ტრადიციად დამკვიდრდა, ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატებს ისეთი უწესრიგობა ახლავს თან, უშუალოდ სპორტულ სანახაობას ყველანაირი ხიბლი ეკარგება. დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში გუშინ დაწყებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს პირველობაზეც, უკვე იმდენი დარღვევა დაფიქსირდა, ორდღიანი შეჯიბრის მეორე დღემ, სულაც იდეალურ წესრიგში რომ ჩაიაროს, საერთო უარყოფით შეფასებას მაინც ვერ გამოასწორებს.
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის აკადემიაში საქართველოს პირველობის ჩატარების გადაწყვეტილება საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ რამდენიმე კვირის წინ მიიღო. მაშინვე ცხადი იყო, რომ დარბაზში, რომლის ტრიბუნებიც ათასამდე მაყურებელს გაჭირვებით იტევს, ჭიდაობაზე დასწრების მსურველები ვერაფრით დაეტეოდნენ. შესაბამისად, ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებაც მაქსიმალურად გაჭირდებოდა.
საკუთარ დარბაზში შიდა პირველობის ჩატარებისგან თავად ძიუდოისტებმაც კი თავი შეიკავეს და ახლახან სპორტის სასახლეში გაშალეს ტატამი. მოჭიდავეებმა კი ქვეყნის უმთავრესი დარბაზის არენდისთვის საჭირო თანხის მოძიება ვერაფრით მოახერხეს და დიღმის ვარიანტი აირჩიეს. სამწუხაროდ მოსალოდნელ უსიამოვნებებზე არ უფიქრიათ, თორემ უსაფრთხოების მინიმალურ ზომებს მაინც მიიღებდნენ.
დილის 11 საათისთვის, ჯერ კიდევ წინასწარი ეტაპის შეხვედრების დაწყებამდე ტრიბუნებზე დასაჯდომი ადგილის მოძებნა უკვე შეუძლებელი იყო. ასობით ადამიანი კი შეხვედრების საცქერად უშუალოდ არენაზე მოკალათდა. რამდენიმეჯერ ლამის ლეიბების საჭიდაო ზონაშიც კი აღმოჩნდნენ მაყურებლები და ერთხელ დიქტორმა იხუმრა კიდეც, ბარემ შემოდით და თქვენც იჭიდავეთო. ჭიდაობის რა გითხრათ, ჩხუბით კი იჩხუბეს და თან ისე, რომ წინა ჩემპიონატების უწესრიგობები ერთიანად გადაჩრდილეს.
დილიდანვე ცხადი გახდა, რომ ადრე თუ გვიან დაძაბულობა კულმინაციას მიაღწევდა. მსაჯობით აღშფოთებული მწვრთნელები პროტესტის დასაფიქსირებელ სპეციალურ რეკვიზიტს ისეთი სიხშირით ისროდნენ ლეიბებზე, ხშირად სამივე კამერასთან ერთდროულად იყრიდნენ თავს სადავო ეპიზოდის ვიდეოჩანაწერის გარჩევის მსურველები. ფედერაციის გენერალურ მდივანს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ მალხაზ ჯორბენაძესაც, სამუშაო არ ელეოდა. უმეტესწილად სწორედ მისი სიტყვა იყო გადამწყვეტი და თითო-ოროლა უსიამოვნო მომენტს თუ არ ვახსენებთ, საბოლოო ვერდიქტს გართულება არ მოჰყოლია, თუმც რისკი ნელ-ნელა იზრდებოდა.
მოსახდენი 60 კილოგრამი წონითი კატეგორიის მესამე ადგილისთვის ბრძოლისას მოხდა. ბოლნისის სახელით მოჭიდავე მალხაზ ქურდიანისა და გორელი გიორგი ბალიაშვილის შეხვედრაში მსაჯის გადაწყვეტილებას მორიგი ხანგრძლივი გარჩევა მოჰყვა და მას შემდეგ, რაც ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მსაჯის შეცდომა დააფიქსირა და შეცვლა გადაწყვიტა, ქურდიანის გულშემატკივართა რისხვა დაიმსახურა. კამათს გინება და ხელჩართული ჩხუბიც მოჰყვა, გენერალურ მდივანსა და მაყურებლებს შორის. ჩხუბში დარბაზში მყოფი ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, ნესტორ ხერგიანიც ჩაერია და მალხაზ ჯორბენაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მხარეები სწრაფადვე გაარიდეს ერთმანეთს, მაგრამ სავარაუდოდ, ამ ინციდენტს არანაკლებ ხმაურიანი გაგრძელებაც მოჰყვება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის, გია გალდავას თქმით, სამინისტრო არასპორტული საქციელის გამო ხერგიანის დასჯაზე იმსჯელებს.
