ძიუდო

21:19 | 28.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბორის ფირცხელიანი: “პოლიტიკა თავად მოვიდა სპორტთან”

შარშან სექტემბერში, “მსოფლიო სპორტმა” საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ბორის ფირცხელიანის ინტერვიუ შემოგთავაზათ. სპეციალისტი, ვისი გუნდიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებიდან მუდმივად მედლებით დახუნძლული ბრუნდებოდა, 6-წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, 2009 წელს, თანამდებობიდან შოთა ხაბარელის გუნდის წევრობის გამო გაათავისუფლეს და რიგითი მწვრთნელის ხელფასიც კი მოუხსნეს. შარშანდელი ინტერვიუს შემდეგ, ჩვენს რესპონდენტს საქართველოს ძიუდოს ფედერაციიდან შეხმიანებიან და ნაკრებში დაასაქმეს. ლამის, ერთწლიანი მუშაობის თავზე, ფირცხელიანს კვლავ დავუკავშირდით. სასაუბრო მრავლად დაგროვდა.
- შარშან შემოდგომაზე დამიკავშირდნენ და ნაკრებში ერთ-ერთ მწვრთნელად მუშაობა შემომთავაზეს. წინადადება მივიღე და საქმესაც შევუდექი, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მწვრთნელის, პეტერ ზაიზენბახერის ხედვას არ ვეთანხმებოდი. პრინციპში, მასთან ერთად დარბაზში ყოფნა, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ძალიან ცოტა ხნით მომიხდა. ძირითადად შარშან, ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში, ისიც არასრულად. შემდეგ, ნაკრები თითქმის სულ უცხოურ შეკრებებზე იყო. ხოლო მე, ძირითადად, თბილისში დარჩენილ კანდიდატებს და გუნდის მეორე-მესამე ნომრებად მიჩნეულ ძიუდოისტებს ვავარჯიშებდი.
- ძიუდოში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ რამდენიმე ძიუდოისტს ძალიან სჭირდებოდა თქვენი დახმარება. მათ შორის, ბეთქილ შუკვანსაც...
- ვიდრე საყვარელ საქმეს მივუბრუნდებოდი, სვანეთში ვიყავი და ჩემს ყოფილ შეგირდებს, მხოლოდ ტელეფონით ვაძლევდი რჩევა-დარიგებებს. მათ შორის, შუკვანსაც. გადაწყვეტილება რომ მივიღე და თბილისში ჩამოვედი, ბეთქილს თიაქარი ისე აწუხებდა, რამდენიმეთვიანი მკურნალობის კურსის ჩატარებას აპირებდა. ეს უმძიმესი ტრავმა, არანორმალურმა და გაუაზრებელმა ფიზიკურმა დატვირთვებმა გამოიწვია და ანალოგიური პრობლემა მარტო შუკვანს როდი ჰქონდა. ექიმმა უთხრა, რომ ვარჯიშის განახლებას იანვრიდან შეძლებდა. ეს კი ნიშნავდა, რომ ოლიმპიური ლიცენზიის აღებას ვეღარ ასწრებდა. ექიმს ვესაუბრე, ყველაფერი ავუხსენი და ბოლოს, ოპტიმალური ვარიანტიც გამოვძებნეთ: ნოემბერში ისეთი სპეციფიკური ვარჯიშების ჩატარება დავიწყეთ, რომლებიც ხერხემალს ზედმეტ ტვირთად არ აწვებოდა. იანვარში, ბეთქილი უკვე ბრწყინვალე ფორმაში იყო და ეს, შედეგიანობითაც დაამტკიცა – ქართულ და ავსტრიულ მსოფლიოს თასებსა და გერმანულ დიდ პრიზზე, სულ 14 შეხვედრა ჩაატარა და მათგან 13 იპონით მოიგო. მეთოთხმეტე ტრავმის გამო დათმო. მშვენიერი ფორმა აკრიფა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის გულიც მოიგო.
- ოლიმპიური თამაშების წინ თუ იყო ოპტიმალურ ფორმაში?
- სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, საუკეთესოდ იყო მომზადებული. ფიზიკურად მშვენივრად გამოიყურებოდა, ტექნიკურად კი ისედაც არასოდეს უჭირდა. ილეთების მარაგისა და ტექნიკურობის მხრივ, შუკვანს მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს. ვიდრე ოლიმპიადისწინა დასკვნით ბორჯომულ შეკრებაზე გაემგზავრებოდა, ვარჯიშზე დავრწმუნდი, რომ ლონდონში აუცილებლად უმაღლესი შედეგისთვის იჭიდავებდა.
- თავად რატომ არ გაყევით ნაკრებს ბორჯომულ შეკრებაზე?
