ინტერვიუები

14:17 | 2.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოდო ილგნერი: “ისტორიული პარალელის იმედად ვერ ვიქნებით”

გერმანელი მეკარე ბოდო ილგნერი 1996-2001 წლებში იცავდა მადრიდის “რეალის” კარს

 და კასტილიელებთან ერთად 1998-ში ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა. ილგნერს Marca-მ ინტერვიუ ჩამოართვა და “ბლანკოსის” ალემანი მეციხოვნე გუნდისა და იკერ კასილასის პერსპექტივაზე საუბრობს.
 
- თქვენ “რეალის” მეკარე იყავით იმ დროს, როდესაც “ბლანკოსმა” სეპტიმა შეასრულა (მეშვიდედ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს-რედ). მაშინ გუნდი წარუმატებლად გამოდიოდა პრიმერა დივიზიონში. გვაქვს საიმისო საფუძველი, რომ დესიმას იმედი გვქონდეს?
- მაშინ საშინაო პირველობაზე მართლაც ცუდად გამოვდიოდით და ისეთი შეგრძნება გვქონდა, იუპ ჰაინკესს დამრიგებლად დიდხანს არ დატოვებდნენ. ამჟამინდელ სიტუაციასთან სხვაობა კი ისაა, რომ იმხანად “რეალის” ირგვლივ ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი არ იყო. ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი “ბლანკოსს” ნამდვილად აქვს, მაგრამ მხოლოდ ისტორიული პარალელის იმედად ვერ ვიქნებით. დესიმას შესასრულებლად “სამეფო კლუბის” თამაში საგრძნობლად უნდა გაძლიერდეს. ამის შესაძლებლობას ნამდვილად ვხედავ. სეზონის მეორე ნახევარში გუნდმა მეთოდურად, თანდათან უნდა მოუმატოს.
- ხომ არ გეჩვენებათ, რომ ფეხბურთელებს მოტივაცია აკლიათ?
- არა, ასე არ ვფიქრობ. ბოლო მატჩებში გუნდი მეტად მოტივირებული გამოიყურებოდა და ქულების დაკარგვა მონდომების არყოფნის გამო არ მომხდარა. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდის შეკავშირება გადამწყვეტ მომენტებში შეუძლია. “რეალი” ერთიანობას დაიბრუნებს. ამასთან, თუკი ზოგიერთი ფეხბურთელი შარშანდელ დონეს მიაღწევს, “ბლანკოსი” ძველებურად ძლიერად ათამაშდება.
- ამბობენ, მოურინიოს იოაჰიმ ლიოვი შეცვლისო. თქვენ თუ გსმენიათ ამის თაობაზე?
- ლიოვი ჯერჯერობით მეტად სერიოზულ პროექტშია ჩაბმული და გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებითაც საქმიანობს. ბუნდესმანშაფტში ბევრი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე ირიცხება და ლიოვს საქმის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. თანაც, ალემანთა საფეხბურთო ასოციაციასთან იოაჰიმს 2014 წლამდე კონტრაქტი აქვს გაფორმებული და არ მგონია, მან ნაკრები 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალის დასრულებამდე დატოვოს.
- როგორც მეკარე, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას გრძნობდა სათადარიგოთა სკამზე დამჯდარი კასილასი?
- იკერისთვის ეს სასიამოვნო არ იქნებოდა, მაგრამ იგი გამოცდილი, ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული გოლკიპერია და ამ ამბიდან იგი კიდევ უფრო გამოწრთობილი გამოვა. დარწმუნებული ვარ, კასილასი უკეთ ათამაშდება.
- გეხსომებათ, თავის დროზე სწორედ კასილასმა “ამოგაგდოთ” “რეალის” სასტარტო შემადგენლობიდან...
- მაშინ განსხვავებული სიტუაცია გახლდათ. იკერმა ძირითადში მაშინ მოიკიდა ფეხი, როდესაც ტრავმა მქონდა და ვერ ვთამაშობდი. კასილასმა ბრწყინვალედ ითამაშა და როდესაც დავბრუნდი, მასთან კონკურენციას ვეღარ გავუძელი.
- როგორ გგონიათ, ახალი წლიდან “რეალის” კარს კასილასი დაიცავს?
- ვიმედოვნებ, ასე იქნება, თუმცა, მხოლოდ ჩემი სურვილი ბევრს არაფერს ნიშნავს... 
 
გოჩა კაჭარავა
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09832