დღეს მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩასატარებელი “სამეფო თასის” “რეალისა” და “ბარსელონას” პირველი მეოთხედფინალური პაექრობის წინ ესპანელმა ჟურნალისტებმა კატალონელთა ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს ჩავის ჩამოართვეს ინტერვიუ.
- სათასო ფორმატს თავისი განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს. აქედან გამომდინარე, მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” მეოთხედფინალის პირველ მატჩში “ბარსელონა” ჩვეულზე უფრო მეტად ფრთხილად ხომ არ ითამაშებს?
- არა. ჩვეულებას არ ვუღალატებთ და ისევე თამამად ვითამაშებთ, როგორც ნებისმიერ გასვლით თუ საშინაო მატჩში ვასპარეზობთ ხოლმე. “ბარსას” წინასწარ ფრეზე თამაში არ შეუძლია, ამიტომაც მადრიდში საპაექროდ გასულები მიზნად მხოლოდ შეტევათა წარმოებას და აქტიურ თამაშს დავისახავთ მიზნად. ჩვენ არასდროს ვუღალატებთ საკლუბო ფილოსოფიას და “ბარსა” მაყურებელს ამჯერადაც თავის საფირმო, შემტევ ფეხბურთს უჩვენებს. ეს სათასო სპეციფიკასთან წინააღმდეგობაში სულაც არ მოდის – რაც უფრო მეტ გოლს გავიტანთ გასვლაზე, მით უფრო გავიადვილებთ ამოცანას “კამპ ნოუზე” ჩასატარებელი განმეორებითი ასპარეზობის წინ.
- სხვადასხვა შეჯიბრებებზე “რეალთან” ხშირად გიწევთ შებმა. მიმდინარე სეზონშიც 2 თვის განმავლობაში კასტილიელების პირისპირ სამჯერ წარსდგებით. გარკვეულწილად, ეს “ელ კლასიკოს” მნიშვნელობას ცოტათი მაინც ხომ არ აკნინებს?
- არავითარ შემთხვევაში. “ბარსელონასა” და “რეალის” მატჩები ყოველთვის განსაკუთრებულია და ასევე დარჩება, სეზონში 10-ჯერაც რომ მოგვიწიოს დაპირისპირება. კატალონურ-კასტილიური საფეხბურთო პაექრობა ხომ ისტორიული ხასიათისაა და მას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვაც გააჩნია. ამას ყოველი “კლასიკოს” დაწყებისთანავე მისი მონაწილე ნებისმიერი ფეხბურთელი ძალუმად გრძნობს.
- რას ელით საოთხშაბათო დაპირისპირებისგან? ჟოზე მოურინიო სიურპრიზებს შემოგთავაზებთ?
- ძნელი სათქმელია წინასწარ მადრიდელთა ჩანაფიქრის ამოცნობა, მაგრამ ვფიქრობ, “რეალი” თავისი ნახევრიდან პრესინგის მარწუხებში შეეცდება ჩვენ მოქცევას. ვიმეორებ, ეს ჩემი ვარაუდია, ისე კი, მთავარია, “ბარსამ” არ უღალატოს საკუთარ სტილს.
- მიმდინარე სეზონში კასტილიელთა თამაში უწინდელისგან განსხვავდება?
- “რეალის” ასპარეზობას კარდინალურ ცვლილებას ნაღდად ვერ ვამჩნევ. მადრიდელებთან დაპირისპირებისას დაცვაში მოჭარბებული ყურადღებით თამაშია აუცილებელი, რადგან მათ 3-4 ისეთი ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებიც კონტრიერიშზე “გამოგიჭერენ” და გოლით დაგსჯიან. ამიტომაც, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. ამასთან, “რეალის” მოთამაშეები საჯარიმო დარტყმების, განსაკუთრებით ფლანგიდან და კუთხურების გათამაშების დიდოსტატები არიან. ვაღიარებ, ამ ასპექტში ჟოზე მოურინიოს გუნდი ძალიან ძლიერია.
- ათიოდე დღის წინ თქვენ და ლეო მესი კრიშტიანუ რონალდუს 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ეცილებოდით ერთმანეთს, ოთხშაბათს კი საფეხბურთო მინდორზე შეერკინებით...
- მესის და რონალდუს დიდ პატივს ვცემ. ლეო ის ფეხბურთელია, რომელიც გუნდის შედეგს დიდწილად განსაზღვრავს. ყოფილა მატჩები, როდესაც მას ლამის “მარტოს” მოუტანია “ბარსასთვის” მოგება. მესი მნიშვნელოვან და პრინციპულ შეხვედრებში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, მეტი მოტივაციით თამაშობს და უმთავრესად ბრწყინვალედაც.
- რონალდუს რაც შეეხება, ბოლო დროს გაისმის, თითქოს პორტუგალიელი ამჟამად საუკეთესო ფორმაში არაა და ამიტომაც ჩვეულზე ნაკლები ბურთები გააქვს მოწინააღმდეგეთა კარში...
- შემტევი ყაიდის ფეხბურთელისთვის ლამის ნორმალური მდგომარეობაა, როდესაც უგოლო მატჩების სერიას მიაყოლებს. რონალდუ ბომბარდირია და ერთ მატჩშიც რომ ვერ გაიტანოს, უმალ ყურადღების ცენტრში მოექცევა და მითქმა-მოთქმის ობიექტი ხდება.
- “ბარსელონასა” და “რეალის” ყოველი დაპირისპირების შემდეგ დღის წესრიგში მსაჯობის საკითხი აქტუალური ხდება. როგორც წესი, ამ თემას მადრიდელები წამოსწევენ ხოლმე, რომლებიც საფეხბურთო თემიდის წარმომადგენლებს ბარსელონელთა მიმართ სიმპათიაში სდებენ ბრალს...
- მიმდინარე სეზონის მატჩებს თუ გავაანალიზებთ, მსაჯებმა ჩვენ საწინააღმდეგოდ ზომაზე მეტი შეცდომა დაუშვეს. ამით იმის თქმა სულაც არ მსურს, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება. არბიტრების მდგომარეობაშიც ხომ უნდა შევიდეთ – შეცდომებისგან დაზღვეულები არც ისინი არიან. ამასთან, ვაღიარებ, მსაჯები ჩვენ “სასარგებლოდაც” არაერთხელ შემცდარან.
- არაერთ “ელ კლასიკოში” მიგიღიათ მონაწილეობა. ყველაზე მეტად რომელი მათგანი დაგამახსოვრდათ?
- შარშანდელი, რომელშიც “რეალს” 5:0 მოვუგეთ. სწორედ იმ მატჩში გამოავლინა “ბარსელონამ” სრულად თავისი სახე.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ









