ძიუდო

18:23 | 29.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკურ-ახალგაზრდული ხვავრიელობა

ოთხიოდ თვეში ოთხი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მსოფლიოს ოქროს კი საქართველოს სახელით მოჭიდავე ძიუდოისტი ბოლოს 2007 წლის შემოდგომაზე დაეუფლა. სკანდალებით გადატვირთული თუ საჭიდაო წესების შეცვლით თავგზააბნეული ქართული ძიუდოს დალაგება და სწორ გზაზე დაყენება, ჯერჯერობით, ვერაფრით ხერხდება, მაგრამ ეს წარუმატებლობა მხოლოდ ძირითად ნაკრებს ეხება და არამც და არამც ასაკობრივებს. სწორედ ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდების წევრთა შედეგიანობაა ის ერთადერთი იმედი, დიდ გამარჯვებებს დანატრებულ გულშემატკივრებს პესიმიზმს რომ უქარვებს.
როგორც ბოლო წლებში, წლეულსაც, საქართველოს ძიუდოისტთა ასაკობრივმა ნაკრებებმა ძირითად ნაკრებთან შედარებით, სეზონის უმთავრეს შეჯიბრებებზე გაცილებით ხვავრიელადაც იჭიდავეს და რაც მთავარია, დარბაზში საქართველოს ჰიმნის გაჟღერებაც შეძლეს, თან არაერთხელ.
ახალგაზრდული გუნდიდან ოქროს მედლით თავი ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) ისახელა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ყველა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა. ბელგიის ქალაქ ლომელში ჩატარებულ ევროპირველობაზე გია გუგავას გაწვრთნელმა გუნდმა ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა.
შავდათუაშვილმა ბელგიაში სულ ექვსი შეხვედრა მოიგო. საჩემპიონო გზას უნგრელი მარტინ ვეგვარის წმინდად ძლევით შეუყვა. ჩეხ იაკუბ იეჩმინეკს ვაზარით გასცდა, ჰოლანდიელ ხუნიორ დეგენს წუთნახევარში ყველანაირი საბრძოლო ილეთი შეუსრულა, სერბ ილია ციგანოვიჩს ორი იუკო აკმარა, ებრაელ ტარ ფლიკერს ერთ წუთში მოუმთავრა საქმე. ფინალში კი სლოვენიელ ანდრაზ ჟერებს წყვილი იუკოთი გაუსწორდა.
ევროპის ჩემპიონობამდე თითო მოგება დააკლდათ ლერი ჭელიძეს (55 კგ) და ლევან მატიაშვილს (+100 კგ). მიხეილ ჩოხელმა (73 კგ) კი ევროტატამიდან ბრინჯაო გამოიტანა.
ევროპის ჩემპიონატიდან სულ რაღაც თვენახევარში ახალგაზრდებმა უკვე მსოფლიოს სამეულებიც ჩამოწერეს. სეზონის უმთავრეს ტურნირს სამხრეთ აფრიკის დედაქალაქმა კეიპტაუნმა უმასპინძლა. გუგავას გუნდმა ამჯერად 3 ბრინჯაო იკმარა, თუმცა, რომ არა არაობიექტური მსაჯობა, გაცილებით მეტიც შეეძლო.
ლაშა შავდათუაშვილს ოქროს დუბლის შესრულების შანსი მსაჯის მიერ მიღებულმა საოცარმა გადაწყვეტილებამ მოუსპო. მეოთხედფინალში, სამხრეთკორეელ დონგკიო ლისთან შეხვედრა ოქროს დროში გადავიდა, იქ კი, მეტოქესთან შედარებით აშკარად აქტიურმა ქართველმა ძიუდოისტმა ისეთი აბსურდული შიდო მიიღო, კომენტატორიც კი გაოცდა. დონგკიო ლისა და მსაჯების ჯავრი შავდათუაშვილმა რეპეშაჟის მეტოქეებზე იყარა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
მსოფლიოს კვარცხლბეკზე გიორგი მესაბლიშვილი (55 კგ) და ბექა ღვინიაშვილიც (81 კგ) ავიდნენ – ესენიც მესამე საფეხურზე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ღვინიაშვილის გამოსვლა იყო. ძიუდოისტი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი კვირით ადრე 16 წლის გახდა, გია გუგავამ კეიპტაუნში წასაყვანთა სიაში მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით შეკრებაზე შეიყვანა.
ასაკობრივ ნაკრებებში თითო წლით უფროს-უმცროსობაც კი აშკარად ჩანს და ცხადია, იყო სერიოზული რისკი, რომ პერსპექტიული ქართველი ჭაბუკი თავისზე 4-5 წლით უფროსებთან დაიჩაგრებოდა.  