- სიაში ვერ მოვხვდი. მაშინ მივხვდი, რომ ვერც ოლიმპიურ თამაშებზე წავიდოდი. ასეთ საკითხებზე საუბრისას, პირდაპირ ზაიზენბახერისკენ იშვერდნენ ხელს, მისი გადაწყვეტილებააო. ნაკრების ავსტრიელ მწვრთნელს იმაზე მეტს აბრალებდნენ, ვიდრე რეალურად იყო დასაბრალებელი. რამდენჯერაც ფედერაციასთან შეკითხვა გამიჩნდა, ყოველთვის სწორედ ზაიზენბახერი გამოიყვანეს განტევების ვაცად.
- ლონდონის ოლიმპიადაზე, სახელმწიფოს დაფინანსებით, ძიუდოში მოტრიალე არაერთი ადამიანი და ვეტერანი ძიუდოისტი ჩაიყვანეს. მათ შორის მოხვედრის შანსიც არ გქონდათ?
- სამწუხაროდ, არა. არადა, ლონდონში რომ ვყოფილიყავი, ასეთი ცუდი რამეების მოხდენას არაფრით დავუშვებდი.
- შუკვანის სკანდალს გულისხმობთ?
- პირველ ყოვლისა, მის უცნაურ მარცხს. არც ჩემი სპორტსმენობის და არც მწვრთნელობის დროს, ძიუდოისტის ასეთი “გაფუჭება” არ მინახავს, როგორც შუკვანს ფრანგ მილუსთან შეხვედრისას მოექცნენ. შეხვედრა, რომელიც სამჯერ უნდა შეეწყვიტათ ბეთქილის წმინდად გამარჯვების გამო, იქამდე გაწელეს, სანამ საპირისპირო შედეგი არ მიიღეს.
- რაც უნდა უსამართლოდ მოქცეოდნენ, მარცხის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თავისივე შეცდომა გახდა - საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე, ბეჭებზე დავარდა.
- პირველად მეც სწორედ ეს ვუთხარი, ლონდონიდან რომ დაბრუნდა. მიპასუხა, ისე ვიყავი გათიშული, არაფერი მახსოვსო. შეიძლება ტაბლოსაც კი ვუყურებდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამეს ვხედავდი, რეალობის შეგრძნება მთლიანად დაკარგული მქონდა, აბსოლუტურად გათიშული ვიყავიო. ვიდეოჩანაწერს ძალიან ბევრჯერ ვუყურე და დავრწმუნდი – შეხვედრის მიმდინარეობისას, მსაჯების მიერ დაჩაგვრამ მართლა გაანადგურა. მეტოქის გაფრთხილებებით, სულ ცოტა, ვაზარი უნდა აეკრიფა, მაგრამ ფრანგისთვის, რატომღაც, სამი და ოთხი კი არა, ერთი შიდოც არ გაიმეტეს. ერთხელ, შუკვანის ვაზარი იუკოდ შეაფასეს, შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე კი, სუფთა იპონი საერთოდ არ დააფიქსირეს. სამაგიეროდ, თავად შუკვანი პირველივე ჩავარდნაზე დასაჯეს შიდოთი. ამ გაფრთხილებისას, უკვე მართლაც საშინლად აჭრილი იყო. ვეღარც მოწინააღმდეგის მოქმედებას აკონტროლებდა და ვეღარც დარჩენილ დროს. არ შეიძლებოდა, რომ ეს, მხოლოდ შემთხვევით ცუდი მსაჯობა ყოფილიყო. ეს იყო წინასწარ შეკვეთილი სიბინძურე, მაგრამ არ მინდა იმაზე ვისაუბრო, რასაც დასაბუთებით ვერ დავამტკიცებ.
- ფედერაციის ხელმძღვანელობასთან თუ ისაუბრეთ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით?
- ნებისმიერს, ვისაც ძიუდოს არათუ ექსპერტობაზე, ელემენტარულ ცოდნაზე აქვს პრეტენზია, მოვიდეს, ერთად ვუყუროთ ვიდეოჩანაწერს და 100 პროცენტით დარწმუნდებიან სიმართლეში. კარგი იქნება, ძიუდოს სპეციალისტები თუ შევიკრიბებით და ერთხელ და სამუდამოდ, საერთო აზრზე შევჯერდებით. ხინჩეგაშვილის და გეგეშიძის დაჩაგვრა თუ შეამჩნიეს და გააპროტესტეს, იქ თითო უსამართლო ეპიზოდი იყო, შუკვანის შემთხვევაში კი უამრავი სადავო მომენტია და ხმაც არავის ამოუღია.
- სპორტსმენის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე რა აზრის ხართ?
