საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დასკვნით მოსამზადებელ შეკრებას გორში გადის. სეზონის უმთავრესი ტურნირი 11-14 აგვისტოს კიევში გაიმართება და ქართული გუნდი ტატამზე ორი შემადგენლობით გავა.
მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ვაზაგაშვილმა ერთი თვის წინ, მალტის ქალაქ კოტონერაში ჩატარებულ ევროპირველობაზე ნაჭიდავები შემადგენლობა ნაწილობრივ გადაახალისა. შეგახსენებთ, მალტაში ქართულმა გუნდმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
“ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ორი კვირით დუშეთის ბაზაზე ვივარჯიშეთ. იმ შეკრებას ტრაბზონში გამართული ბავშვთა ოლიმპიური ფესტივალი მოჰყვა, მერე კი გორში შევიკრიბეთ, სულ რაღაც ერთი კვირით. დასკვნით მოსამზადებელ ციკლში 21 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. მათგან თექვსმეტი უკრაინაში იჭიდავებს. გუნდში სრული საბრძოლო განწყობაა და ტრავმაც არავის აწუხებს. ერთადერთი, რაც მაფიქრებს, ისაა, რომ ბიჭები ცოტა გადაღლილები ჩანან. ევროპის პირველობასა და ოლიმპიურ ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ ამხელა რანგის კიდევ ერთ შეჯიბრებაზე გამოსვლა იოლი საქმე ნამდვილად არაა”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ვაზაგაშვილმა.
ჭაბუკი ძიუდოისტები გორის შეკრებას 8 აგვისტოს დაასრულებენ, კიევში კი მეორე დღეს გაემგზავრებიან.
აქვე შემადგენლობაც: 50 კგ - ზვიად ხუბულური და გიორგი კაციაშვილი, 55 კგ - ივანე მამისაშვილი და გიგა აფაქიძე, 60 კგ - თამაზ კირაკოზაშვილი და გიორგი გოგოლაშვილი, 66 კგ - აპოლონ ზურაბიანი და გიორგი მუზაშვილი, 73 კგ - ბექა დონღვანი და ლევან გუგავა, 81 კგ - ბექა ღვინიაშვილი და ჯაბა კაპანაძე, 90 კგ - შალვა ჩოჩელი და გურამ თუშიშვილი, +90 კგ - გიორგი ლაზუაშვილი და ზაზა ხუბულური.
მსოფლიოს ჩემპიონატში 4 ქართველი გოგონაც ჩაერთვება: გურანდა შოთაძე (48 კგ), მარიამ ციხელაშვილი (52 კგ), მარიამ ჯანაშვილი (57 კგ) და ანი მინდიაშვილი (63 კგ).
ოთარ მაღლაკელიძე