ახალგაზრდული ნაკრების თავკაცის რისკმა გაამართლა, ბექა ღვინიაშვილი მეტოქეებს არათუ თანაბრად ეჭიდავა, ისინი ყველა კომპონენტში დაჩაგრა და რომ არა ერთი წამიერი მოდუნება, მსოფლიოს ოქროსაც შეუტევდა - მეოთხედფინალში, ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ფინალისტს, გერმანელ მაქს მუნსტერბერგერს იუკოთი ამარცხებდა. საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე, მაშინ, როცა თავად შეტევაზე უკვე ნაკლებად ფიქრობდა, მეტოქის აქტიურობაზე წამოეგო და დამარცხდა. არადა, იმ ბოლო წამებზეც ჩვეულად, აქტიურად რომ ეჭიდავა, მოწინააღმდეგე ვერაფერს დააკლებდა.
ამ შეხვედრამდე ბექამ ორი ეფექტური გამარჯვება მოიპოვა. ჯერ უნგრელი პეტერ ჰემი დააიპონა, შემდეგ კი სამხრეთკორეელი ჯაეიუნგ ლი. ამ უკანასკნელისთვის შესრულებული გდების ნახვა ერთ რამედ ღირდა.
რეპეშაჟში გადართულმა ქართველმა ჭაბუკმა ჯერ მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი გააკრა ტატამს, ხოლო “ბრინჯაოს ფინალში” ახალგაზრდული ასაკისთვისაც კი საკმაოდ გამოცდილ ძიუდოისტს, უნგრელთა იმედს, კრიშტიან ტოტს იპონით მოუმთავრა საქმე, თუმცა, იქამდე ვაზარი და იუკოც აუღო. შეგახსენებთ, ამ უნგრელმა წლეულს თბილისის მსოფლიოს თასზეც იჭიდავა და მეოთხედფინალამდეც მივიდა. კეიპტაუნში ჩასვლამდე თვენახევრით ადრე კი, ახალგაზრდულ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აფრიკული ბრინჯაო ბექა ღვინიაშვილის 2011 წლის მონაგარიდან მხოლოდ ერთი მოკრძალებული ჯილდოა. ახალგაზრდულ მსოფლიომდე იმდენი უმაღლესი სინჯის მედალი დააგროვა, რამდენის შანსიც მიეცა. ჭაბუკთა შორის ხელი ვერც გადაზრდილმა მეტოქეებმა შეუშალეს და ვერც მსაჯების არაობიექტურმა გადაწყვეტილებებმა. ყველას და ყველაფერს ერთად აჯობა. 24-26 ივნისს მალტის ქალაქ კოტონერაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ ოქროს, ივლისის ბოლოს ტრაბზონში გამართული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოქრო მიამატა, 13 აგვისტოს კი, უკვე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ჭაბუკთა შორის.
“ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებს შორის ორ თვეზე ნაკლები დრო გვქონდა და იმ პერიოდში გუნდის ოლიმპიურ ფესტივალზე გამოსვლამ ცოტა ჩამაფიქრა. დროის ასეთ მცირე მონაკვეთში სამი დიდი ტურნირის ჭიდაობა არა თუ ბავშვებისთვის, უფროსებისთვისაც კი წარმოუდგენლად ძნელია და იყო რისკი, მსოფლიოზე ბიჭებს თავიანთი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენა ვეღარ მოეხერხებინათ. შაბედნიეროდ, ასე არ მოხდა. ბიჭებმა საოცარი შრომისუნარიანობა და გამძლეობა დაგვანახეს. ბექა ღვინიაშვილი კი ცალკე სასაუბრო თემაა. დიდი პერსპექტივა აქვს და მჯერა, კიდევ ბევრ გამარჯვებას მიაღწევს” – განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ვაზაგაშვილმა, რომელიც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სეზონის მიწურულს საქართველოს ძირითადი ნაკრების ავსტრიელი დამრიგებლის, პიტერ ზაიზენბახერის თანაშემწედ დაინიშნა.
გიორგი ვაზაგაშვილის გუნდმა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე სულ 12 მედლის მოპოვება შეძლო. აქედან 4 ოქროა, 5 – ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ღვინიაშვილის გარდა საქართველოს ჰიმნები ვანო მამისაშვილმა (55 კგ) და გურამ თუშიშვილმა (90 კგ) დაიმსახურეს. მამისაშვილმა ევროპის, ხოლო თუშიშვილმა - მსოფლიოს ჩემპიონობით. ამ უკანასკნელმა შედეგი ევროპირველობაზეც აჩვენა – ბრინჯაოს მედალი მოიგო.
სეზონის ორივე უმთავრესი ტურნირის სამეულში შესვლა ლევან გუგავამ (73 კგ) და შალვა ჩოჩელმაც (90 კგ) მოახერხეს. გუგავამ ბრინჯაოები იკმარა, ხოლო ჩოჩელი ევროპაზეც და მსოფლიოზეც ფინალში გავიდა და ჩემპიონობამდე ორჯერვე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა. თამაზ კირაკოზაშვილი (60 კგ) და გიორგი ლაზუაშვილი (+90 კგ) ევროპირველობის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ბექა დონღვანი (73 კგ) კი – მსოფლიოსი.
აქვე, ქართველი ჭაბუკებისა და ახალგაზრდების 2012 წლის სრული მონაგარი:


