ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლი ბათუმური შეკრებით გახსნეს. 2-3 აპრილს, გლდანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრში ჩატარებულმა საქართველოს ჩემპიონატმა ნაკრების უმთავრესი კანდიდატები გამოავლინა. სააღდგომო მოკლე პაუზის შემდეგ კი, 5 აპრილს მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კრავეიშვილმა ზღვისპირეთში ჩემპიონ-პრიზიორები იახლა.
“ბათუმში 17 აპრილამდე დავრჩებით. შემდეგ კი ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე გავემგზავრებით. აზერბაიჯანში საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტებულ გუნდს ჩავიყვანთ. რამდენიმე წონაში ალბათ პრიზიორებსაც მივცემთ თავის გამოჩენის შანსს. წლეულს უმთავრესი ტურნირი ევროპის ჩემპიონატია, რომელსაც აგვისტოს დასაწყისში სარაევო უმასპინძლებს. იქამდე კიდევ რამდენიმე ტურნირზე გამოვალთ. მათ შორის პოლონეთში, თურქეთსა და ირანში. როგორც წესი, უმეტესწილად საქართველოს ჩემპიონები ხდებიან ხოლმე ნაკრების პირველი ნომრები. უპირატესობა ამჯერადაც მათ მხარესაა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ევროპირველობაზე ჭიდაობა რომელიმე მოჭიდავეს უკვე განაღდებული აქვს. კონკურენცია დარჩენილ ტურნირებსა და შეკრებებზეც გაგრძელდება და საბოლოო არჩევანს ევროპირველობის წინ გავაკეთებთ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ვაჟა კრავეიშვილმა.
ოთარ მაღლაკელიძე