რაც შეეხება, ქურდიანი-ბალიაშვილის შეხვედრას, უსუსტესი მსაჯობისა და კიდევ არაერთი ვიდეოგანხილვის გამო კიდევ დიდხანს გაიწელა და საბოლოოდ, დარბაზში გადამწყვეტი შეხვედრებისას მისული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის, ედიშერ მაჩაიძის ჩარევის შემდეგღა დასრულდა, ბალიაშვილის გამარჯვებით. ყველა გეგმიური და დაუგეგმავი პაუზის გათვალისწინებით ეს ბრძოლა თითქმის ერთი საათი გაიწელა, თუმც ხანგრძლივობის რეკორდი მაინც სხვა შეხვედრაში დამყარდა. 66 კილოგრამის მერვედფინალში ერთმანეთს აჭარელი კობა კაკალაძე და თბილისის სახელით მოჭიდავე ილია ხუციშვილი დაუპირისპირდნენ. სამსეტიანი ბრძოლის გადამწყვეტი ილეთი ხუციშვილმა შეასრულა, მაგრამ კაკალაძის მწვრთნელის მტკიცებით, გდების შესრულებისას ჭიდაობისთვის განკუთვნილი 2 წუთი უკვე გასული იყო. ვიდეოჩანაწერმა სიმართლე ვერ დაადგინა, რადგან კამერა მხოლოდ ჭიდაობას აფიქსირებდა, ტაბლო კი არ ჩანდა. სულ ცოტა, ერთსაათიანი კამათის შემდეგ მსაჯები ისევ ჩანაწერს ჩაუჯდნენ და სიმართლის გარკვევა ხელის წამზომით სცადეს, მაგრამ მას ვერც ამ იდეამ გაამართლა და ბოლოს საოცარი გადაწყვეტილება მიიღეს – ყველა ქულა გაუქმდა და სპორტსმენები ერთმანეთს 0:0-დან დააჭიდეს. 3-პერიოდიანი დაძაბული ბრძოლა ტომარიდან ბურთულის ამოღებით დასრულდა. ფორტუნამ ხუციშვილს გაუღიმა და მანაც, შანსი ხელიდან არ გაუშვა.
პირველი ჩხუბი სწორედ ამ შეხვედრისას მოხდა, მაგრამ მხარეები სწრაფადვე დააშოშმინეს, ისევ და ისევ მაყურებლებმა და ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებმა. აბა სხვა ვინ უნდა ჩარეულიყო, მთელი დღის განმავლობაში, დარბაზში წესრიგის ერთი დამცველიც არ გამოჩენილა. დაცვის სამსახურის დაქირავებაც ერთი რიგითი საორგანიზაციო საკითხია...
რაც შეეხება უშუალოდ ჭიდაობებს, დღის მთავარი დაპირისპირება 74 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალი გახდა. ერთმანეთს საქართველოს ნაკრების ლიდერი გელა საღირაშვილი და ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი დავით ხუციშვილი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა 2 პერიოდში, ხუციშვილის გამარჯვებით დასრულდა. ახალგაზრდა სპორტსმენმა თავისზე ბევრად გამოცდილი მოწინააღმდეგე კონტრ-ილეთებზე სამჯერ გამოიჭირა. ცნობისთვის, ფინალამდე ორივე მოჭიდავემ ხუთ-ხუთი მეტოქე ჩამოიცილა. 74 კილოგრამში სულ 49 მონაწილე გავიდა ხალიჩაზე.
