ჭიდაობა

0:38 | 17.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაოს ოქროს გრან-პრი

16 ივლისს, ბაქოში “ოქროს გრან-პრის” სერიის ფინალური ტურნირი გაიხსნა. სამდღიანი შეჯიბრის პირველ დღეს, მედლები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გათამაშდა და ხალიჩაზე 21 ქართველიც გავიდა, სამეულში შესვლა კი, მხოლოდ 5-მა შეძლო - ხუთივემ მესამე ადგილით. ოქრო-ვერცხლს კი, ზაზა თურმანიძის გუნდის ვერც ერთი წევრი ვერ შესწვდა. გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებმა 50 ქულა დააგროვა და რუსეთთან ერთად მეორე-მესამე ადგილი გაიყო. პირველზე აზერბაიჯანი გავიდა 82 ქულით.
ბრინჯაოს პრიზიორთა და უმედლოდ დარჩენილთა ბაქოური გამოსვლის შესახებ, წონითი კატეგორიების მიხედვით მოგახსენებთ.
55 კგ
საქართველოს სახელით ბესიკ გუჩაშვილმა, ამირან ელბაქიძემ და ლაშა ლომთაძემ იჭიდავეს. გუჩაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ყაზახ იერკებალა ტურგუნბაევს მოუგო. შემდეგ კი, იაპონელ შინიჩი იუმოტოსთან სამსეტიან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და მას შემდეგ, რაც იუმოტო ფინალში გავიდა, გუჩაშვილს ბრინჯაოსკენ გზა გაეხსნა. დამამშვიდებელი ეტაპის ნახევარფინალში რუსი კაზბეკ შამსუტდინოვი დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი, იუმოტოს ჯავრი კიდევ ერთ იაპონელზე, იასუჰირო ინაბაზე იყარა.
ელბაქიძე და ლომთაძე ხალიჩაზე თითოჯერ გავიდნენ. ორივემ ამერიკელ მოწინააღმდეგესთან წააგო, ელბაქიძემ – ობენსონ ბლანკთან, ლომთაძემ - ანგელ ესკობედოსთან.
60 კგ
ჯერ კიდევ დილის პროგრამის დასრულებისთანავე გადაწყდა, რომ ამ წონაში, საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს აუცილებლად მიიღებდა. რეპეშაჟის ფინალში ერთმანეთს მალხაზ ქურდიანი და გიორგი ბალიაშვილი დაუპირისპირდნენ. ქურდიანმა დაძაბულ, სამსეტიან ბრძოლაში იმარჯვა და თბილისის “ოქროს გრან-პრიზე” მოპოვებულ ოქროს, ბაქოური ბრინჯაო მიამატა. ამასთან, მესამე ადგილისთვის დაწესებული საპრიზო თანხა, 2 ათასი დოლარიც მიიღო.
ქურდიანს და ბალიაშვილს ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა ამერიკელმა შოუნ რონდელ ბანჩმა გადაუკეტა. პირველს მეოთხედფინალში, ხოლო მეორეს – ნახევარფინალში.
მალხაზ ზარქუა ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო, მაგრამ იაპონელ შოგო მაედას ვერაფერი მოუხერხა და რეპეშაჟში გადართვის შანსიც მალევე დაკარგა, მას შემდეგ, რაც იაპონელმაც ფინალამდე წაიფორხილა.
66 კგ
გოგა ხუჭუა და შალვა მუზიაშვილი კენჭისყრამ პირველსავე წრეში ერთმანეთს დააჭიდა. ხუჭუამ ორ სეტში იმარჯვა, მაგრამ მეორე წრეში, აზერბაიჯანელ ემინ აზიზოვთან ვეღარას გახდა და მუზიაშვილს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაუკარგა. თავად კი აზიზოვის ფინალში გასვლას დაელოდა. ასეც მოხდა და პირდაპირ რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმაში ხელი ირანელმა მოჰსენ იაჰან ბახშიანმა შეუშალა და საბოლოოდ, მეხუთე ადგილი დაიკავა.
პაატა ნოზაძისთვის დაუძლეველი ბარიერი, ამერიკელი ბრენტ ჰაროლდ მეტკალფი აღმოჩნდა და ქართველს ხალიჩაზე მეორედ გასვლის შანსი აღარ მისცემია.
74 კგ
ქართულმა სამეულმა ოქრო-ვერცხლის შანსი საწყის ეტაპებზევე დაკარგა - სამივემ რუს მეტოქესთან წაგებით. გელა საღირაშვილს გაჯი გაჯიევმა აჯობა, ოთარ ურატაძეს - ირბეკ ფარნიევმა, ხოლო მარად ზოიძეს - ანუარ გედუევმა. ამ რუსთაგან, ფინალში გასვლა ვერც ერთმა ვერ შეძლო და შესაბამისად, ქართველებისთვის ბრინჯაოს გზაც ჩაიკეტა.
84 კგ
ბექა ჭელიძე “ოქროს გრან-პრიში” პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და ყაზახი ერმეკ ბაიდიაჩოვის ძლევით მეოთხედფინალში გავიდა. იქ, აზერბაიჯანელ ნაურუზ ტემრეზოვს პირველ სეტში აჯობა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მოგვიანებით, დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. ტემრეზოვთანვე მარცხით გახსნა “ოქროს გრან-პრი” არჩილ ქიტიაშვილმაც და რეპეშაჟის ნახევარფინალში ორი ქართველი დაეჭიდა ერთმანეთს. ჭელიძემ იმარჯვა და კვარცხლბეკზე ასასვლელად შარიფ შარიფოვს შეხვდა, მაგრამ წააგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.
თორნიკე სვანიძე უზბეკეთის სახელით მოჭიდავე სოსლან ტიგიევთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
96 კგ
გიორგი გოგშელიძემ და ბელდუხ გავაშელიშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგეს აზერბაიჯანელ მეტოქეებთან, ხეთაგ გაზიუმოვთან და ჯამალადინ მაგომედოვთან. შემდეგ კი ორივემ იმარჯვა და ამ წონაში ბრინჯაოს მედლები ქართველებს ერგოთ.
გადამწყვეტ შეხვედრაში, გოგშელიძემ ირანელ ჯაფარ ალიდად დალირს აჯობა, გავაშელიშვილმა – უკრაინელ ვალერი ანდრიიცევს.
დავით ქერაშვილი პირველსავე წრეში დამარცხდა ამერიკელ ჯეიმს დენიელ ბერგმანთან.
120 კგ
ქართველ მძიმეწონოსანთაგან, ძირითად ბადეში ყველაზე წინ ლევან ბერიანიძე წავიდა.
პირველ შეხვედრაში მან რუსეთის ნაკრების ერთადერთ წარმომადგენელს, კირილ გოტოვცევს ორ სეტში მოუმთავრა საქმე. ბელარუს ალექსეი შემაროვსაც სეტდაუკარგავად აჯობა და ნახევარფინალში თურქ ფათიჰ ჩაკიროღლუს დაეჭიდა. მასთან კი ვეღარას გახდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც თანაგუნდელ დავით მოძმანაშვილს დაეჭიდა.
ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას მოძმანაშვილიც ჩაკიროღლუმ ჩამოაშორა. შეხვედრა საწყის ეტაპზევე შედგა და რეპეშაჟში მოძმანაშვილი ნახევარფინალიდან ჩაერთო, სადაც ამერიკელი ლეს სიგმანი დაჩაგრა. ქართველთა გადამწყვეტი შეხვედრა კი 3 სეტი გაგრძელდა. პირველი მოძმანაშვილმა მოიგო, მეორე-მესამე – ბერიანიძემ.



