სტატიები

9:54 | 14.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბურთის ქურდები

მინუს ლეო მესი, პლუს უკეთესი მეკარე-დაცვა. ესპანეთის ნაკრები “გადაცმული” “ბარსელონაა” თავისი შემადგენლობით, სათამაშო შტრიხით და სულით. საკვირველია, რომ მწვრთნელი არაა ბარსელონელი, პირიქით, კატალონიელთა მოძულე კასტილიური “რეალის” ფეხბურთელი იყო, შემდეგ კი “სამეფო კლუბის” ისტორიაში ერთ-ერთი ხვავ-ბარაქიანი სპეციალისტი გახდა. მაგრამ ვისენტე  დელ ბოსკემ იცოდა და იცის წარმატების რეცეპტი.
ესპანეთის ნაკრები ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, შორეულ 1950 წელს გასულიყო მუნდიალის ოთხ რჩეულ გუნდში, მას შემდეგ კი “ფურია როხა” მეოთხედფინალ-მერვედფინალის გუნდად ჩამოყალიბდა. თითქოს ყოველთვის ჰყავდა შესაშური შემადგენლობა, მაგრამ შედეგს ვერა და ვერ  აღწევდა. ვინმე ხელაღებით იტყვის, რომ ემილიო ბუტრაგენიო დავიდ ვილიას ვერ შეედრება? ან ლუის არკონადა ბევრად სუსტი იყო იკერ კასილიასზე? ან კარლეს პუიოლი ორი თავით სჯობდა ხოსე ანტონიო კამაჩოს? ან რაღა შორს მივდივართ, პარადოქსულ ფაქტზე ვთქვათ – მადრიდის “რეალის” სიმბოლოს და ყველა რეკორდის დამქცევ-დამანგრეველ რაულის იგნორირება და ესპანეთის ნაკრების ფეერიული წარმატება ერთი იყო. დღესაც არის მითქმა-მოთქმა, რომ “სამეფო კლუბის” დიდი შვიდიანი “ფურია როხაში” ცუდად უფათურებდა ხელებს, ნაკრები მასზე დიდად დამოკიდებული ხდებოდა, ეს კი იმ სათამაშო მოდელს შეუშლიდა ხელს, რომელიც საბოლოო ჯამში ეპოქის შემქმნელი გამოდგა.
ამ მოდელის გაფურჩქვნა კი 2006 წლის მუნდიალის შემდეგ დაიწყო. უჟმურმა “ბებერმა” ლუის არაგონესმა მორიგი წარუმატებელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ლეგენდარულ იოჰან კრუიფთან ითათბირა და რჩევად მიიღო, ნაკრები უნდა გადაასხვაფეროო. სწორედ კრუიფი იყო, “ბარსელონაში” ბურთთან ხშირად მოპყრობის, “მოფერების” სტილი რომ დანერგა და მას შემდეგ განუწყვეტლივ რომ მისდევენ კატალონიელები. დაგვეთანხმებით, ნაკრების სათამაშო სტილის გადაკეთება ერთგვარი რისკია, მაგრამ მეორეს მხრივ, სულაც არაა რისკი, როდესაც გუნდში გყავს ბურთის ფეხზე მიმწებებლები – ხავი და ანდრეს ინიესტა.
ორივე მათგანი თავისი “სამფლობელოს” (ანუ შუა ხაზის) ბატონ-პატრონია, ისინი ბურთს მალავენ და მეტოქეს ხშირად დამცინავად ექცევიან. ხავი-ინიესტას თამაში ფუტსალს წააგავს, ეგაა, მინდორია დიდი და დარბაზის ნაცვლად, ბალახზე ფილიგრანობენ. ეს არის ერთი შეხედვით სადა ფეხბურთი, მაგრამ რამხელა ჭკუა, ფანტაზია და ტემპის დარეგულირება სჭირდება.
დაიწყო არაგონესმა და გააგრძელა ვისენტე დელ ბოსკემ. არც მცხოვანი ლუისი იყო კატალონიელი და არც დღევანდელი ტრიუმფატორი ულვაშა, მაგრამ მათ ერთი საერთო მრჩეველი ჰყავდათ იოჰან კრუიფის სახით. ფეხბურთი იმითაც არის საინტერესო, რომ დროთა განმავლობაში სხვადასხვა სათამაშო მოდელები მეფობენ – გავიარეთ იტალიური “კატენაჩო”, ერთი კაცის გუნდი არგენტინა, შედუღაბებული მონსტრი საფრანგეთი და აი, 2008 წლის ზაფხულიდან გამეფდა  ზოგისთვის (მაგრამ არა ესთეტიკური ფეხბურთის მოყვარულთათვის) დამღლელი 700-პასიანი ფეხბურთი. რით შეიძლება მოერიო ასეთ ტენდენციას? ალბათ, პირველ რიგში, უნდა გამოჩნდეს ახალი დიეგო მარადონა ან ზინედინ ზიდანი, რომელიც ინდივიდუალურად გაჭრის ესპანელთა “ბურთით დამალობანას”. კიდევ ერთი ხერხია – საკუთარ საჯარიმოში შეუცდომლად მოქმედება, რასაც მტკიცე ნერვები და ძელების დახმარებაც სჭირდება. ეს შვეიცარიის “იარაღი” გამოდგა მუნდიალის პირველ მატჩში და გეხსომებათ, რამდენმა ჩამოწერა “ფურია როხა”, მორჩა ამათი ჩემპიონობაზე ფიქრიო.