- ეს ყველაფერი ჩემგან მალულად გააკეთა. მანაც და ამბაკო ავალიანმაც, რომლის პირადი მწვრთნელიც ასევე მე ვარ. გავბრაზდი, რჩევა რატომ არ მკითხეთ-მეთქი. ავალიანმა მითხრა, რომ გვეკითხა, არ გაგვიშვებდიო. მეცხრე წელია მებრძვიან. იმის გამო, რომ ჩემი ძმა ამ მთავრობისთვის არასასურველი ადამიანია, უამრავი წინაღობა შემექმნა, მაგრამ მეტ-ნაკლებად, ყველა ბარიერი ისე გადავლახე, პოლიტიკური განცხადების გაკეთება ერთხელაც არ გამივლია გონებაში. სპორტსმენი პოლიტიკაში რომ გაერევა, მისთვის სპორტი იქვე, მისდა უნებურად სრულდება. თუმცა, მოდი, მეორე მხრიდანაც შევხედოთ – სანამ ვიტყვით, სპორტსმენები პოლიტიკაში წავიდნენო, იქნებ პირიქით, პოლიტიკა მივიდა სპორტთან...
- ჩვენი გუნდის ოლიმპიადაზე გამოსვლას როგორ შეაფასებთ?
- უარყოფითად. მიუხედავად იმისა, რომ ოქროს მედალი მოვიპოვეთ, საერთო შედეგი საშინელი იყო. შუკვანზე უკვე ბევრი ვილაპარაკე. მოკლედ ნაკრების სხვა წევრებზეც ვიტყვი. ლაშა შავდათუაშვილისგან ასეთ წარმატებას წინასწარ არავინ გეგმავდა. საოცრად მშრომელი ბიჭია, რა თქმა უნდა, ნიჭიერიც. მუხლჩაუხრელად იმუშავა და გამარჯვება ალალად დაიმსახურა. სასიამოვნოა, რომ ქართული სტილით იჭიდავა. ნუგზარ ტატალაშვილიც ბოლომდე დაიხარჯა, მაგრამ წილისყრაში არ გაუმართლა. იუკოთი წააგო, რომელიც შეიძლებოდა არც შეფასებულიყო. ავთანდილ ჭრიკიშვილი ხასიათის მოჭიდავეა და აშკარად ეტყობოდა, ტურნირისთვის სათანადოდ ვერ განეწყო. თავისი შესაძლებლობების გამოვლენა, სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ შეძლო. იგივეს ვიტყვი ვარლამ ლიპარტელიანზეც. არანაირად არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ თითქოს, ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო დაისაჯა. პირიქით, ზედმეტად დათრგუნული იყო. ლიპარტელიანს ძალიან კარგად ვიცნობ და ოლიმპიურ ტატამზე პირველივე გამოჩენისთანავე სახეზე შევატყვე, რაღაც რიგზე ვერ იყო. ეს არის ძიუდოისტი, რომელიც ჭიდაობისას კი არ უნდა წააქეზო, პირიქით, უნდა დააოკო. ამჯერად კი, აბსოლუტურად პირიქით სჭირდა. სწორი მიდგომის შემთხვევაში, შეიძლებოდა მისი სათანადოდ განწყობა. ძალიან მწყდება გული, რომ ამის შესაძლებლობა არ მქონდა. ლომერ ჟორჟოლიანსაც მეტი შეეძლო, მაგრამ მის შემთხვევაშიც განწყობის პრობლემას მოვიმიზეზებ. ისეთ მეტოქესთან დამარცხდა, რომელსაც აქამდე სულ უგებდა. ადამ ოქრუაშვილს კი კენჭისყრამ არ გაუმართლა. ტედი რინერისა და ანდრეას ტოლცერის გარდა, ყველასთან ჰქონდა წარმატების შანსი და პირველივე წრეში, მაინცდამაინც ტოლცერს შეხვდა. ჩვენს ნაკრებს წარმატების გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა, სპორტსმენებს უშუალოდ შეხვედრების დროს მოკარნახეებად პირადი მწვრთნელები რომ ჰყოლოდათ. სწორედ ამის ხარჯზე მიაღწიეს რუსებმა წარმატებას. მათი ნაკრების იტალიელი მთავარი მწვრთნელი ერთხელაც არ დამინახავს.
- ოლიმპიადა დასრულდა და ქართულ ძიუდოში ახალი ციებ-ცხელება იწყება. ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა, ფედერაციაში კი ახალი, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება იგეგმება...
- ქართული სპორტი პოლიტიკური ნიშნით იმართება. სამწუხაროდ, გამონაკლისი არც ჩვენი ფედერაციაა. თუ ახალი ფედერაციაც პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტდება, მაშინ ყველას ბოდიშს მოვუხდი და საყვარელ საქმეს ჩამოვშორდები. ასეთ გარემოში გაჩერების არანაირი სურვილი არ მაქვს.


ოთარ მაღლაკელიძე
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165503