ფეხბურთი

2:57 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩაო კატენაჩო

იტალია ევროპულ ფეხბურთში დაცვითი ფეხბურთის ერთ-ერთ მქადაგებლად მიიჩნევა, მაგრამ ორშაბათს დაფიქსირებული შედეგები საპირისპიროს მეტყველებს - 2 მატჩში გატანილ 13 გოლს შემტევი ფეხბურთის მოყვარულ ბევრ ქვეყანაში ვერ ვნახავთ.

„ნაპოლის“ 30 წლის ფეხბურთელმა, გორან პანდევმა სერია A-ში თავისი მე-300 თამაში ჩაატარა. ეს მან იმ გუნდის წინააღმდეგ გააკეთა, რომლის მაისურითაც ამ ტურნირზე 159-ჯერ უთამაშია. მაკედონიელმა ფეხბურთელმა „ლაციოს“ კარის აღებაც მოახერხა და ნეაპოლურ გუნდს „ოლიმპიკოზე“ მოგებაში დაეხმარა.

სანამ პანდევი თავისი ყოფილი გუნდის კარს აიღებდა, ანგარიში გონსალო იგუაინმა გახსნა, რასაც ვალონ ბეჰრამიმ, ერთ წუთში, ავტოგოლით უპასუხა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, „ლაციოს“ სასარგებლოდ ფეხბურთელებმა 11 ავტოგოლი გაიტანეს, რაც სერია A-ში საუკეთესო შედეგია.

პანდევმა 50-ე წუთზე გაიტანა, რასაც, დაახლოებით ოც წუთში, იგუაინმა თავისი მე-2 გოლი მოაყოლა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 3 წუთით ადრე, კეიტამ ერთი ბურთი გაქვითა და რომაელ გულშემატკივრებს ქულის მოპოვების იმედი ჩაუსახა, მაგრამ 91-ე წუთზე, თავი კალიეხონმაც გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

რომში გამართულ შეხვედრაში „ნაპოლიმ“ წაგებათა 2-მატჩიანი სერია შეწყვიტა, ხოლო „ლაციო“ უკვე 5 თამაშია ვერ იგებს.

„ფიორენტინასა“ და „ვერონას“ მატჩის დასაწყისი გულგრილს არცერთ ნეიტრალურ გულშემატკივარს არ დატოვებდა. ფლორენციელებმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნეს, მაგრამ წონასწორობა ერთ წუთში აღდგა. მე-13 წუთზე, წინ უკვე სტუმრები გავიდნენ, მაგრამ მათმა სიხარულმაც მხოლოდ ერთ წთს გასტანა. „ფიორენტინას“ მხრიდან თავი ორივეჯერ ბორხა ვალერომ გამოიჩინა, ხოლო სტუმართაგან - რომულომ და იტურბემ. განსაკუთრებით აღსანიშნავი ამ უკანასკნელი გოლი - მან დაახლოებით 25 მეტრიდან, ძალზე ძლიერი დარტყმით გაიტანა.

ტაიმი „ფიორენტინამ“ მოიგო. 43-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, საჯარიმოს კუთხიდან დარტყმით, მასპინძლები წინ ვარგასმა გაიყვანა.

მიმდინარეობდა 53-ე წუთი, როდესაც საკუთარ საჯარიმოში ხელით განზრახ თამაშის გამო, არბიტრმა მოედნიდან იანკოვიჩი გააძევა და სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად ჯუზეპე როსიმ აქცია. ეს იყო „ფიორენტინას“ ზედიზედ მე-4 საშინაო თამაში, როდესაც ფლორნეციელებმა გოლი თერთმემეტრიანის ნიშნულიდან გაიტანეს.

პენალტის ზუსტად შესრულების შემდეგ, ჯუზეპე როსის უკვე 12 გოლი დაუგროვდა. 14 ტურის შემდეგ, „ფიორენტინას“ ფეხბურთელებიდან ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ გაბრიელ ბატისტუტასა და ლუკა ტონის ჰქონიათ. ორივე მათგანი დღეს სტადიონზე იყო, არგენტინელი ტრიბუნებზე, ხოლო იტალიელი - მოედანზე, „ვერონას“ მაისურით.

10 კაცით თამაშისა და ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, „ვერონამ“ მაინც იბრძოლა, მაგრამ სტუმართა მაქსიმუმი სხვაობის მინიმუმამდე შემცირება იყო. შედეგად, ვერონელებმა ზედიზედ მე-3 თამაში წააგეს და ერთი პოზიციით წინ მყოფ „ფიორენტინას“ ისინი უკვე 5 ქულით ჩამორჩებიან.

 

ფიორენტინა-ვერონა 4:3 (3:2)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” 33976

არტემიო ფრანკი (4-3-3): ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, ვარგასი, ვეჩინო (ფერნანდესი 46), ამბროზინი, ვალერო, ხოაკინი (მატოსი 74), როსი (ილიჩიჩი 89), კუადრადო.

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე (მარტინიო 77), გონსალესი, მაიეტა, აგოსტინი (კაჩა 86), რომულო, ჟორჟინიო, ჰალფრედსონი (სირილიანო 65), იტურბე, ტონი, იანკოვიჩი.

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

გოლები: 1:0 ვალერო (5), 1:1 რომულო (6), 1:2 იტურბე (13), 2:2 ვალერო (14), 3:2 ვარგასი (43), 4:2 როსი (54, პენ), 4:3 ჟორჟინიო (72).

გაფრთხილებები: ამბროზინი 31, ფერნანდესი 49 - იანკოვიჩი 16, რომულო 41, კაჩატორე 76.

გაძევება: იანკოვიჩი 53.

მსაჯი: დანიელე დოვერი.

ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 23 (7)-11 (7), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 1-0, სეივი: 4-3, ჯარიმა: 8-12.

 

ლაციო-ნაპოლი 2:4 (1:1)

რომი, “ოლიმპიკო” 30000

ლაციო (4-3-3): მარკეტი, კონკო, სიანი, კანა, რადუ, გონსალესი (ფლოკარი 62), ბილია (ონაზი 82), ერნანესი, კანდრევა, ვარგასი, ლულიჩი (კეიტა 70).

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, არმერო, ბეჰრამი, ინლერი, კალიეხონი (ბარიტი 90+2), პანდევი (ჯემაილი 74), ინსინიე, იგუაინი (მერტენსი 85).

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

გოლები: 0:1 იგუაინი (24), 1:1 ბეჰრამი (25, ს.კ.), 1:2 პანდევი (50), 1:3 იგუაინი (72), 2:3 კეიტა (87), 2:4 კალიეხონი (90+1).

გაფრთხილებები: სიანი 51, რადუ 68 - ბრიტოსი 75.

მსაჯი: მაურო ბერგონცი.

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 12 (4)-13 (7), კუთხური: 1-3, თამაშგარე: 1-4, სეივი: 3-2, ჯარიმა: 20-13.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090829