ჭიდაობა

2:01 | 24.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბუდაპეშტში თავისუფლების დღეები იწყება

ბუდაპეშტში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო-ორი დღე – 24-25 ივლისი თავისუფალი სტილის მიმდევრებს დაეთმობათ. საქართველოს ნაკრები უნგრულ ხალიჩაზე ზუსტად იმ შემადგენლობით გავა, ერთი თვის წინ ბულგარეთში, ევროპირველობაზე რომ იჭიდავა. მაშინ ნუგზარ სხირელის გუნდის რვა წევრიდან 5 კვარცხლბეკზე ავიდა. დავით ხუციშვილი (74 კგ) და გიორგი საკანდელიძე (120 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ) და თენგიზ ჩოჩოშვილი (60 კგ) ვერცხლს, ხოლო ლაშა ტალახაძე (50 კგ) ბრინჯაოს დაეუფლნენ.
ამ ხუთეულიდან სამი ახალგაზრდა მსოფლიოს პირველობაში ხვალ ჩაერთვება.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს მედლების 4 კომპლექტი გათამაშდება. 50, 60, 74 და 96 კილოგრამი წონითი კატეგორიების კენჭისყრა უკვე გაიმართა და ქართველების მეტოქეებიც გამოვლინდნენ.
ტალახაძე (50 კგ) პირველ წრეში დაისვენებს და შეჯიბრში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთვება, ამერიკელ ნიკ რობერტსთან შეხვედრით. თუ გასცდება, მონღოლ ტუგს ბატიარგალსა და გვატემალელ კრისტიან იოსე მოქს არიასს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება. ნახევარფინალში კი ამ ოთხეულის გზა ევროპის მოქმედი ჩემპიონის, მოლდოველი ანატოლი ბურიანის გზას უერთდება. ჩოჩიშვილი (60 კგ) ჩემპიონატს კანადელ სკოტ ენტონი ჯოზეფ შილერთან შეხვედრით გახსნის. ამ წყვილიდან გასული კი ამერიკელ მეტ მაკდონუგსა და უკრაინელ სტანისლავ რეუცკის შორის საუკეთესოს შეხვდება. ხუციშვილის (74 კგ) პირველი მოწინააღმდეგე კოსტარიკელი ჰერიბერტო სანდი კასტილიო იქნება, მეორე – ან ჩინელი ლეი ვანგი, ან სამხრეთ კორეელი იონ-კი ანი. 96 კილოგრამში ხალიჩაზე თორნიკე ხიდეშელი გავა, ყაზახ ანდრეი ჩერვიაკოვთან საჭიდაოდ. გამარჯვების შემთხვევაში კი სავარაუდოდ ირანელი არფად მორადალი ამირის პირისპირ დადგება.

 
ოთარ მაღლაკელიძე
0.184793