ჭაბუკები

ევროპის ჩემპიონატი
კოტონერა. მალტა. 24-26 ივნისი

ვანო მამისაშვილი (55 კგ) – ოქრო
ბექა ღვინიაშვილი (81 კგ) - ოქრო
თამაზ კირაკოზაშვილი (60 კგ) – ვერცხლი
შალვა ჩოჩელი (90 კგ) – ვერცხლი
გიორგი ლაზუაშვილი (+90 კგ) – ვერცხლი
ლევან გუგავა (73 კგ) – ბრინჯაო
გურამ თუშიშვილი (90 კგ) – ბრინჯაო

მსოფლიოს ჩემპიონატი
კიევი. უკრაინა. 11-14 აგვისტო

ბექა ღვინიაშვილი (81 კგ) – ოქრო
გურამ თუშიშვილი (90 კგ) – ოქრო
ბექა დონღვანი (73 კგ) – ვერცხლი
შალვა ჩოჩელი (90 კგ) – ვერცხლი
ლევან გუგავა (73 კგ) – ბრინჯაო

ახალგაზრდები

ევროპის ჩემპიონატი
ლომელი. ბელგია. 16-18 სექტემბერი


ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) – ოქრო
ლერი ჭელიძე (55 კგ) – ვერცხლი
მიხეილ ჩოხელი (73 კგ) – ბრინჯაო
ლევან მატიაშვილი (+100 კგ) - ვერცხლი

მსოფლიოს ჩემპიონატი
კეიპტაუნი. სამხრეთ აფრიკა. 3-6 ნოემბერი


გიორგი მესაბლიშვილი (55 კგ) – ბრინჯაო
ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) – ბრინჯაო
ბექა ღვინიაშვილი (81 კგ) – ბრინჯაო

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093499