ქართველ მოჭიდავეთაგან საერთაშორისო ხალიჩაზე წლეულს პირველები თავისუფალი სტილის მიმდევარი ჭაბუკები გავიდნენ. 17 იანვარს ბაქოს “აბუ არენამ” მუშვან ისაევის სახელობის ტრადიციულ ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა გაფართოებული შემადგენლობით მიიღო. ქართველებმა ჯამში 4 მედალი მოიპოვეს. გორელმა ბექა ბუჯიაშვილმა, რომელიც 42 კილოგრამი წონითი კატეგორიის მოჭიდავეა, ამჯერად ერთი წონით მაღლა – 46 კილოგრამში მოსინჯა ძალა და მშვენიერი დებიუტიც მოიწყო. ყველა მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ბათუმელმა ირაკლი მოსიძემ (63 კგ), თბილისელმა ლაშა გიგაშვილმა (69 კგ) და ხონელმა გიორგი კაკაურიძემ (100 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მუშვან ისაევის სახელობის ტურნირში საქართველოსა და მასპინძელთა ნაკრებების გარდა საფრანგეთის, ირანის, უზბეკეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და რუსეთის გუნდები ჩაერთნენ. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თამაზ ბენდიანიშვილის თქმით, მონაწილე ქვეყანათა მცირე რაოდენობის მიუხედავად, ბაქოს ხალიჩაზე ძალიან ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. ქართველთა 15 კაციან წინასწარ განაცხადს კი ტრავმის გამო 85 კილოგრამში მოჭიდავე ლევან ანზორის ძე გოგრიჭიანი გამოაკლდა. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ბაქოდან თბილისში გუშინ დაბრუნდა.
ჭაბუკთა შორის, 2010 წლის სეზონის უმთავრესი ტურნირი - ევროპის ჩემპიონატი 3-8 აგვისტოს ბოსნიაში, სარაევოში გაიმართება. იქამდე კი, ამ ასაკობრივ ჯგუფში ერთ ტურნირს საქართველოც მიიღებს. 7-9 ივლისს, რუსთავი თემურ ყაზარაშვილის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
ოთარ მაღლაკელიძე







