სტატიები

16:10 | 29.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი მსაჯობაში ალბათ არაფერს შეცვლის

 

ფიფა-ს პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ინგლისელებს და მექსიკელებს ბოდიში მოუხადა მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯების მიერ მათი უნებლიე “დაჩაგვრის” გამო.
“მე ერთადერთი რამ შემეძლო, რომ ბოდიში მომეხადა მათთვის, ვინც მსაჯების უნებლიე შეცდომებმა აზარალა - ამბობს ბლატერი - მე დავრეკე ინგლისშიც და მექსიკაშიც და ბოდიშთან ერთად ჩემი თანაგრძნობა გამოვხატე. ინგლისელებმა მადლობა მითხრეს და თქვეს, რომ ფეხბურთში ასე ხშირად ხდება ხოლმე. მექსიკელებმაც მიიღეს ჩემი ბოდიში.”
ყოველი მხრიდან მიძალებულ კითხვაზე, ბოლოს და ბოლოს აპირებს თუ არა ფიფა ფეხბურთში მსაჯების შეცდომების თავიდან ასარიდებლად თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ბლატერმა ასეთი პასუხი მოიღო - “ერთადერთი ტექნოლოგია, რომელის დანერგვაზე დისკუსიას განვაახლებთ, იქნება კარის ხაზის კონტროლი. ეს საშუალებას მოგვცემს, ზუსტად შევაფასოთ სიტუაცია გოლის დროს და გავიგოთ ბურთმა გადაკვეთა თუ არა ხაზი, შემდეგ კი მსაჯს შევატყობინოთ იმ შემთხვევაში, თუ ის ამას ვერ შეამჩნევს.”
ამგვარად გამოდის, რომ ფიფა-ს ეს ცვლილება მომავალში შეცდომისგან იხსნის ინგლისის (გერმანიასთან მერვედფინალში) სიტუაციაში ჩავარდნილ გუნდს, მაგრამ მექსიკის (არგენტინასთან მერვედფინალში), აშშ-ს (სლოვენიასთან ჯგუფში) და ირლანდიის (საფრანგეთთან შესარჩევში) მსგავსად დაზარალებულ გუნდებს მერეც არაფერი ეშველებათ.
“არგეტნინა - მექსიკის შეხვედრაში შექმნილ ვითარებას არ სჭირდება ვიდეორეფერი - განაგრძობს ბლატერი - თამაშგარე მსაჯს უნდა დაენახა, მაგრამ ის და მისი ასისტენტი შეცდნენ. მსგავსი შეცდომებისგან ვერასდროს ვიქნებით დაზღვეულები. ფეხბურთში მსაჯობისას შეუძლებლად მიმაჩნია ადამიანური ფაქტორის გამორიცხვა. ჩვენი სპორტი თვისობრივად განსხვავდება თუნდაც რაგბისგან ან ჩოგბურთისგან. შეუძლებელია მისი შეჩერება და შეცდომის კორექტირების შემდეგ განახლება. ჩოგბურთში მოწოდებისას თუ მსაჯი შეცდომით განსჯის, ვიდეორეფერის ხმარება გამართლებულია, რაგდან თავიდან მოწოდებით გამოსწორდება შეცდომა. მაგრამ ფეხბურთში ეს გამორიცხულია. როგორ უნდა დააბრუნო მომენტი? თავიდან ხომ არ გაათამაშებ იმ კონკრეტულ სიტუაციას, სადაც, ვთქვათ, თამაშგარის დროს მსაჯმა სწორად ვერ შეაფასა სიტუაცია? ასე ჩვენ ფეხბურთს გავაჩერებთ წინ წაწევის ნაცვლად.”
ბლატერი მაინც საუბრობს “რაღაცის” შეცვლის აუცილებლობაზე, თუმცაღა, მგონი არაფრის შეცვლას არ აპირებს - ერთ თვეში უელსი მთავარქალაქ კარდიფში ვიკრიბებით და იქ განვაახლებთ ტექნოლოგიებზე საუბარსო. მერე კი ისიც გაიმეორა, რასაც ფიფა-ს შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკები მთელი მუნდიალის მსვლელობისას აცხადებდნენ - მთლიანობაში მსაჯობით კმაყოფილი ვარო. “54 თამაშიდან 20-ს დავესწარი და არბიტრების მუშაობას დადებით შეფასებას ვაძლევ. ჩვენ 40 მილონი დოლარი დავხარჯეთ, რათა მუნდიალისთვის შერჩეული 30 მსაჯი და 60 ასისტენტი კარგად მოგვემზადებინა. მათ აქვთ საკუთარი თვალები და ფეხბურთის საკუთარი ხედვა, ასე რომ, მოდით მსაჯთა უფრო კარგად მომზადებაზე ვისაუბროთ და უკეთესი მომავლის იმედი ვიქონიოთ.”
ბლატერის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში გამოჩნდა მსაჯთა ასე სახელგატეხილი კორპუსის პირველი წარმომადგენლის კომენტარი.
ინგლისელი ჰოვარდ ვები: “მე მზად ვარ შევასრულო ყველაფერი, რასაც წესდებაში დამიწერენ და მივიღო ყველა სიახლე, რაც მუშაობას გამიადვილებს. ადრე პოლიციელი ვიყავი და ვემსახურებოდი კანონების დაცვას მიუხედევად იმისა, რომ თავად არ ვწერდი ამ კანონებს. პირადად მე დიდი ინტერესით დავაკვირდები, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ კუთხით.”
 
ირაკლი ფირაშვილი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099788