გულშემატკივრის სვეტი

10:15 | 16.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარელი ქართველები, ანუ ქართველი ბულგარელები

ბავშვობაში ერთ ბულგარელ ბიჭს ვიცნობდი. ბულგარელს წარმოშობით, თორემ მგონი მისალმების გარდა, ბულგარულად ერთი სიტყვაც კი არ იცოდა. ის კი არა, მგონი ბულგარეთში მამამისიც კი არ იყო მანამდე ნამყოფი. იცოდა ქართული, რუსული და ცოტა ქურთული, მისი მეზობელი ქურთების გამოისობით. ისეთი დამჯერი და პედანტი ბავშვი, როგორიც ვალენტინი იყო, იშვიათად მინახავს. მოვიდოდა სკოლიდან, (სხვათა შორის, ქართულ სკოლაში დადიოდა) ჭამდა, ისწავლიდა გაკვეთილებს და შემდეგ, საღამომდე კალათბურთს თამაშობდა უბანში. არ მახსოვს, სხვა ბავშვებთან ერთად, ან საბანაოდ გაპარულიყოს, ან ფეხბურთზე, ანდა სადმე ბაღში გოგოების შესათვალიერებლად. ყოველდღე ჯიუტად თამაშობდა კალათბურთს და მთელს უბანში მგონი ერთადერთი ბავშვი ყო, რომელმაც არამხოლოდ საბჭოთა, არამედ მსოფლიო კალათბურთის შესახებ ძალიან ბევრი რამ იცოდა. საიდან იციო რომ ჰკითხავდნენ, “მამაჩემი მეუბნებაო” ამბოდა, თუმცა მე მგონია, რომ შვილი უფრო ერკვეოდა კალათბურთის ავან-ჩავანში ვიდრე მამა, რადგან, ყოფილ კალათბურთელ მამამისს, რომელსაც მგონი ბორისი ერქვა და ერთ-ერთ უსახურ ქარხანაში მუშად მუშაობდა, (დედა ადრე გარდაცვლოდა და არც ახსოვდა ვალენტინს) მეეჭვება იმ პერიოდში სპორტული გაზეთები ეკითხა.
 სკოლიდან დაბრუნებულ ვალენტინს იღლიაში მუდამ რუსული სპორტული გაზეთი ჰქონდა ამოჩრილი და დღენიადაგ, მაშინ ბევრისათვის გაუგებარ ცხრილებსა და სპორტულ კალენდრებს ათვალიერებდა. უბანში ბევრმა ბავშვმა სწორედ მისგან გაიგო შორეულ ამერიკაში ყველაზე “მაგარი” კალათბურთელები რომ იყვნენ და თბილისის “დინამოს” ევროპული თასი რომ ჰქონდა მოგებული. ვალენტინს შედარებით უფროსი ბიჭები ხუმრობითა და ანგლობით ვალენტინა ტერეშკოვას ეძახდნენ, აქაოდა, სახელები ერთმანეთის მსგავსიაო. რუს კოსმონავტ ქალთან შედარების გამო, ბულგარელი ვალენტინი არასოდეს ბრაზდებოდა. მგონი მხოლოდ ერთხელ იყო, ერთ-ერთ ვალენტინა ტერეშკოვას დამძახებელს რომ უთხრა: (ის “დამძახებელი” გავაშელი იყო გვარად) “მაშინ შენ გავა უნდა გერქვასო” და ამის გამო დიდი გაწევ-გამოწევაც გაიმართა...
 როგორც გითხარით, წარმოშობის მიუხედავად, არც ვალენტინი და არც მამამისი, დიდად არ ბულგარელობდნენ და მშობლიური ენაც მივიწყებოდათ, მაგრამ როდესაც საქართველოში 90-იანი წლები დადგა, ქვეყანა აირია და ეკონომიკურმა პრობლემებმაც იჩინა თავი, მრავალ სხვა ქარხანასთან ერთად, ვალენტინის მამის უსახური ქარხანაც დაიხურა და მამა-შვილი შიმშილობის წინაშე პირისპირ დადგნენ. თუკი ამ პერიოდში ქართველები თავს უმეტესად სოფლიდან ნათესავების მიერ გამოგზავნილი სანოვაგით ირჩენდნენ, ბულგარელ მამა-შვილს აქ არც ნათესავი ჰყავდა და არც ნათლია-ნათლულები. რა უნდა ექნათ? გაყიდეს თბილისში თავიანთი ფაქტობრივად მშობლიური სახლი და ბულგარეთში წავიდნენ სამუდამოდ საცხოვრებლად. A
 ამის შემდეგ, მე ვალენტინი და მისი მამა ბორისი არც მინახავს და არც არაფერი მსმენია მათზე. ეს მამა-შვილი რა გასაკვირია და, ბულგარეთი-საქართველოს საკალათბურთო მატჩის დროს გამახსენდა. კალათბურთი ხომ ესოდენ უყვარდა ორივეს. მეეჭვება ვალენტინი კალათბურთს გაჰყოლოდა, რადგან ტანმორჩილი ბავშვი იყო და კალათბურთის თამაშზე არანაკლებად სპორტული გაზეთების კითხვა უყვარდა. თუკი მამაც და შვილიც ახლა ჯანმრთელები არიან, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბულგარეთი-საქართველოს საკალათბურთო მატჩს აუცილებლად დაესწრებოდნენ და რომელ გუნდს უგულშემატკივრებდნენ ნამდვილად არ ვიცი, რადგან ბულგარეთში წასვლის წინ, ვალენტინის მამა – ბორისი უბნის მამაკაცებს ეუბნებოდა: “სადაც არ უნდა წავიდე, საქართველო მაინც ჩემი ქვეყანა იქნება. რა მინდა ბულგარეთში, საქართველოში ასეთი გაჭირვება რომ არ იყოსო..“ სწორედ ამიტომ, ბულგარეთი-საქართველოს ვიდეოჩანაწერს ინტერნეტში რამდენჯერმე აჩქარების ღილაკის საშუალებით ვუყურე იმ იმედით, რომ შესაძლოა ოპერატორის ობიექტივში ნაცნობი მამა-შვილიც გამოჩენილიყო, მაგრამ არაფერი გამომივიდა. შემდეგ, ინტერნეტის სოციალური ქსელები მოვითარეშე, მაგრამ ვერც იქ გადავაწყდი რომელიმეს. ადვილი შესაძლებელია, რომ მათი გვარის ზუსტად დაწერაში მაქვს პრობლემა, რადგან ბულგარული გვარები ხშირად სხვაგვარად გამოითქმის და სულ სხვანაირად იწერება.
 ერთი კი ნამდვილად ვიცი, რომ იმ მამა-შვილს ბულგარეთის ნაკრებისათვისაც რომ ეგულშემატკივრათ, საქართველოს ნაკრების მოგება არ ეწყინებოდათ. თუმცა, მე ის უფრო მჯერა, რომ ბულგარელ ქომაგებში მხოლოდ ეგ ორნი იყვნენ, რომლებიც საქართველოს მართლაც მთელი გულითა და მონდომებით რომ გულშემატკივრობდნენ..

ლევან სეფისკვერაძე     

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171813