ოქროს გრან-პრი
ბაქო. 16 ივლისი
თავისუფალი ჭიდაობა


55 კგ
1 შინიჩი იუმოტო (იაპონია)
2 ნარიმან ისრაპილოვი (რუსეთი)
3 ბესიკ გუჩაშვილი (საქართველო)
3 ანგელ ესკობედო (აშშ)

60 კგ
1 ვასილ ფედორიშინი (უკრაინა)
2 შოუნ რონდელ ბანჩი (აშშ)
3 მალხაზ ქურდიანი (საქართველო)
3 საეიდ აჰმადი ზარინკოლაეი (ირანი)

66 კგ
1 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
2 ემინ აზიზოვი (აზერბაიჯანი)
3 ბრენტ ჰაროლდ მეტკალფი (აშშ)
3 მოჰსენ იაჰან ბახშიანი (ირანი)

74 კგ
1 ალექსანდრ გოსტიევი (რუსეთი)
2 ტრევის იუგენ პაულსონი (აშშ)
3 ჩამსულვარა ჩამსულვარაევი (აზერბაიჯანი)
3 კამალ მალიკოვი (რუსეთი)
 
84 კგ
1 ნაურუზ ტემრეზოვი (აზერბაიჯანი)
2 იაკობ ჯონ ჰერბერტი (აშშ)
3 შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი)
3 გიორგი რუბაევი (რუსეთი)

96 კგ
1 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)
2 ჯამალადინ მაგომედოვი (აზერბაიჯანი)
3 გიორგი გოგშელიძე (საქართველო)
3 ბელდუხ გავაშელიშვილი (საქართველო)


120 კგ
1 ფათიჰ ჩაკიროღლუ (თურქეთი)
2 ტერველ ივაილოვ დლაგნევი (აშშ)
3 ლევან ბერიანიძე (საქართველო)
3 ალი ისაევი (აზერბაიჯანი)

ოთარ მაღლაკელიძე

0.168531