რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში ვიყავი და საქართველოს თასის 1/16 ფინალის “მეშახტე”-”ჩიხურას” თამაში ვნახე. პატარა ქალაქების პატარა გუნდების შეხვედრას ჩემთვის ყოველთვის ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული “მუღამი” და სწორედ ამ “განსაკუთრებულის” ხილვის სურვილმა მიმიყვანა ტყიბულის იავარქმნილ და დანგრევის პირას მისულ, ერთ დროს კი მართლაც ლამაზ სტადიონზე. განსაკუთრებული კი მართლაც რომ ბევრი ვნახე...
ტყიბულელებს სულ ახალი გუნდი ჰყავთ შეკრებილი და როგორც გულშემატკივრებმა მითხრეს, მათში ტყიბულელი სულ 2-3 კაცი თუ იქნება. “ჩიხურა” კი ყველამ რომ კარგად ვიცით, იმ საჩხერელი ფულიანი კაცის გამოისობით, ფინანსურად შედარებით წელგამართული გუნდია. და რა გასაკვირია, რომ ამ წყვილში ფავორიტებიც სწორედ საჩხერელები იყვნენ.
ერთი შეხედვით ბევრი არც არაფერი მომხდარა. მატჩის ფავორიტმა აუტსაიდერი 3:1 დაამარცხა და უკან გამარჯვებული დაბრუნდა. ვითომ დიდი რამე?!.. მაგრამ, როგორც გითხარით, მე სტადიონზე გახლდით და გული კიდევ უფრო გამისივდება, რომ არ ვთქვა, რასაც ვფიქრობ და რა ეჭვებიც მთელს სტადიონს დარჩა.
პირველ ტაიმში ანგარიში ტყიბულელებმა გახსნეს და თამაშის ნელი ტემპის მიუხედავად, მთელი პირველი ტაიმი “მეშახტეს” საგრძნობი უპირატესობით წარიმართა. მეორე ტაიმში კი განსაკუთრებულად სახიფათო მომენტების შექმნის ილაჯი არც ერთ გუნდს არ ჰქონდა და გოლი ისევ შემთხვევითობას თუ მიეწერებოდა. ასეც მოხდა და ზედიზედ ხუთი (!) ტყიბულელის საეჭვო შეცდომის შემდეგ, საჩხერელებმა გამათანაბრებელი გოლი გაიტანეს. აი ამის შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო...
თითქოს მავანმა ჯადოქარმა ჯადოსნური ჯოხი აიქნიაო და მთელი “მეშახტე” უცებ გაჩერდა. გაჩერდა და სრულიად აუღელვებლად შესცქეროდნენ თავიანთ კარში გატანილ გოლებს. უფრო მეტიც – მთელი ტრიბუნა, სადაც ტყიბულელი გულშემატკივრები ისხდნენ, ჩაბჟირებამდე იცინოდა იმის ხილვით, ბურთის შემთხვევით მიღების შემდეგ, მეშახტეები შეშინებულები სწრაფადვე როგორ უბრუნებდნენ ბურთს საჩხერელებს. ტყიბულელთა კარში მეორე გოლის გატანაში დიდი როლი შეასრულეს მსაჯებმა, რომლებმაც თამაშგარე მდგომარეობაში ერთდროულად სამი საჩხერელი ფეხბურთელი “ვერ დაინახეს”. ამავე დროს, ორივე გუნდის ფეხბურთელებს პირზე მრავლისმეტყველი ღიმილი დასთამაშებდათ. თვით ჩარლი ჩაპლინსაც კი გაუჭირდებოდა ასეთი სახის მიღება. ანგარიში “ჩიხურას” სასარგებლოდ 1:3 როცა გახდა და საბოლოოდ გაირკვა, რომ მატჩი “სუფთა” არ იყო, ერთ დროს რაიკომის მდივნების ლოჟაში მჯდომი ტყიბულის გამგებელი ორ თანმხლებ კაცთან ერთად წამოდგა და სასწრაფოდ გაეცალა სტადიონს. არ ვიცი, გამგებლისა ერიდებოდათ თუ რა იყო, იმ კაცის წასვლის შემდეგ, ყველა გულშემატკივარმა დაიწყო საუბარი რომ “ამფერი თამაში არ შეიძლება”, “საჩხერელებმა გამარჯვებაში 5 ათასი ლარი გადეიხადეს”, “მეორე ტაიმი რომ ჩაწყობილი იყო, მაგას შტერიც ქე მიხვდებოდა” და სხვა...
საბოლოოდ კი, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ჩემპიონატში, განსაკუთრებით კი რანგით დაბალ ლიგაში ჩაწყობილი თამაშები კვლავ ჩვეულებრივი მოვლენაა და “აგი ვიღას უკვირს ბოშო...”
დაახლოებით 12 წლის წინ, ტყიბულის მატჩის მსგავსი საეჭვო თამაში გორში ჩატარდა. უკვე უმაღლეს ლიგაში დარჩენაგანაღდებულმა “დილამ” ზუგდიდის “ოდიშს” “უჯიგრა” და 3 ქულა ისე გაატანა, რომ გორელთაგან მხოლოდ მათი ახალგაზრდა მეკარე იყო ამ წაგებით დამწუხრებული. ხოლო როდესაც მეკარეც მიხვდა, რომ მისი თანაგუნდელები შეგნებულად არ თამაშობდნენ, კარის ხაზზე ძველი ბიჭივით ჩაიცუცქა და ესოდენ “სასურველი” გოლიც გავიდა.
როდესაც ჩაწყობილ თამაშებზე ვსაუბრობთ და ვწერთ, უპირველესად იკვეთება ერთი გარემოება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ყოველთვის საუბრობდნენ ჩაწყობილი მატჩების აღკვეთაზე და მუდამ იმუქრებოდნენ, მატჩების ჩამწყობებს ამას და იმას ვუზამთო, მაგრამ საქმე საჯარიმო რამდენიმე ასეული (იშვიათად ათასეული) ლარის გადახდის იქით თითქმის არასოდეს წასულა.
მე არ ვიცი “თევზი თავიდან ყროლდება” თუ კუდიდან, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ჩაწყობილი მატჩების მონიტორინგი მხოლოდ ჟურნალისტებისა და გაწბილებული გულშემატკივრების საქმე არ არის და ეს უპირველესად ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ უნდა გააკეთოს.
რა უნდა ისწავლონ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა, რომლებიც ბავშვობიდან ხედავენ, რომ მათ მონდომებაზე მეტად თა¬მაშების ბედს სხვა ფაქტორები წყვე¬ტენ და გულშემატკივრისათვის თვა¬ლებში ნაცრის შეყრა ცხოვრების წესია... ამის შემდეგ, ძალიან ძნელია ეს ყველაფერი ევროსარბიელზე ჩვენი ნაკრებისა თუ კლუბების წარუმა¬ტებლობასთან არ დააკავშირო. მერე კი დასკვნები თავისით კეთდება...
ლევან სეფისკვერაძე