უმსუბუქეს წონაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველას ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა აჯობა. ფინალში მან ლაშა ლომთაძეს სძლია. ხინჩეგაშვილის უმთავრესმა კონკურენტმა, ბესიკ გუჩაშვილმა კი ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 60 კილოგრამში იჭიდავა და მეორე წრეს ვერ გასცდა. ამ წონის ფინალში ნაკრების წევრმა მალხაზ ზარქუა და ახალგაზრდა დავით ბერძნიშვილი გავიდნენ. ამ უკანასკნელმა გადამწყვეტ ბრძოლამდე ორი ისეთი მეტოქე ჩამოიცილა, ფავორიტებად რომ მიიჩნეოდნენ – მალხაზ ქურდიანი და გიორგი ბალიაშვილი. ზარქუასთან კი ვეღარაფერს გახდა და ვერცხლს დასჯერდა.
66 კილოგრამში ხალიჩაზე არ გასულა უმთავრესი ფავორიტი ოთარ თუშიშვილი. ნაკრების ერთ-ერთმა ტიტულოვანმა წევრმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში აღნიშნა, რომ ხელს მცირე ტრავმა უშლის და სანაკრებო კონკურენციას სავარაუდოდ ზაფხულიდან დაუბრუნდება. ევროპირველობის შემადგენლობაში მოსახვედრად კი ორი ნაკლებად გამოცდილი სპორტსმენი ჩაერთვება – ცოტნე ბარამიძე და ილია ხუციშვილი. ფინალში სწორედ მათ იჭიდავეს და ჩემპიონის ტიტული ბარამიძემ მოიპოვა.
დასასრულ ერთ პრობლემაზეც, რომლის მოგვარებაც მარტივად შეიძლება, მაგრამ ამაზე ჯერ არავინ ზრუნავს. უკვე წლებია, საქართველოში ჩატარებული საჭიდაო ტურნირების კენჭისყრის ბადე მხოლოდ ერთ ეგზემპლარად იბეჭდება. უფრო ზუსტად კი, ცხრილი იბეჭდება და მასში მონაწილეთა სიას ერთადერთი ადამიანი - თენგიზ ღამბაშიძე საწერი კალმით აღრიცხავს. შეჯიბრის მიმდინარეობასაც ასევე აწარმოებს და ლეიბის მაკონტროლებელ მაგიდებსაც თავად ამარაგებს, ასევე საწერი კალმით შევსებული ფურცლებით. დეტალური ინფორმაციის ერთადერთი წყაროც სწორედ ეს ადამიანია და საოცრად საპასუხისმგებლო და მძიმე სამუშაოსთან ერთად, ჟურნალისტებისა და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდებასაც ახერხებს. საქმეს თავს მშვენივრად ართმევს და ალბათ ამიტომაცაა, ფედერაცია კომპიუტერულ ცხრილებზე გადასვლის აუცილებლობას რომ ვერ ხედავს. კენჭისყრის ბადის არათუ ქსეროასლის, დედნის ამობეჭდვაც კი, ერთი მარტივი მიზეზის გამო წარმოუდგენელი ფუფუნებაა – არ არსებობს.
26 ნოემბერს ჩემპიონ-პრიზიორები 84, 96 და 120 კილოგრამებში გამოვლინდებიან. წინასწარი შეხვედრები დილის 12 საათიდან დაიწყება და იმედია მომავალ რეპორტაჟში
თავისუფალი ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი. 25 ნოემბერი
55 კგ
1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
2 ლაშა ლომთაძე (ქუთაისი)
3 გივი დავიდოვი (საჩხერე)
3 გიორგი ედიშერაშვილი (თბილისი)
60 კგ
1 მალხაზ ზარქუა (აჭარა)
2 დავით ბერძნიშვილი (გორი)
3 ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
3 გიორგი ბალიაშვილი (გორი)
66 კგ
1 ცოტნე ბარამიძე (გორი)
2 ილია ხუციშვილი (თბილისი)
3 კობა კაკალაძე (აჭარა)
3 მიხეილ ზარქუა (ბოლნისი)
74 კგ
1 დავით ხუციშვილი (საგარეჯო)
2 გელა საღირაშვილი (თბილისი)
3 პაატა ნოზაძე (ქუთაისი)
3 გიორგი მარსაგიშვილი (ყაზბეგი)
ოთარ მაღლაკელიძე







