გულშემატკივრის სვეტი

10:27 | 3.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიური საფიქრალი

ამასწინათ, რივალდოს უთქვამს: “გულრწფელად მეცოდება ბრაზილიის ამჟამინდელი ნაკრების ფეხბურთელები. ბევრმა მათგანმა, ალბათ, არც კი იცის, ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე რამხელა წნეხის წინაშე მოუწვეთ თამაშიო”, - ამ სიტყვების თქმის უფლება, ალბათ, მხოლოდ რივალდოს და მისი კალიბრის ფეხბურთელებს აქვთ, თორემ, ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრა და მით უმეტეს, ამ გუნდის მაისურით მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში რაოდენი ბედნიერებაა, ადვილად წარმოსადგენი უნდა იყოს ნებისმიერი გულშემატკივრისთვის.
ბრაზილიელები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან და ეს მზადება, მხოლოდ ლამაზ-ლამაზი სტადიონებისა და სასტუმროების მშენებლობაში არ გამოიხატება. “პენტაკამპეონთა” მრავლისმნახველ მთავარ მწვრთნელს, გუნდის ერთ სათამაშო პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელის გამოცდა უწევს და როგორც თავად თქვა, ჯერ კიდევ დიდი ხანი დასჭირდება, სანამ საჩემპიონატო ბირთვს შეარჩევს. ბოლო დროს ხშირად ამბობენ, ბრაზილიის ნაკრებს თაობათა ცვლამ თავისი მსახვრალი ხელი დაატყო და ეს თაობა დიდი ვერაფერიშვილიაო. მაგრამ, ძნელია დაეთანხმო ამ მოსაზრებებს, როდესაც ბრაზილიის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების თამაშს უყურებ. ამას გარდა, ლიბერტადორესის თასზე, ბრაზილიურ კლუბებში ისეთ მშვენიერ ბიჭებს გადააწყდები, რომ ბრაზილიურ ფეხბურთში არსებულ კრიზისზე სალაპარაკოდ, უბრალოდ, ენა არ მოგიბრუნდება.
ის, რამაც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე შეიძლება ყველაზე დიდი საფრთხე და პრობლემა შეუქმნას, გაგიკვირდებათ და, ბრაზილიის ეროვნული გუნდის გულშემატკივრები იქნებიან. ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ბრაზილიელი ქომაგები საყვარელი გუნდისაგან მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობას მოელიან? მაგრამ ჩემპიონობაცაა და ჩემპიონობაც... ყველას კარგად გვახსოვს და გვინახავს ბრაზილიის ნაკრების ჩატარებული უსახური მატჩები, რომლებიც მაინც ბრაზილიელთა გამარჯვებით დასრულებულა და ბრაზილელი ქომაგები “სელესაოს” გამარჯვების მიუხედავად, მაინც სტვენითა და გინებით აცილებდნენ. ბრაზილიელები ევროპელებისაგან ძირეულად განსხვავებული მენტალიტეტის ხალხია და მათთვის მთავარია გამარჯვება, ოღონდ გამარჯვება ბრაზილიურად, უპირობოდ, კითხვების გაჩენის გარეშე და სანახაობრივი ფეხბურთით...
ბრაზილიელი ფეხბურთელები აუცილებლად დადგებიან განსაკუთრებული წნეხის პირისპირ, რადგან საკუთარ ქვეყანაში მეორედ მარცხს, მათ აღარავინ აპატიებს და წარსული დიადი წარმატებებით თავის მართლების უფლებასაც არავინ მისცემს (ყველა ხომ, ქართველი გულშემატკივარივით ლმობიერი და მიმტევებელი კი არაა...).  ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და ბრაზილიელებს დღემდე ვერ მოუნელებიათ 1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ურუგვაელებთან მარცხი. იმ მარცხისგან გამოწვეული ერთგვარი კომპლექსი ბრაზილიელებს ახლაც აქვთ და პელეს სამშობლოში არსებობს ავადმოსაგონარი წარსულის განმეორების შიში, რაც, ალბათ, არც არის გასაკვირი.
გარდა ამ ყველაფრისა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუკი მსოფლიოს წამყვანი ნაკრებების დღევანდელ მდგომარეობებს გავითვალისწინებთ, ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე არნახულად დიდი კონკურენცია იქნება. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის ტრადიციულად მაძიებელი ნაკრებებისათვის, ბრაზილიაში გამარჯვება იმდენად საოცნებო მიზანია, რომ ეს მიზანი მათში აუცილებლად დიდ მოტივაციას დაბადებს. ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონობა  - ეს ყველა გუნდის დიდი და მარადიული ოცნებაა!  
რეალობა ისეთია, რომ მომავალი წლის ზაფხულში, აქამდე არნახულად საინტერესო და ინტრიგებით აღსავსე მსოფლიოს ჩემპიონატი გველის. ასეთ დროს ძნელია გაუგო იმ ადამიანებს, რომელთაც ფეხბურთი არ აინტერესებთ. ალბათ, ძალიან უნდა ეცადო საიმისოდ, რომ “მოახერხო” და 2014 წლის ზაფხული ჩვეულებრივ, რიგით ზაფხულად ჩათვალო...…

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09385