიუ იოკიდან, სპეციალურად “მსოფლიო სპორტისთვის”
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103992