“ბურთის ქურდები” რომ მხოლოდ ხავი-ინიესტა იყვნენ, კიდევ რა უჭირთ მეტოქეებს. ამგვარი თამაში (ჰა-ჰა, ოდნავ ნაკლები ეფექტით) დელ ბოსკეს სხვა ფეხბურთელებსაც შეუძლიათ, კერძოდ, სესკ ფაბრეგასს, ხაბი ალონსოს, დავიდ სილვას. ისინიც ასე რბილად, კატასავით მანერით ეპყრობიან ტყავის საგანს.
და ასეთ ნახევარდაცვას ჰყავს უბადლო დამაგვირგვინებელი, რომელმაც “ვალენსიაში” გაითქვა სახელი, მაგრამ ამ ზაფხულიდან ხავი-ინიესტასთან ერთად აამღერებს ბურთს “ბარსაში”. დავიდ ვილია ესპანეთის ამ მოდელის ნაკრებისთვის ზედგამოჭრილი ფორვარდია თავისი ტექნიკით, ინდივიდუალიზმით, გოლის არანორმალური ჟინით და ალღოთი. აკი თქვა კიდეც ხავიმ: “ვილია? ის საუკეთესოდ მოერგება “ბარსას” სტილს”. 5 გოლი და ერთი საგოლე პასი – ესპანელთა 8 გატანილიდან ნახევარზე მეტი ამ ფორვარდზე მოდის და მისი სანაკრებო მონაგარი ხომ საერთოდ ფანტასტიკურია: 65 მატჩში 43 გოლი და აქედან 28 ბურთი შეაგდო ბოლო ორ წელიწადში. ვილია “ფურია როხაში” გატანილების რაოდენობით ესპანეთის წინამორბედ შვიდიანს, რაულს მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება. ამასთან, “ელ გუახეს” სხვა თვისებაც აქვს – ერთნაირად ეფექტურია ცენტრფორვარდისა და უკანდახეული ფორვარდის პოზიციაზე.
ფერნანდო ტორესი – ესპანელთა სუსტი წერტილი ამ მუნდიალზე, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ “ელ ნინიო” ბოლომდე ტრავმამოუშუშებელი შეხვდა სამხრეთ აფრიკაში გამართულ ფორუმს. დელ ბოსკეს მაინც ჰქონდა იმედი, აი, სადაცაა დადგება ტორესის დროო, ჰოლანდიელებთან ფინალშიც “აჩუქა” 15 წუთი, თუმცა “ნანდომ” გოლაობა მომავლისთვის გადადო. არა მარტო გოლაობა, ვერც სხვა კომპონენტებში ივარგა, უეფექტო იყო.
დელ ბოსკე მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ახდენდა შემტევი ხაზის ვარირებას. ტორესი არ იყო? პედრო როდრიგესი ენაცვლებოდა. ფინალში (და მანამდეც) სწრაფი მარჯვენაფლანგელი ხესუს ნავასიც ჩართო და სევილიელმა აშკარად გაუმართლა – ნავასი ხავი-ინიესტა-ვილია-ფაბრეგას-სილვასგან განსხვავებული მანერის ფეხბურთელია, ერთ შეხებაში თამაში ნაკლებად გამოსდის და ამიტომაც იყო, რომ “ბურთით დამალობანისას” ნავასს არ იყენებდნენ. პრიმერა დივიზიონში კარგი სეზონი ჩაატარა “ვალენსიის” გარემარბმა ხუან მატამ, მაგრამ ისიც დაახლოებით ნავასის ყაიდის ფეხბურთელია და დელ ბოსკეც ნაკლებად ენდობოდა, მხოლოდ 20 წუთი დაუთმო მუნდიალზე.
დააკვირდით, როგორი ფეხბურთელები ჩამოვთვალეთ. და როდესაც მწვრთნელი თავს იმის ფუფუნებას აძლევს, რომ ფაბრეგასი სათადარიგოთა სკამზე ამყოფოს, აქ, მგონი, ყველაფერი ცხადია. ზემოთ ვთქვით, რომ ესპანეთს წინა მუნდიალზებზეც ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ არ ჰყავდა ამდენი შემოქმედი, ამხელა რესურსი და რაც მთავარია, არ ჰქონდა ასე მკაფიოდ გამოხატული სათამაშო მანერა. 700-პასიანი ბურთაობა დღეს მსოფლიოში დომინატორია.
