ჭიდაობა

23:47 | 26.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაოს არაოპერატიულობა

ბულგარეთის ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ქალაქ ბურგასში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირის – ნიკოლა პეტროვის მემორიალის 25 თებერვლის საპრიზო სამეულები ერთი დღის დაგვიანებითღა გამოაქვეყნა. ინტერნეტ სივრცეში რომ საჭიდაო ინფორმაციები ლამის ყველა სახეობასთან შედარებით არაოპერატიულად ვრცელდება, უკვე ჩვეულებრივი ამბავია. ყოფილა შემთხვევები, პრესტიჟული ტურნირების გაშუქება არაოპერატიულადაც არავის გახსენებია და ქართველ მოჭიდავეებს თავად გაუხმაურებიათ სატურნირო ამბები, საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ხშირად ინტერნეტ-ფორუმებზე, გულშემატკივრებისგან შეგვიტყვია ამა თუ იმ შეხვედრის შედეგი.
სწორედ ასე მოხდა გუშინ – ერთ-ერთ ინტერნეტ-ფორუმზე, მავანი ბულგარელი ჭიდაობის მოყვარულის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან, ბურგასულ ტურნირზე მედალი მხოლოდ მანუჩარ კვირკველიამ მოიპოვა. ინფორმაციის გადამოწმების ერთადერთი გზა ბულგარეთის ჭიდაობის ფედერაციის ვებ-გვერდი იყო. გვიან ღამით მართლაც გამოჩნდა ცნობა, კვირკველიასგან ვერცხლის მედლის აღების შესახებ და რახან მოკლე ტექსტობრივ მიმოხილვაში ჩემიონ-პრიზიორთა შორის სხვა ქართველი არ ხსენებულა, “მსოფლიო სპორტმაც” მხოლოდ ერთი მედლის შესახებ ამცნო მკითხველს.
დღეს კი, ოფიციალურ ბულგარულ ტექნიკურ შედეგებში, 96 კილოგრამი წონითი კატეგორიის სამეულში, მესამე ადგილზე ქართული გუნდის კიდევ ერთი წევრი, სოსო ჯაბიძე გამოჩნდა. ინფორმაციას კვარცხლბეკის ფოტოც ამყარებს, ასე რომ, დასაზუსტებელიც არაფერია.
დღეს პეტროვის მემორიალიზე ჩემპიონ-პრიზიორები 60, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებოდნენ. არიან თუ არა სამეულში ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120 კგ), ოფიციალური ვებ-გვერდის “ოპერატიულობიდან” გამომდინარე, ჯერ უცნობია.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161771