ინტერვიუები

14:59 | 17.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბობი ჩარლტონი: “გული მწყდება, კინთან ერთად რომ ვერ ვითამაშე”

ლეგენდარული ინგლისელი ნახევარმცველი სერ ბობი ჩარლტონი უკვა 28 წელიწადია, რაც “მანჩესტერ იუნაიტედის” დირექტორთა საბჭოს წევრია. მსოფლიოს 1966 წლის პირველობის გამარჯვებული და ჩემპიონთა თასის 1968 წლის გათამაშების მფლობელი კლუბის ვებგვერდს თავის თვალსაზრისს უზიარებს.

 
- 31 დეკემბერს სერ ალექს ფერგისონს 71 წელი შეუსრულდება. გვინდა-არგვინდა, შოტლანდიელ სპეციალისტს “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმწვრთნელობიდან წასვლა მოკლე ხანში მოუწევს...
- მე ერთ-ერთი ვარ იმ დელეგატთაგან, რომლებიც 1986 წელს აბერდინში გავემგზავრეთ და ფერგიუსონს “ოლდ ტრაფორდზე” მუშაობა შევთავაზეთ. გითხრათ სიმართლე, მაშინ ვერცკი წარმოვიდგენდი, სერ ალექსი ამდენ ხანს რომ გვიმთავარმწვრთნელებდა. თუმცა, ყველაფერს თავისი დასასრული აქვს და ერთ მშვენიერ დღეს ფერგიუსონსაც წასვლა მოუწევს. ეს გუნდს დიდი სირთულის წინაშე დააყენებს და როგორც კი ახალი დამრიგებლის არჩევის საჭიროება დადგება, ეს საკითხი დროულად და ოპტიმალურად უნდა გადავჭრათ.
- შოტლანდიელის შემცვლელად რომელ სპეციალისტს ისურვებდით? ჟოზე მოურინიოს ხომ არა?
- ამაზე საუბარი და დისკუსიის გამართვა ნაადრევია. მოურინიო უდავოდ კარგი მწვრთნელია, მაგრამ მეტისმეტად გამომწვევად იქცევა. პირდაპირ მოგახსენებთ – ასეთი პიროვნებები არ მომწონს.
- საყოველთაო აღიარებით ინგლისისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებით. თავად თუ ეთანხმებით ამგვარ თვალსაზრისს?
- საკუთარ თავზე საუბარი ყოველთვის ძნელია. დაე, სხვებმა შეაფასონ ბობი ჩარლტონის თამაში და დამსახურება. პირადად მე “იუნაიტედის” ყველა დროის უძლიერეს ფეხბურტელად როი კინს დავასახელებდი. არიან მოთამაშეები, რომლებიც თავიანთი გუნდების თილისმებად მოიაზრებიან. სწორედ ასეთად მიმაჩნია ირლანდიელი ნახევარმცველი. როი ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული ადამიანია და მას პარტნიორების აყოლიების და გაძღოლის გასაოცარი უნარი ჰქონდა. კინს ერთი ვარდნით შეეძლო მატჩში გარდატეხის მოხდენა. ბევრი კარგი ფეხბურთელის გვერდიგვერდ მითამაშია, მაგრამ ვნანობ, როი კინთან ერთად მინდორზე გასვლა რომ არ მომიწია. მსოფლიოს ნაკრების შედგენა რომ მთხოვოთ, ბობი მურთან, ფრანც ბეკენბაუერთან, მიშელ პლატინისა და ალფრედო დი სტეფანოსთან ერთად კინს აუცილებლად დაგისახელებდით.
- ამ გუნდში კრიშტიანუ რონალდუსთვის ადგილს არ გამონახავდით?
- მანჩესტერიდან მისი წასვლა მძიმედ გადავიტანე. რონალდუმ ჩათვალა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მადრიდის “რეალში” გამოსვლისას გახდებოდა, თუმცა, ამისთვის “ოლდ ტრაფორდზე” შეეძლო მიეღწია. კრიშტიანუ ფენომენალური ფეხბურთელია, მაგრამ ერთად რომ გვეთამაშა, უთანხმოება არ აგვცდებოდა. როდესაც პორტუგალიელი ბურთს მიიღებს, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გაიტანოს თავად და პარტნიორები ავიწყდება. სხვა მხრივ რონალდუ თითქმის უნაკლო მოთამაშეა – ორივე ფეხით და თავით მშვენივრად თამაშობს. შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ის დავიბრუნოთ.
- თქვენი აზრით, “იუნაიტედი” საჩემპიონო წოდებას დაიბრუნებს?
- სერ მეტ ბასბი ყოველთვის გვეუბნებოდა, თუკი შობის წინა დღეს უშუალო მოწინააღმდეგეს 6 ქულით გავუსწრებთ, პირველობას ვერავინ შეგვეცილებაო. ჯერჯერობით ყველაფერი დასახული გეგმით მიდის...
- “მანჩესტერის” წინაშე მდგარ მთავარ სირთულედ რას თვლით?
- დაცვის ცენტრში თამაშს. ვიდიჩი მთელი ამ ზონის კონტრლს ახერხებს, მაგრამ მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო მხოლოდ 5 მატჩი აქვს ჩატარებული. სამაგიეროდ შეუდარებელია რუნი-ვან პერსის დუეტი. რუნის მომატების საკმაო რეზერვი აქვს და ამის შემდეგ “იუნაიტედის” თამაში კიდევ უფრო ძლიერი გახდება.
 
გოჩა კაჭარავა
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090546