აბა, ასეთი ნახევარდაცვა-თავდამსხმის ფონზე, რომელი დაცვის ხაზი არ დაიჩრდილებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. ბევრ ნაკრებს ჰყავს სერხიო რამოსის დარი ფლანგელი მცველი და კარლეს პუიოლივით “ნადირი” ცენტრში? შეუცვლელნი იყვნენ ხერარდ პიკე და მარცხენა მცველი ხუან კაპდევილიაც. თითქოს დაცვაც ზედგამოჭრილიაო – ამ ოთხი უკანახაზელიდან რომელიმეზე იტყვით, რომ ბურთის უაზროდ მოგერიება სჩვევიათ ან შეტევაში ჩართვასთან უბრად არიან? რამოსმა საერთოდ გააქრო თამაშიდან ყველა შემხვედრი, განსაკუთრებით კი დირკ კუიტსა და მის შემცვლელ ელჯერო ელიას “შეაჯავრა” შეტევები. პუიოლი... სხვა ყველა თვისებას რომ თავი დავანებოთ, გერმანიასთან ნახევარფინალში გატანილი გოლი ვახსენოთ.
საყრდენი ნახევარმცველი და მეკარე “ჩაროზად” დავიტოვოთ. დელ ბოსკემ გაბედა და “ბარსელონას” ჯერაც ყმაწვილი სერხიო ბუსკეტსი მარკოს სენას ადგილზე დააყენა, ოღონდ, ერთი არცთუ პატარა გადანაცვლებაც მიაყოლა: ორი წლის წინ სენა მარტო იყო ამ პოზიციაზე, ულვაშამ კი ხაბი ალონსოც “მიუერთა” – აშკარად ბუსკეტსის გამოუცდელობის (შედარებით, თორემ ჩემპიონთა ლიგის მომგებ ფეხბურთელზე მთლად გამოუცდელიც არ ითქმის) შეეშინდა. მოკლედ, დელ ბოსკე არაგონესზე ფრთხილი გამოდგა და ალბათ, ესეც იყო მიზეზი, რომ “ფურია როხა” შემტევეფექტური თვალსაზრისით ოდნავ, ოდნავ ჩამორჩებოდა ორი წლის წინანდელ გუნდს.
ესპანეთს მეკარეების არჩევისას სავიშვიშოდ არასოდეს ჰქონია საქმე, მაგრამ კასილიასი მაინც სხვა მოვლენაა. რა საინტერესოა, 29 წლისაა და ლამის სკოლის ასაკიდან დგას “რეალის” კარში, ხან ცოტა არასტაბილურია, გამოსვლებზე “ყლაპვა” იცის, მაგრამ ეგებ ვინმემ გაგვახსენოს ამ მეკარის შეცდომა გადამწყვეტ მატჩებში ან თუნდაც გადამწყვეტ ეპიზოდში. ამ მხრივ კასილიასი ოლივერ კანის ანტიპოდია, თუმცა იმის მტკიცებას არ ვაპირებთ, თითქოს გერმანელ “ტიტანზე” დიდი იყოს. ეს საკამათო თემაა, მაგრამ ის კი ნამდვილად არაა საკამათო, რომ  საკვანძო მომენტებში მადრიდელი ვეფხვად გვევლინება და ყოველთვის გამარჯვებული გამოდის. ყოველთვის!
ჰოდა, ეგებ მხოლოდ ესეც არის მიზეზი, რომ კასილიასს “ფურია როხას” კაპიტნის სამკლავური უკეთია და არა მარტო ის, რომ ყველა თანანაკრებელზე ბევრი მატჩი აქვს ჩატარებული.
მსოფლიო ფეხბურთს ახალი დამპყრობელი ჰყავს. უფრო სწორედ, “ბურთის ქურდი” ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდი, რომლის ჩემპიონობას ფინალის დაწყებამდე თვით ჰოლანდიელი სპეციალისტების დიდი ნაწილი “ხედავდა”. არ ვიცით, რა იქნება წლების შემდეგ, მაგრამ დღესდღეობით ასეთი ფეხბურთი ზეიმობს – ესპანელებმა “ჯაბულანი” დამალეს და თვით ლაღი ფეხბურთით ცნობილ პორტუგალიის ნაკრებსაც კი საკუთარ საჯარიმოში “შებუდება” უბრძანეს.
პირინეზე ზეიმი არ წყდება. ლამაზმა ფეხბურთმა იზეიმა, თუმცა ვისთვის როგორ... გემოვნების ამბავია: თქვენ არ შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც ბრაზილიის ნაკრების თამაშში ესტეტიკურს ვერაფერს ხედავს?

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096575